საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 ივნისს, თბილისის სტადიონ “ავჭალაზე” ერთა თასის წლევანდელი გათამაშების დასკვნით მატჩში უკრაინას დაუხვდება და მისი დასრულების შემდეგ, თასს ჩაიბარებს.
თასს ჩაიბარებსო, როცა ვამბობთ, უნდა დავკონკრეტდეთ, რომ ამისთვის “ბორჯღალოსნებს” ქვედა დონეზე დაქვეითებულ უკრაინასთან 2 ქულის აღება ყოფნით. ამის მიღწევის გზა ორია - მეტოქესთან მატჩის ფრედ დასრულება, ან 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხი და თანაც ისე, რომ ოთხი ლელო გავიტანოთ, რისთვისაც თითო-თითო, ჯამში ორი პრემიალური ქულა დაგვეწერება. ეს თეორიაზეა საუბარი, თორემ თავად უკრაინის ნაკრებშიც ნაკლებად მოიძებნება ისეთი ადამიანი (ჰა, ჰა სამი გადამეტებული ოპტიმისტი...), ვინც საქართველოს ნაკრების მოგებას (თუნდაც ექსპერიმენტული შემადგენლობით) ეჭვქვეშ დააყენებს.
ამ თამაშის ჩატარების თარიღად 9 ივნისის დანიშვნას და ადგილის ავჭალაში შერჩევას წინ დიდი ისტორია უძღოდა. წესითა და რიგით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის დებიუტი სწორედ უკრაინასთან, 4 თებერვალს, დნეპროპეტროვსკში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს ქვეყანა ისე გაიყანა, ზღვაში გასული გემები ყინულებში ჩარჩნენ და -30 გრადუსში რაგბის თამაში კი არა, ჩიტებმაც აიკრძალეს გარეთ ფრენა. არადა, მაშინ უკრაინასთან რომ გვეთამაშა, მერე ესპანეთამდე შეცდომები დაიხვეწებოდა და ის ავადსახსენებელი მარცხი მადრიდში (18:25), აღარ შეგვემთხვეოდა.
გადადებული თამაშის 9 ივნისს ჩატარება მალევე გადაწყდა და სტუმრად უნდა გვეთამაშა, მაგრამ როდესაც საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეზე მიმავალ გუნდს უკრაინის გავლით უგზო-უკვლო მოგზაურობა უწევდა, უკრაინელებს თბილისში გასეირნება შესთავაზა. ეს უწინარესად ჩვენი გუნდის უკეთ მოსამზადებლად (ამერიკა-კანადის ტესტ-მატჩების წინ) იყო მომგებიანი. ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელი იყო (ამ კუთხით, უკრაინელებისთვისაც). მეგობარმა უკრაინელებმა წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღეს, წინააღმდეგი არც ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაცია (FIღA) წავიდა და ქართველი გულშემატკივარიც მრავალი სიხარულის მომტან “ბორჯღალოსნებს” ტაშით კიდევ ერთხელ დააჯილდოვებს.
19 მაისამდე იყო ვარაუდი, რომ თასის ასამართად უკრაინასთან პრემიალური ქულით მოგება დაგვჭირდებოდა, მაგრამ ამ დღეს რუსეთმა ესპანეთს 41:37 სძლია და ჩვენი ამოცანაც გაიოლდა, თუმცა, კიდევ გავმეორდებით და ვიტყვით, რომ უკრაინის რაგინდარა ანგარიშით ძლევა, საქართველოს ნაკრებისთვის დღესდღეობით გადაუჭრელი ამოცანა სულაც არაა. ისე, უკრაინელებს მთლად ასეც ნუ გავაცამტვერებთ და გავიხსენოთ, რომ მას შემდეგ, რაც გუნდი ზაზა ლეჟავამ ჩაიბარა, რუსეთთან სულ რაღაც 19:38 წააგეს, ხოლო პორტუგალია 35:33 დაამარცხეს და ქვედა დივიზიონში დაშვების წინ კუდის მოქნევა ახლაც სწადიათ.
საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩის და ტურნეს წინ მზადება ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო. მილტონ ჰეიგმა 32 მორაგბე შეარჩია, რომელთა წაყვანაც ამერიკულ ტურნეზე უნდა და რომელთაც მანამდე უკრაინელების წინააღმდეგ ათამაშებს, მაგრამ შეკრებაზე ყველა დროულად ვერ გამოცხადდა და ოთხშაბათის ღია ვარჯიში 26-მა მორაგბემ ჩაატარა. წინასწარ გამოცხადებულ სიაში ერთი ახალი სახე იყო - “არმიას” მესამეხაზელი გიორგი კალმახელიძე, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისური აქამდე არ მოურგია, თორემ 7-კაცა ნაკრებში ორი წელია, ბურთაობს და ახლახან კახა ალანიას ლიონის გრან პრიზეც ყავდა წაყვანილი.
წინასწარი 32 კაციდან ვარჯიშზე არ იყვნენ დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, ბექა შეყლაშვილი, ლევან ჩილაჩავა, დიმიტრი ბასილაია, შალვა სუთიაშვილი და ბექა ბიწაძე. სამწვრთნელო შტაბი ზირაქაშვილს ხვალ დილისთვის ელის და ზემოთ ნახსენები მორაგბეებიდან გუნდს რამდენიმე ამერიკული ტურნის დაწყებამდე თუ ვერა, მერე მაინც შეუერთდება. მათ ნაწილს ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი კიდევ სათამაშო აქვს, ნაწილი ახალ კლუბთან აფორმებს კონტრაქტს, ზოგისთვის კი, სეზონი ახლახან დასრულდა და უბრალოდ, ჩამოსვლა დაუგვიანდა.
ვერც უკრაინასთან და ვერც ამერიკულ ტურნზე, გუნდს ტრავმების გამო ვერ გაყვებიან გიორგი შკინინი, დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, იური ნატრიაშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნემსაძე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ, დაისვენებენ. აქამდე ასე იყო და ალბათ ახლაც ასეა - სრკ-ს ცნობით, გიორგი ჟღენტს ნაკრებში ეძახიან, მაგრამ ის სხავადსხვა მიზეზების გამო შეკრებებზე არ ცხადდება.
იმ შემადგენლობაში, რომელიც უკრაინასთან თამაშისთვის ემზადება, სამი დებიუტანტია - ირაკლი მირცხულავა “ტარბიდან”, დავით ჩიტიძე “არმიიდან” და გიორგი თხილაიშვილი ასევე “არმიიდან”. ამ სამეულმა ეროვნული გუნდის თავკაცს თავი საქართველოს “ა” ნაკრების ბრიტანული ტურნეს დროს მოაწონა. “ა” ნაკრებიდან ეროვნულში დაწინაურდა ლოკომოტიველი ბაჩუკი გუჯარაიძე, ხოლო დაბრუნდა - ლექსო გუგავა “ლელოდან”, რომელზეც ჰეიგმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, ის “ბორჯღალოსანთა” წევრი იქნებაო. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ზვიად და ვახტანგ მაისურაძეები, ასევე, ლაშა ხმალაძე, რომელთაც პირველად მოუწევთ ჰეიგის ხელმძღვანელობით თამაში, ისევე, როგორც ზირაქაშვილს.
თითქმის ორსაათიანი ვარჯიში პასის დახვეწით დაიწყო. მერე გუნდები ჯგუფებად დაიყვნენ და რაქიდან სწრაფი კომბინაციების გათამაშებაზე ივარჯიშეს, ხოლო ბოლოსკენ, შეტევასა და დაცვაში ორმხრივ თამაშთან მიახლოებული ვარიანტით წაივარჯიშეს. სავარაუდოდ, უკრაინასთან მატჩში და ამერიკულ ტურნეზე შერკინების მესამე ხაზს დაუბრუნდება გიორგი ჩხაიძე, რომელიც ჰეიგმა ბოლო დროს მეორე ხაზში მოსინჯა. სიახლეებს უნდა ველოდოთ შერკინების პირველ ხაზში, რაც შემადგენლობიდან გამომდინარე ბუნებრივიცაა.
ორმხრივ თამაშთან მიახლოებული ვარჯიშის საწყის ეტაპზე, ზელანდიელნმა ასეთი შემადგენლობა დააყენა: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ლაშა მალაღურაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 8. ზვიად მაისურაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 4. ბაჩუკი გუჯარაიძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 2. რევაზ ბელქანია, 1. მიხეილ ნარიაშვილი. ოფიციალურად, უკრაინასთან სამატჩო შემადგენლობა ხვალ საღამოს გაცხადდება და ჰეიგის რჩეულთა ვინაობაც საბოლოოდ მაშინ გაირკვევა.
