ამბები

20:29 | 8.06.2012 | ნანახია 3230 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “უკრაინას სრული სერიოზულობით ვეთამაშებით”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ, 17:00 საათზე, “ავჭალის” სტადიონზე 2012 წლის ერთა თასის დასკვნით მატჩს გამართავს და მეტოქის ძლევით ტიტულს შეინარჩუნებს.
ის, რომ ქართველი მორაგბეები გამარჯვებას მოიპოვებენ და თასს შეინარჩუნებენ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან უკრაინა არაა ის მეტოქე, რომლსაც “ბორჯღალოსნებისთვის” პრობლემის შექმნა შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს გზაზე შემდგარი გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, მომავალი დაპირისპირების მნიშვნელობას სათანადოდ აფასებს.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ახლაც ველი, რომ გუნდი ემოციურ თამაშს ჩაატარებს. შერკინებით უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა და მერე თამაში მთელს მოედანზე გავშალოთ. ესაა ჩვენი პრიორიტეტი და მაყურებელიც სიახლეებს მრავლად იხილავს. საფრანგეთში მოთამაშე მორაგბეებთან დაკავშირებით, პრობლემები გვქონდა და ამიტომ, მე რეგულარულ ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებს მუდმივად ვაკვირდებოდი. ვისაც პოტენციალი აქვს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ერთ-ერთია ბაჩუკი გუჯარაიძე, რომელიც გამოირჩევა სიმაღლით და ფიზიკური გამძლეობით. ახლა მან უნდა დაამტკიცოს ის, თუ რა შეუძლია.
“ა” ნაკრების ბრიტანული ტურნეს მიზანი სწორედ ის იყო, რომ ბიჭების, უახლოესი რეზერვის შესაძლებლობები გვენახა და იქიდან ეროვნულში კიდევ რამდენიმე მოთამაშეა გამოძახებული. მთავარია, რომ გუნდის კანდიდატთა რიცხვი გაიზარდოს. უკვე 5 თვე საქართველოში ვიმყოფები და თავიდან ბიჭებს ახალ სტილთან შეგუება უჭირდათ, მაგრამ ნელ-ნელა გაშლილ თამაშს მიეჩვივნენ და რუსეთთან ამ ეტაპისთვის საუკეთესო მატჩი გვქონდა. მას შემდეგ, ბიჭებმა ინდივიდუალური დავალებები კარგად შეასრულეს და კიდევ უკეთეს ფორმაში არიან. ეს მაქსიმუმი არაა და ჩვენი თამაშის ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწება.
უკრაინის ნაკრებთან თამაშის შემდეგ, ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მივდივართ, სადაც აშშ-სა და კანადის ძლიერ ნაკრებეთან მოგვიწევს თამაში. იქ წარმატებით სათამაშოდ, აუცილებელია ხვალ ვაჩვენოთ საინტერესო თამაში და ჩვენი ძალების ვირწმუნოთ. უკრაინასთან მატჩს ზერელედ არ ვუდგებით და ეს უნდა იყოს საწინდარი, მომავალი წარმატებებისა”.
გიორგი ნიჟარაძე (სრკ-ს პრეზიდენტი): “უკრაინასთან მატჩი ტურნეს წინ მოსამზადებელ შეხვედრად განიხილება. 13 ძირითადი შემადგენლობის მორაგბე გვაკლია და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ. წლის დასაწყისშიც ვთქვით, რომ ეს წელი მორაგბეების შერჩევას უნდა დათმობოდა. ამიტომ, თუ აშშ-სთან და კანადასთან სასურველი შედეგი ვერ იქნება, ნურავინ დაგვძრახავს. ჩვენ წასაგებად არ მივდივართ, გვესმის იმ გულშემატკივრისაც, ვისაც რეიტინგი ანაღვლებს, მაგრამ ეს არაა გადამწყვეტი. ამიერიდან, ჩვენ ყოველ წელს გვექნება სერიოზული ტესტ-მატჩები და დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან საქართველოში, ივნისში, ტრადიციული ტურნირი ჩატარდება.
მე მწვრთნელების მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან რომელიმე მორაგბეს კი არ ერგება სათამაშო სქემა, სქემას ერგებიან მორაგბეები. ასეთივე სქემით ითამაშებს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები და მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება. აშშ-სთან მატჩის შემდეგ, მე მათ 2 თამაშს დავესწრები, მერე დავბრუნდები ეროვნულ გუნდთან და კანადასთან ჯახის შემდეგ, მე და მილტონი 20-წლამდელთა ნაკრებს შევუერთდებით. მინდა გაცნობოთ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება და ამიერიდან ბრიტანულ გუნდებში ქართველი მორაგბეები უპრობლემოდ ითამაშებენ, ანუ, სავიზო პრობლემები აღარ შეექმნებათ”.
ზაზა ლეჟავა (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “როდესაც შენზე ძლიერ გუნდს ეთამაშებნი, მოტივაცია თავისთავად გიჩნდება. თითქმის ძირითადი შემადგენლობით ჩამოვედით, მაგრამ გვეყოლება ახალგაზრდებიც, რომელთაც რამდენიმეწუთით მაინც, აუცილებლად ვათამაშებ. საქართველოს ნაკრები ის მეტოქეა, რომლთანაც შესუსტებული შემადგენლობით თამაშს ვერ იკადრებ”.
ნიკალაი კირსანოვი (უკრაინის ნაკრების კაპიტანი): “ჩვენთვის მთავარია, რაგბი ისე შევიყვაროთ, როგორც ქართველებს გიყვართ და მერე წარმატებებიც იქნება. ხვალ ვეცდებით, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაგიწიოთ”.
ევროპული რაგბის მმართველებიდან, ხვალინდელ თამაშს არავინ დაესწრება და “ბორჯღალოსნებსაც” თასს მატჩის კომისარი გადასცემს.

2012 წლის ერთა თასი რაგბიში
9 ივნისი. შაბათი
თბილისი. ავჭალა. 17:00 საათი
უკრაინა - საქართველო
საქართველო:
15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 6 თამაში, 21 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 54, 100), 13. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 4, 5), 12. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 34, 100), 11. ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 23, 25), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 12, 5), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 79, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 3, 0), 2. რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 7, 5 ქულა), 3. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი, 0, 0), 4. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 12, 0), 5. ბაჩუკი გუჯარაიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 1, 0), 6. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 56, 35), 7. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 0, 0), 8. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 30, 30).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 4, 0), 17. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 31, 35), 18. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), 19. გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 4, 0), 21. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 51, 60), 22. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 2, 5).
განაცხადში არ არიან და ამერიკაში მიდიან: დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 9, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 32, 5).

2012 წლის ერთა თასი
 4 თებერვალი

 რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 
11 თებერვალი
 ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
 პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
 საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
 რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
 უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი
 რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
 რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
 პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)

17 მარტი
 საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
 ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
 უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)


 31 მარტი
 რუმინეთი - უკრაინა 71:0 (26:0)


19 მაისი
 რუსეთი - ესპანეთი 41:37 (21:6)

 

1 ესპანეთი 5 3 0 2 133-100 16
 2 რუმინეთი 5 3 0 2 136-39 16
3 საქართველო 4 3 0 1 115-45 15
4 რუსეთი 5 3 0 2 112-159 14
5 პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6 უკრაინა 4 1 0 3 60-183 5


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087286