ამბები

22:11 | 9.06.2012 | ნანახია 4355 - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი შეინარჩუნა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 2012 წლის ერთა თასის გადადებულ, დასკვნით მატჩში უკრაინა 33:3 დაამარცხა და ევროპული თასი შეინარჩუნა, მაგრამ უშუალოდ მოედანზე ნანახმა, ჩრდილოამერიკულ ტურნეს გზაზე შემდგარი გუნდისგან, ქართველ გულშემატკივარს მეტის სურვილი დაუტოვა.
ამერიკისა და კანადის ნაკრებები, უკრინისას ათი თავით რომ სჯობნიან, არახალია. შესაბამისად, მათთან ასეთი თამაშით, დიდი სხვაობით მარცხი გარდაუვალი რომ იქნება, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ იმედს იძლევა ის, რომ ხარისხის დაბალი დონე, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ ნამატჩევსვე აღნიშნეს და გამოსავალზეც ისაუბრეს. არადა, გუნდმა მოიგო, ხუთი უპასუხო ლელო გაიტანა და თითქოს, საკამათოც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ მეტოქე დაქვეითებული უკრაინის ნაკრები იყო და მასთან უამრავი პრობლემა გამოჩნდა. არადა, მეტოქე ჩვენი შესადარიც არაა...
გუნდმა დაუშვა უამრავი ტაქტიკური თუ ტექნიკური შეცდომა. ბურთი არ იშლებოდა ისე, როგორც ჰეიგს სურდა და რასაც ბოლო დროს, ასე თუ ისე შევეჩვიეთ, მაგრამ არც ძალისმიერ თამაშში გამოვირჩეოდით და კვლავაც ხშირი იყო ბურთის წინ ვარდნა. არადა, ამაზე გუნდი გამუდმებით მუშაობს და მატჩამდე, მწვრთნელი გარკვეულ სიურპრიზებსაც გვპირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, შემადგენლობის ცვალებადობა, დადებით ცვლილებებზე უარყოფითად აისახება...
“კმაყოფილი ვარ ერთა თასის მოგებით, მაგრამ თამაშის ხარისხით, დავალებების ტექნიკური შესრულებით, უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს შედეგზეც აისახა. 5 ლელო გავიტანეთ და იყო დადებითი მომენტები, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.
ეს, გარკვეულწილად, ახალწვეულების ბრალია, რომლებიც მრავლად იყვნენ გუნდში. ამასთან, წინა თამაშის შემდეგ დიდი პაუზა გვქონდა და ჩვენს თამაშზე ესეც უარყოფითად აისახა. მიუხედავად ყველაფრისა, დებიუტანტებმა დაამტკიცეს, რომ ეროვნული გუნდის მაისურის ტარების ღირსნი არიან. უმთავრესი პრობლემა შეუთამაშებლობა იყო და ეს, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს”, - თქვა ნამატჩევს მილტონ ჰეიგმა.
“ცუდია, რომ ერთიდაიმავე შემადგენლობით არ გვიწევს თამაში. ძნელია, კარგად ითამაშო, როდესაც შემადგენლობის 60 პროცენტი ერთბაშად იცვლება. ვეცდებით, ხარვეზები გამოვასწოროთ და ამერიკასთან და კანადასთან წარმატებით ვითამაშოთ. ჩვენს მომავალ მეტოქეებს ხაზიც ძლიერი ჰყავთ და შერკინებაც. ამიტომ, მაგრად გაგვიჭირდება”, - დაამატა გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც უკრაინასთან მატჩში “ბორჯღალოსანთა” კვართი მე-80-ედ მოირგო.
საქართველოს ნაკრები აშკარად ჯობდა მეტოქეს კლასში, მაგრამ ძალიან ხშირად, შეცდომების გამო, დაცვაში უწევდა თამაში და იყო რამდენიმე წუთიანი ეპიზოდები, როდესაც უკრაინელებს სალელოვე შანსები ეძლეოდათ. მათ ამით ვერ ისარგებლეს, ცოდნა დააკლდათ, პირველი ლელო კი, მერაბ შარიქაძემ მეტოქის შეცდომის წყალობით გაიტანა, როდესაც ბურთს ფეხი წაჰკრა, მიჰყვა, აიტაცა და დაამიწა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. მიუხედავად უამრავი შანსისა, მეორე ლელო მხოლოდ 34-ე წუთზე გავიდა, როდესაც ყიასაშვილმა ფეხით გადაკიდებული ბურთი დაიჭირა, წინ დაიძრა და რაქიდან რამდენჯერმე სწრაფად გათამაშების შემდეგ, ჰეიგის ხელმძღვანელობით პირველად მოთამაშე ვახტანგ მაისურაძემ ხაზი გადაკვეთა, ხოლო ყიასაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა - 14:0.
დაიწყო მეპრე ტაიმი და ვახტანგ მაისურაძემ თავისი მეორე ლელო მიითვალა, მაგრამ თამაში ისევ ვერ დალაგდა. უკრაინელებმა მალე ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მერე კი, ირაკლი მაჩხანელმა წყვილი ლელო მიითვალა და საუკეთესო მელელოვეებში მამუკა გორგოძეს გადაასწრო. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. იმავე მაჩხანელმა, რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, ძლიერი მეტოქე უცილობლად დაგვალელოვებდა, ჯამში კი, საქართველოს ნაკრების შეცდომათა რიცხვი, შეიძლება, სარეკორდოც იყოს და კიდევ კარგი, ეს ყველაფერი უკრაინასთან მოხდა. მთავარი მაინც ისაა, მატჩი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, ამერიკის ტურნეს წინ შეცდომები თვალნათელი გახდა და ჰეიგმაც ნაკრების კანდიდატთა კიდევ ერთი ნაწილი საქმეში იხილა.
ზაზა ლეჟავა (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მადლობა, საქართველოს ნაკრებს ასეთი თამაშისთვის. მეტოქის შეფასება არ მჩვევია, მაგრამ ქართველებს ნაღდად შეეძლოთ უფრო დიდი სხვაობით მოგება. იმედია, მომავალში კიდევ შევხვდებით”.

2012 წლის ერთა თასი რაგბიში. გადადებული
9 ივნისი. შაბათი
თბილისი. ავჭალა. 1500 მაყურებელი
უკრაინა - საქართველო 3:33 (0:14)
საქართველო:
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა (22. ბექა წიკლაური 73), 10. ლაშა ხმალაძე (21. დავით კაჭარავა 52), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. გიორგი ბეგაძე 52); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. დავით ზირაქაშვილი 52), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი 60), 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ვახტანგ მაისურაძე (18. ბექა ბიწაძე 60), 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გიორგი ჩხაიძე (19. გიორგი კალმახელიძე 73), 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.
განაცხადში არ იყვნენ და ამერიკაში მიდიან: დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 9, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 32, 5).
5 ლელო: შარიქაძე, ვ. მაისურაძე (2), მაჩხანელი (2)
4 გარდასახვა: ყიასაშვილი

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)

11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
 
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
რუსეთი - რუმინეთი 0:25 (0:12)
უკრაინა - ესპანეთი 6:41 (6:20)
 
10 მარტი
რუსეთი - უკრაინა 38:19 (21:12)
რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)
პორტუგალია - ესპანეთი 23:17 (6:8)

17 მარტი
საქართველო - რუსეთი 46:0 (17:0)
ესპანეთი - რუმინეთი 13:12 (3:6)
უკრაინა - პორტუგალია 35:33 (13:16)

31 მარტი
რუმინეთი - უკრაინა 71:0 (26:0)

19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი 41:37 (21:6)
 

1 საქართველო 5 4 0 1 148-48 20
2 ესპანეთი 5 3 0 2 133-100 16
3 რუმინეთი 5 3 0 2 136-39 16
4 რუსეთი 5 3 0 2 112-159 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 102-132 7
6 უკრაინა 5 1 0 4 63-216 5


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079567