“6 დღეა, რაც დღეში ორჯერ, სრული დატვირთვით ვვარჯიშობთ. გუნდში რამდენიმე ახალი მორაგბე გვყავს, რომელთა გამოცდასაც ვაპირებთ. ჯერჯერობით, ყველაფრით კმაყოფილები ვართ და იმედია, უკრაინასთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით”, - თქვა ჰეიგმა ვარჯიშის შემდეგ.
35 წლის ირაკლი აბუსერიძეს “ბორჯღალოსანთა” კვართი აქამდე ყველაზე მეტჯერ აქვს მორგებული და უკრაინის წინააღმდეგ თავის მე-80 შეხვედრას გამართავს ბორჯღალოიანი მაისურით: “სასიხარულოა, რომ უკვე 80 კეპი მომიგრივდა, მაგრამ მე ყველა თამაშისთვის ისე ვემზადები, თითქოს პირველად გავდიოდე მოედანზე. ვეცდები, ჩემს მეგობრებს ახლაც უწინდებური შემართებით წავუძღვე და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო. უკრაინას დასაკარგი არაფერი აქვს. მერე რა, რომ მეტოქე აუტსაიდერია? ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს შესასრულებელი და ერთა თასის კიდევ ერთხელ მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ. გვაკლია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ გვაქვს ის მოტივაცია, რასაც ქართველი ხალხის გახარება ჰქვია.
რა თქმა უნდა, ეს თამაში ამერიკული ტურნეს წინ მოსამზადებელ მატჩადაც განიხილება. გუნდში მრავლად არიან ახალი მორაგბეები, გვაქვს ხარვეზები, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებულები და დახვეწილები. ყველა ეს ნაკლი გამოსასწორებელი გვაქვს. ამერიკა-კანადა რევანშის ასაღებად ემზადება და რომ არ შევრცხვეთ, სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. სარეიტინგო თამაშებია, გამარჯვება გვწყურია და წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ იქაც მხოლოდ მოსაგებად მივდივართ. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გადაწყდება”.
23 წლის პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა Pრო D2-ის “ტარბში” თბილისის “ლელოდან” გადავიდა. საფრანგეთის “ელიტა 2”-ში რამდენიმე თამაში ჩაატარა, ეროვნული გუნდის თავკაცებს კი, თავი საქართველოს “ა” ნაკრებთან ერთად ბრიტანულ ტურნეზე მოაწონა და ახლა ეროვნულში დამსახურებული დებიუტი ექნება: “ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ მეტოქის დაუფასებლობა ხშირად გამხდარა მარცხის მიზეზი და ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ უკრაინელთა დასამარცხებლად. პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ. ამისათვის ყველა მობილიზებულია და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ქართველი ხალხი გავახაროთ. მწამს, ამ თამაშს მოვიგებთ. გახარებული ვარ ნაკრებში გამოძახებით. ამით ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა. ეს იქნება ის თამაში, სადაც უნდა დავამტკიცო, რომ ნაკრებისთვის გამოსადეგარი კაცი ვარ. იმან, რომ დებიუტი მექნება, ხელი არ უნდა შემიშალოს შესაძლებლობების წარმოჩინებაში და ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ეროვნულ გუნდში კიდევ არაერთხელ გამოვჩნდები”.
საქართველოს ნაკრებში ივარჯიშეს: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 3 კეპი, 0 ქულა), რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 7, 5 ქულა), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი, 0, 0), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 4, 0), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 12, 0), ბაჩუკი გუჯარაიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 1, 0), გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 56, 35), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 9, 0), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 30, 30), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 0, 0), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 79, 35), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 4, 0), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 12, 5), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 34, 100), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 51, 60), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 54, 100), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 4, 5), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 23, 25), სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 32, 5), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 6, 21), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 2, 5).
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)
17 მარტი
საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)
31 მარტი
რუმინეთი - უკრაინა 71:0 (26:0)
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი 41:37 (21:6)
1 | ესპანეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 133-100 | 16 |
2 | რუმინეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 136-39 | 16 |
3 | საქართველო | 4 | 3 | 0 | 1 | 115-45 | 15 |
4 | რუსეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 112-159 | 14 |
5 | პორტუგალია | 5 | 1 | 0 | 4 | 102-132 | 7 |
6 | უკრაინა | 4 | 1 | 0 | 3 | 60-183 | 5 |
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია