ამბები

16:38 | 10.06.2012 | ნანახია 1677 - ჯერ

სამხრეთელებმა ევროპელები დაიბრიყვეს

გასულ შაბათს ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებმა სამხრეთული ტურნეების დაიწყეს და იქაურ ბობოლებთან ოთხი მატჩი გამართეს. ოთხივე შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ და ევროპელებს რევანშის აღების შანსი ერთი კვირის შემდეგ მიეცემათ.
მსოფლიოს ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ, ოკლენდში ირლანდიას უმასპინძლა და ამ სტადიონზე მოგების სერია 1994 წლიდან დღემდე 28-მდე გაზარდა. “ოლ ბლექსის” დებიუტანტმა 21 წლის ჯულიან სევეამ საკუთარი შანსი საუკეთესოდ გამოიყენა და პირველსავე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ზელანდიელებს გარკვეული დრო დაჭირდათ, სანამ საკუთარი თამაშის რიტმს იპოვნიდნენ. მე-7 წუთამდე დენ კარტერმა და ჯონათან სექსტონმა ჯარიმები გაცვალეს, მერე კარტერმა დაახლოებით 50 მეტრიდან კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა, ხოლო 25-ე წუთიდან მასპინძლები სრული ძალიათ ამოქმედდნენ.
ირლანდია თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას ფეხით ტაქტიკური დარტყმებით ცდოლობდა. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, “ოლ ბლექსის” უკანა ხაზმა კარგად აიტანა ბურთი და სევეამ პირველი ლელო გაიტანა. მან მეორე ლელო ზედ შესვენების წინ მიითვალა, კარტერმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 23:3 დასრულდა. მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როდესაც სევეამ მესამე ლელო მიითვალა.
ირლანდიამ ერთი საპასუხო ლელო ფერგუს მაკფადენის გარჯის წყალობით 50-ე წუთზე გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და ჩამორჩენა 20 ქულამდე დაიყვანა, რითაც ერთი შეხედვით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ხუთ წუთში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ამჯერად ლელოშეცვლაზე შესული ადამ ტომსონის ანგარიშზეა, სულ ბოლოს კი, კონარდ სმიტმა ზელანდიის მეხუთე ლელო მიითვალა და კარტერმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 42:10.
ოთხი დღის წინ შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ (6:9), გონს მოეგო ავსტრალია და წლევანდელი ექვსი ერის გამარჯვებული უელსი 27:19 დასცა. ეს გუნდები ერთმანეთს ზედიზედ სამჯერ უნდა ეთამაშონ და ავსტრალია სერიაში 1:0 დაწინაურდა. მიუხედავად მარცხისა, უელსელებმა გმირულად იბრძოლეს და მეორე ნახევრის შუაში 14 ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ “კენგურუები” მაინც უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ და უელსთან ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმეს.
ავსტრალია ბერიკ ბარნსის ჯარიმით დაწინაურდა, მე-15 წუთზე კი, სკოტ ჰიგინბოთამმა ავსტრალიის ნაკრების მაისურით პირველი ლელო გაიტანა და ბარნსის გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმი ასე დასრულდა, მატჩის განახლებისთანავე კი, უილ გენიამ ავსტრალიელთა მეორე ლელო გაიტანა და ბარნსმა ისევ გარდასახა. ლეიგ ჰალფპენის ჯარიმას, მასპინძლებმა 50-ე წუთზე ბარნსის არეკნით უპასუხეს და ანგარიში 20:6 გახდა, თუმცა, მეორე ნახევარში “კენგურუებს” დაღლა დაეტყოთ და ევროპელებმა საკუთარი თამაში იპოვეს. 63-ე წუთამდე, სტუმრებმა ლელოს, გარდასახვის და ორი ჯარიმის გატანა შეძლეს, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს და მასპინძლებს ოთხი დღის წინანდელი, ბოლო წუთებზე განცდილი მარცხი გაახსენეს. 67-ე წუთზე პატრიკ მაკკეიბიმ ლელოთი და ბარნსმა გარდასახვით, უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს და მიუხედავად ალექს კატბერტის დიდი მცდელობისა, რომელმაც სტუმართა პირველი ლელო მიითვალა და დუბლის შესასრულებლად გაიწია, საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახა და 27:19 იმარჯვა.
სამმატჩიანი სერიის პირველი ჯახი სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით დასრულდა ინგლისთან. არადა, თამაში ევროპელთა დომინირებით დაიწყო და მე-7 წუთზე ოუენ ფარელიმ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. მორნი სტეინმა წონასწორობა ჯარიმითვე მე-14 წუთზე აღადგინა, მერე ფარელიმ და სტეინმა კიდევ გაცვალეს ჯარიმები, ტაიმის ბოლოს სამხრეთაფრიკელს დარტყმა გაუცუდდა და პირველი ნახევარი 6:6 დასრულდა.
საწყის 40 წუთში ინგლისი მეტოქეს სჯობდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშისას, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ბურთზე კონტროლი დაკარგა, აფრიკამაც კარგად შეუტია და 48-ე წუთზე სტეინმა ლელო გაიტანა, 12 წუთში კი, მის მაგალითს ჟან დე ვილერსმა მიბაძა. რადგან გარდასახვები არაზუსტი იყო, ანგარიში 16:6 გახდა. სტუმრებმა ჩამორჩენა ხელმისაწვდომამდე 66-ე წუთისთვის, ფარელის ორი ჯარიმით დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით 10 წუთში სტეინმა ეს ჯარიმები გაქვითა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბენ ფოდენის გატანილმა ლელომ, ინგლისი მარცხისგან ვერ იხსნა - 22:17.
არგენტინის ნაკრები იტალიას გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა, მაგრამ კარგად ჩატარებული მეორე ტაიმის წყალობით, მომხვდური 37:22 დაამარცხა. სახრეთამერიკელებს გამოცდილ მორაგბეთაგან მხოლოდ ფელიპე კონტეპომი და როდრიგო რონსერო ყავდათ განაცხადში, კონტეპომი გუნდს 22 ქულით შეეწია, მათ შორის ერთი ლელოთი. ლელო გაიტანა რონსერომაც და ახლა არგენტიელები საფრანგეთთან გასამართ ორმატჩიან სერიას და აგვისტოში დასაწყებ “ოთხ ერს”, უფრო იმედიანად ხვდებიან.
პირველმა ტაიმმა ნელ ტემპში ჩაიარა და იტალიამ მეტოქეს ძალისმიერ ბრძოლაში აჯობა. კრის ბარტონმა და კონტეპომმა საწყის 10 წუთში ჯარიმები გაცვალეს, ტაიმის შუაში არგენტინა მოედანზე კაცნაკლული დარჩა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და ტაიმი 13:10 მოიგეს. მეორე ტაიმში, კონტეპომის ჯარიმას ედოარდო გორიმ 53-ე წუთზე ლელოთი უპასუხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ 74-ე წუთამდე “პუმებისგან” სამი ლელო და გარდასახვა გაუშვა და 15:37 ჩამორჩა. იტალიამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ლელო-გარდასახვით ანგარიში ოდნავ შეალამაზა და 22:37 დამარცხდა. იტალიელები ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლებენ და იმ კანადას ეთამაშებიან, რომელთან ძალების მოსინჯვა 23 ივნისს საქართველოს მოუწევს.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.155551