ამბები

11:08 | 10.06.2012 | ნანახია 1911 - ჯერ

გოგონები “ა” ჯგუფს და მსოფლიოს მიუახლოვდნენ

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ გენკში მიმდინარე 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის “ბ” ჯგუფის და 2013 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღე წარმატებით დაასრულა.
ქართველმა გოგონებმა პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის სამი თამაში გამართეს და მეტოქები იოლად, ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს, თუმცა, მთავარი მატჩები დღესაა გასამართი და სწორედ მათ შედეგზე იქნება დამოკიდებული, მოხვდებიან თუ ვერა პალიკო ჯიმშელაძის შეგირდები იმ ორ საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც გაისად “ა” ჯგუფში ითამაშებენ, წელს კი, შუა ზაფხულში მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.
სამი მოგება ისედაც კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩებში მოლოდ ერთი ლელო გაუშვა, თავად კი, 18 გაიტანა. პირველი მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელსაც ქართველმა გოგონებმა შვიდი უპასუხო ლელო გაუტანეს, ხუთი რეალიზაცია გამოიყენეს და 45:0 იმარჯვეს. მალტასთან შედეგო ცოტა მოკრძალებული იყო და მხოლოდ 26:0 იმარჯვეს, ანუ იმ ანგარიშით, რომელიც ნორვეგიასთან პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა. მალტელებთან საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამო ლელო გაიტანა, სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, შესვენების შემდეგ კი, ერთი ლელო იკმარა.
დღის ბოლო მატჩის პირველი ტაიმი შედარებით დაძაბული გამოდგა. მართალია, ქართველმა გოგონებმა ნორვეგიას სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს და შესვენებაზე გასვლისას 15:5 იგებდნენ. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და 37:5 იმარჯვა. ჯგუფის დასკვნით თამაშს ჯიმშელაძის შეგირდები ერთ-ერთ ფავორიტ შოტლანდიასთან გამართავენ, რომელმაც ფინეთი 59:0 გაანადგურა, ნორვეგია - 46:0, ხოლო მალტას 29:5 აჯობა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამ თამაშით გაირკვევა იქ პირველი ადგილით მოხვდება, თუ მეორეთი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ნახევარფინალში მეტოქედ ირლანდია გვეყოლება, თუ მასპინძელი ბელგია. ირლანდიელები შოტლანდიასთან ერთად ფავორიტები არიან და მათთან ჯახს ისევ ბელგიის წინააღმდეგ თამაში უნდა ჯობდეს. ისე, ირლანდია და შოტლანდია ევროპის დანარჩენ გუნდებს ახლა გაუტოლდნენ, რადგან წელს მსოფლიო თასის საგზური თამაშდება, “ბ” ჯგუფშიც ამის გამო არიან, თორემ საქართველოს ნაკრებს ვერავინ რომ ვერ შეაჩერებდა, ცხადზე ცხადია.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080118