საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრები, შაბათ-კვირას ბელგიაში, ევროპის “ბ” დივიზიონის მატჩებს გამართავს და “ა” ჯგუფის საგზურთან ერთად, 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის საგზურის მოპოვებასაც ეცდება.
საქართველოს ნაკრები რამდენიმე წელია მესამე, “ბ” დივიზიონში გამოდის და შარშან “ა” დივიზიონთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ერთადერთი შეხვედრა ნახევარფინალში დათმო, ჯამში მე-3 ადგილი დაიკავა და კვლავ “ბ” დივიზიონში დარჩა. წელს მიზანი კვლავ ფინალში გასვლაა, რადგან “ა” დივიზიონის საგზურს სწორედ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდი იღებს. ეს ორი გუნდი, “ა” ჯგუფის ორ საუკეთესო ნაკრებთან ერთად, ევროპის მოწინავე 12 ნაკრებს დაემატება და მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობისთვის კარგად მოსამზადებლად ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა - ოდესაში და რომში. იქ ქართველმა გოგონებმა ელიტარული დივიზიონის ნაკრებებთან მოსინჯეს ძალა და ბელგიაშიც მიზნის შესრულების იმედად გაემგზავრნენ. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ფინეთის, ნორვეგიის, მალტის და შოტლანდიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი და ირლანდია არიან. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში აგრძელებს ბრძოლას. ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება.
საქართველოს ნაკრები: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ლელა გოქსაძე, ელენე გიგილაშვილი, ნანა გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნანა კაშია, მარეხ მაისურაძე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია