ამბები

14:52 | 9.06.2012 | ნანახია 1875 - ჯერ

ზელანდიაც წააქციეს

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის მე-2 ტურმა ცხადყო, რომ პირველ წრეში სენსაციები ამაოდ არ მომხდარა და რომ არც ახალი ზელანდიაა დაუმარცხებელი.
2008 წლიდან გუშინდლამდე ყველა ახალგაზრდული მსოფლიო თასის მომგები “ოლ ბლექსი”, რომელიც 21 მატჩში ბეჭდაუდებელი იყო, გუშინ უელსმა წამოაქცია და ჯგუფის ლიდერობასთან ერთად, უმთავრეს ფავორიტადაც იქცა.
თამაში დაძაბული გამოდგა და აქამდე ლელოების ფოირვერკის მომწყობი ზელანდია, უელსმა საკუთარ საჯარიმოს არ გააკარა. საქმე ჯარიმებზე მიდგა, ზელანდიელებმა ხუთიდან 2 შანსი გამოიყენეს, ორივე პირველ ტაიმში; უელსმა შვიდიდან 3 დარტყმა შეასრულა ზუსტად, მათგან 2 მე-2 ნახევარში და 9:6 იმარჯვა.
ახლა მათ, თასის ნახევარფინალში პირველი ადგილით გასასვლელად, იმ სამოას ძლევა მოუწევთ, რომელმაც უძლიერეს 12-ში თამაშის უფლება შარშან თბილისის ტურნეს მოგებით მოიპოვა, მე-2 ტურში კი, ფიჯისთან 3:15 შერცხვა. ფიჯელებმა 3 ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერცერთი რეალიზაცია გამოიყენეს, პასუხად კი, 30-ე წუთზე ჯარიმა მიიღეს. ფიჯიმ გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით ათ წუთში მოიპოვა და 2 ლელო გაიტანა.
ახლა, ახალ ზელანდიას, ჯგუფის საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით თასის ნახევარფინალში გასასვლელად, სამოას დიდი სხვაობით, პრემიალური ქულით დამარცხება მოუწევთ.
მე-2 ჯგუფში ინგლისი გალიდერდა, რომელმაც კერკეტი კელტები, პირველ ტურში მასპინძელთა გუნდის შემარცხვენელი ირლანდია 20:15 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ირლანდიელებმა 2 ლელო გაიტანეს, თითო რეალიზაცია და ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 15:3 მოიგეს, მაგრამ დასკვნით ოც წუთში გატყდნენ. მანამდე გაშვებულ ჯარიმას, კიდევ 2 ლელო-გარდასახვა მიაყოლეს და თასის ნახევარფინალში თამაშის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს.
სამხრეთ აფრიკამ იტალია არ დაინდო, 8 ლელო გაუტანა, 52:3 იმარჯვა და ინგლისთან ჯახის წინ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა.
მე-3 ჯგუფში, საფრანგეთის გამწარების შემდეგ, 2 ლელო, 1 გარდასახვა და ერთიც ჯარიმა გაუტანა არგენტინამ ავსტრალიას და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ახლა, სამხრეთამერიკელებს შოტლანდიაღა ჰყავთ დასამარცხებელი და ნახევარფინალში გავლენ.
შოტლანდიამ საფრანგეთთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და გადამწყვეტი ლელო საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გაუშვა. ფრანგებმა 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღეს, 30:29 იმარჯვეს და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.  

2012 წლის მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
სამხრეთ აფრიკა. 4-22 ივნისი. I ტური
A ჯგუფი

უელსი - ფიჯი 44:18
ახალი ზელანდია - სამოა 63:0
8 ივნისი
ფიჯი - სამოა 15:3
ახალი ზელანდია - უელსი 6:9

 

1 უელსი 2 2 0 0 53-24 9
2 ახალი ზელანდია 2 1 0 1 69-9 6
3 ფიჯი 2 1 0 1  33-47  4
 4 სამოა 2 0 0 2 3-78 0



12 ივნისი
უელსი - სამოა
ახალი ზელანდია - ფიჯი

B ჯგუფი
ინგლისი - იტალია 64:5
სამხრეთ აფრიკა - ირლანდია 19:23
8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა - იტალია 52:3
ინგლისი - ირლანდია 20:15

 

1 ინგლისი 2 2  0  0 84-20 9
2 სამხრეთ აფრიკა 2 1  0 1 71-26 6
3 ირლანდია 2 1 0 1  38-39 5
4 იტალია 2 0 0 2 8-116 0


12 ივნისი
ირლანდია - იტალია
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი

С ჯგუფი
ავსტრალია - შოტლანდია 67:12
საფრანგეთი - არგენტინა 15:18
8 ივნისი
ავსტრალია - არგენტინა 3:15
საფრანგეთი - შოტლანდია 30:29

 

1 არგენტინა 2 2 0 0 33-18 8
2 საფრანგეთი 2 1 0 1  45-47 6
3 ავსტრალია 2 1 0  1 70-27 5
4 შოტლანდია 2 0 0 2 41-97 1


12 ივნისი
არგენტინა - შოტლანდია
საფრანგეთი - ავსტრალია

17 ივნისი. ნახევარფინალები
22 ივნისი. ფინალები


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.154578