რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტრადიციულ ტურნირ “IRB-ს ერთა თასზე”, რომელიც დიდი ალბათობით ამ ფორმატით წელს ბოლოჯერ იმართება, პირველი ტურის მატჩებში გამარჯვებები მასპინძლებთან ერთად არგენტინისა და იტალიის მეორე გუნდებმა მოიპოვეს.
წელს რუმინეთში ევროპის ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან რუმინეთის, რუსეთის და პორტუგალიის ნაკრებები თამაშობენ. ეროვნული გუნდითაა წარმოდგენილი ურუგვაიც, ხოლო დანარჩენი ორი გუნდი “მომავლის იტალია” და არგენტინის “იაგუარებია”. ტრადიციულად, თითოეული ნაკრები სამ თამაშს ჩაატარებს, რის შემდეგაც შედგება საერთო ცხრილი და პირველ ადგილზე ის გუნდი გავა, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. მოგებისთვის თითოეული მონაწილე 4 ქულას იღებს, ფრეზე ორს და მოქმედებს პრემიალური სისტემაც - 7 და ნაკლები ქულით მარცხი, ან 4 და მეტი ლელოს გატანა, 1 პრემიალური ქულაა.
გახსნით შეხვედრაში რუმინეთი სარეიტინგო ჯახში ურუგვაის დაუპირისპირდა და 29:9 იმარჯვა. პირველ ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას სამხრეთამერიკელებმა ერთით უპასუხეს. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში, რუმინელთა ორ ჯარიმას ურუგვაიმ ჯარიმით და არეკნით უპასუხა, დასკვნით 10 წუთში კი, რუმინელებმა ორი ლელო გაიტანეს და ორივე რეალიზაცია გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში პირველხაზელი ოთარ ტურაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.
“მომავლის იტალიამ” და რუსეთმა, “ტრიუმფალური თაღის” ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები 8 ლელოთი ასიამოვნეს. იტალიელთა ადრეულ ლელოს, რუსეთმა 32-ე წუთამდე სამით უპასუხა და 17:5 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილ 4 წუთში ორი ლელო გაუშვა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და იტალია შესვენაბზე ლიდერად გავიდა - 19:17. მეორე ტაიმში იტალიელებმა საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახეს, თავად ორი გაიტანეს, 33:17 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც აიღეს. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 57-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა პავლე კვერნაძემ.
დღის ბოლოს “იაგუარებმა” პორტუგალია 41:9 გაანადგურა. პორტუგალიამ სამი ჯარიმის გატანა მოახერხა, არგენტინელებმა კი, ხუთი ლელო გაიტანეს, ხუთივე რეალიზაცია გამოიყენეს და ზედაც ორი ჯარიმა მიამატეს. “იაგუარები” და “მომავლის იტალია” ჯგუფს 5-5 ქულით ლიდერობენ, მესამე ადგილზე რუმინეთია (4 ქულა), ხოლო დანარჩენი სამი გუნდი უქულოდაა. მეორე ტურში, 12 ივნისს პორტუგალია “მომავლის იტალიას”, რუმინეთი “იაგუარებს”, ხოლო რუსეთის ნაკრები ურუგვაის ეთამაშება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია