აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი” 18:12 დაამარცხა და შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა.
ტულუზელებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩემპიონობა მეოთხედ, სულ კი, მე-19-ედ მოიპოვეს, თუმცა, მათთან ერთად გამარჯვება ქართველმა ლეგიონერებმა პირველად იზეიმეს. შეგახსენებთ, რომ გიორგაძე “ტულუზას” “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით 2011 წლის დეკემბრის მიწურულს შეუერთდა, მაგრამ მეორე მატჩშივე დაშავდა, რის გამოც ტულუზელებმა იგივე სტატუსით ჯაბა ბრეგვაძე დაიმატეს, რომელიც მარტის მიწურულს დაშავდა.
ბრეგვაძე ამჯერადაც დაშავებულია და განაცხადში ვერ მოხვდებოდა, ახლახანს გამოჯანმრთელებული გიორგაძე კი, განაცხადში მწვრთნელმა არ შეიყვანა. “ტულონის” განაცხადში არ იყო მიქაუტაძე, ჩილაჩავა 23-კაციან სიაში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია, ხოლო ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ 10 წუთი სინბინში გაატარა.
აღსანიშნავია, რომ “ტულუზას” შერკინებამ “ტულონისა” პირწმინდად დაჯაბნა და და 64-ე წუთზე ქუბრიაშვილის სინბინიც სწორედ შერკინებაში ხშირმა დაჯარიმებამ გამოიწვია. მატჩის ბედი კარში დარტყმებმა გადაწყვიტა. პირველსავე წუთზე “ტულონი” ჯონ უილკინსონმა დააწინაურა, რაზეც ორიდე წუთში ლუკ მაკალისტერმა ჯარიმითვე უპასუხა. ტულუზელს მე-19 წუთზე არეკნი გაუცუდდა, მაგრამ ორიდე წუთში საკუთარი გუნდი ჯარიმით დააწინაურა. უილკინსონმა ორი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ შესვენებამდე ოთხი წუთით ადრე, “ტულონის” შერკინება ისევ ვერ დადგა და ტაიმიც ფრედ 9:9 დასრულდა.
მეორე ტაიმში “ტულუზამ” შერკინების უპირატესობა სრულად გამიყენა. ტულუზელებმა მატჩის განახლებიდან მეორე წუთზე აიძულეს მეტოქეს დაჯარიმება და მაკალისტერმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. “ტულონმა” გაიბრძოლა და 46-ე წუთზე ინგლისელმა ანგარიში ერთხელაც გაათანაბრა, 52-ე წუთზე კი, ტრიბუნაზე შეკრებილმა 80 ათასამდე გულშემატკივარმა უილიამ სერვატის და სებასტიან ბრუნოს ჩხუბი იხილა და ორივე მორაგბე სინბინით დაისაჯა. სანამ გუნდები მოედანზე კაცნაკლული იყვნენ, უილკინსონს ერთი არეკნი და ერთიც შორეული ჯარიმა გაუცუდდა, მერე ყვითელი ბარათით ქუბრიაშვილი დაისაჯა და “ტულუზა” ჯარიმით დაწინაურდა, მეტოქის შემადგენლობის შევსებამდე კი, ჯარიმიდან ერთხელაც იხეირა და 18:12 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია