საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეებმა - აშშ-ისა და კანადის ნაკრებებმა 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველი ტესტ-მატჩი გამართეს. ევროპული გუნდების დახვედრამდე, ჩრდილოამერიკელებმა ერთმანეთში მოსინჯეს ძალები და კინგსტონში კანადამ 28:25 იმარჯვა.
თამაშს 7521 მაყურებელი დაესწრო და კანადელებს პირველად უკაპიტნა აარონ კარპენტერმა. ეს მისი 43-ე კეპი იყო ეროვნულ გუნდში და გადამწყვეტი ლელოც მის ანგარიშზეა. ჯამში გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, მატჩის ბედი კი, ჯეიმს პრიტჩარდის და უილ ჰოლდერის დარტყმებმა გადაწყვიტა. პრიტჩარდმა ექვსიდან ხუთი დარტყმა გამოიყენა, აქედან სამი ჯარიმა და ორი გარდასახვა იყო, რაზეც ამერიკელმა მხოლოდ ორ-ორი ჯარიმით და გარდასახვით უპასუხა.
მატჩი მასპინძელი კანადის უპირატესობით დაიწყო. კანადელები ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქეზე დაწოლას აძლიერებდნენ. მეტ ევანსის პირველი გარღვევა, რასაც ბურთის ფეხით შეგორება მოყვა, ლელოთი ვერ დაგვირგვინდა, მაგრამ მე-4 წუთზე, იგივე ევანსი 22-ის ხაზიდან ამერიკელ მცველებს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო პრიტჩარდმა რეალიზაცია გამოიყენა. აშშ-მ ოთხ წუთში უპასუხა. ლელო უკანა ხაზის კარგი თამაშის შედეგად გავიდა. ბურთი შუამარბმა პოლ ემერიკმა მიიღო, ხაზი გაჭრა და იერიში ფულბეკ კრის უაილესს გააგრძელებინა, მან საქმეში გარემარბი ლუკ ჰიუმი ჩართო, რომელიც მცველებს დაუსხლტა და ლელო ალამთან გაიტანა. უილ ჰოლდერს გარდასახვა გაუცუდდა და კანადამ ლიდერობა შეინარჩუნა.
კანადამ მე-12 წუთზე მეორე ლელო გაიტანა. მასპინძელთა კაპიტანმა კარპენტერმა ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-ში შევიდა, მოლიდან ბურთი შონ უაიტმა აიტაცა, სირან ჰერნი მოძებნა მან ბურთი კუთხეში დაამიწა, ხოლო პრიტჩარდმა გარდასახვა გამოიყენა. 30-ე წუთამდე, ამერიკელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს (უილ ჰოლდერი), პრიტჩარდმა ერთი და ანგარიში 17:11 გახდა. მერე “არწივებმა” კანადელთა 22-ში მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს, ჯეიმს პატერსონმა ხაზი გაჭრა და ლელო მიითვალა, ხოლო ჰოლდერმა გარდასახვით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ 34-ე წუთზე პრიტჩარდმა ჯარიმით კანადელები დააწინაურა და ტაიმი 20:18 მოაგებინა.
მეორე ტაიმი აშშ-მ კვლავ ცუდად დაიწყო, კანადა ბურთს მეტოქის ნახევარზე აკონტროლებდა, “არწივები” დაჯარიმდნენ და პრიტჩარდმა მასპინძლების უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა. 50-ე წუთზე მიკ შოლცმა გაჭრა ამერიკელთა დაცვის ხაზი და ის ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერეს, რაქიდან გადაცემა ჰუბერტ ბაიდენსის მისამართით გაკეთდა, მაგრამ მას ბურთი უკან დაუვარდა. მორიგი რაქიდან გამოვარდნილი ბურთი “არწივების” კაპიტან ტოდ კლევერს უნდა აეღო, მაგრამ ჩონსი ოტულამ მას ფეხი დაუდო და სინბინით დაისაჯა.
აშშ-მ მეტოქბის გამოყნება სცადა, მაგრამ კანადამ კარგად დაიცვა თავი, მეტოქე ჩათვლის მოედნიდან 30 მეტრზე ახლოს არ მიუშვა. სტუმრებმა ჯარიმით სცადეს ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ჰოლდერს დარტყმა გაუცუდდა. მერე კანადის შემედგენლობა შეივსო, ვან დერ მერვემ კარგი კონტრშეტევა წამოიწყო და როდესაც ის შეაჩერეს, საქმეში კარპენტერი ჩაერთო, რომელმაც ლელო კუთხეში გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ანგარიში 28:18 გახდა. სტუმრებმა მოინდომეს და 78-ე წუთზე სკოტ ლავალიმ ამერიკელთა მესამე ლელო გაიტანა, ხოლო ჰოლდერმა საბოლოო ანგარიში - 28:25 დააფიქსირა კანადელთა სასარგებლოდ.
“მძიმე თამაში იყო, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და ეს უმნიშვნელოვანესია. რამდენჯერმე უაზროდ დავჯარიმდით და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მივეცით, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა” - თქვა ნამატჩევს კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.
“კანადის მსგავსად, ჩვენი გუნდიც დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად თამაშობდა და შეცდომებიც ამის ბრალია. ვეცდებით, მომავალი თამაშებისთვის შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ” - განაცხადა აშშ-ს ნაკრების თავკაცმა მაიკ ტოლკინმა, მის “არწივებს” კი, მომდევნო თამაში 16 ივნისს საქართველოსთან ელის (თბილისის დროით 17 ივნისს, გამთენიის 05:00 საათზე). “ბორჯღალოსნები” კანადას, რომელიც მანამდე იტალიას ხვდება, 23 ივნისს ეთამაშება (თბილისის დროით 24 ივნისს, შუაღამის 01:00 საათზე).
კანადა - აშშ 28:25 (20:18)
კანადა: 15. ჯეიმს პრიტჩარდი, 14. სეან დუკი, 13. ვან დერ მერვე, 12. მიკ სკოლზი, 11. სირან ჰერნი, 10. მეტ ევანსი, 9. შეინ უაიტი; 1. ჰუბერტ ბაიდენსი, 2. რაიან ჰემილტონი, 3. ენდრიუ ტიდემანი, 4. ბრეტ ბუკებუმი, 5. ტაილერ ჰიუსტონი, 6. ნანიაკ დელა, 7. ჩონსი ოტულე, 8. აარონ კარპენტერი.
სათადარიგოები: 16. ჯეისონ მარშალი, 17. ტომ დოლეზელი, 18. ჯებ სინკლერი, 19. ტეილორ არდრონი, 20. კეილი არმსტრონგი, 21. ფილ მაკკენზი, 22. ჯეფ ჰასლერი.
აშშ: 15. კრის უაილესი, 14. ჯეიმს პატერსონი, 13. პოლ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ლუკ ჰიუმი, 10. უილ ჰოლდერი, 9. მიკ პეტრი; 1. მიკ მაკდონალდი, 2. კრის ბილერი, 3. ერიკ ფრაი, 4. ლუის სტენფილი, 5. ბრაიან დოილი, 6. სკოტ ლავალა, 7. ენდრიუ დურუტალო, 8. ტოდ კლევერი.
სათადარიგოები: 16. დერეკ ასბუნი, 17. შონ პიტმენი, 18. ტომ კატზფაი, 19. ტეილორ მოკატე, 20. შონ დევისი, 21. როლანდ სუნიულა, 22. კოლინ ჰაულეი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია