საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ გენკში დასრულებულ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის “ბ” ჯგუფისა და 2013 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დღეს წარუმატებლად ითამაშა, სამივე თამაში წააგო და ჯამში მე-4 ადგილი დაიკავა.
ქართველმა გოგონებმა პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის სამი თამაში გამართეს და მეტოქეები იოლად, ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურეს. საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩებში მოლოდ ერთი ლელო გაუშვა, თავად კი, 18 გაიტანა. პირველი მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელსაც ქართველმა გოგონებმა შვიდი უპასუხო ლელო გაუტანეს, ხუთი რეალიზაცია გამოიყენეს და 45:0 იმარჯვეს. მალტასთან შედეგი შედარებით მოკრძალებული იყო და მხოლოდ 26:0 იმარჯვეს, ანუ, იმ ანგარიშით, რომელიც ფინეთთან პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა.
მალტელებთან საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამო ლელო გაიტანა, სამივე გარდასახვა ზუსტი იყო, შესვენების შემდეგ კი, ერთი ლელო იკმარა. პირველი დღის ბოლო მატჩში ქართველმა გოგონებმა ნორვეგიას სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენეს და შესვენებაზე გასვლისას 15:5 იგებდნენ. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი უპასუხო ლელო გაიტანა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და 37:5 იმარჯვა.
მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ეთამაშა, რომელიც ქალთა ევროპის ჩემპიონატში წელს პირველად ჩაერთო და “ბ” ჯგუფში ამის გამო თამაშობს. პირველი ტაიმი სქოთებმა სამი ლელოთი და სამი გარდასახვით 21:0 მოიგეს, მეორეში ერთი ლელო-გარდასახვა ქართველებმაც გაიტანეს, თუმცა, ეს საკმარისი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ჯიმშელაძის შეგირდებმა ყვითელი ბარათის გამო 2 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს.
ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების გამო, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ირლანდია შეხვდა, რომელიც ასევე პირველად ჩაერთო ევროპის ჩემპიონატზე. 2-წუთიან სინბინს ვერც ამ თამაშში ავცდით, მაგრამ ეგეც რომ არა, ირლანდია “ბ” ჯგუფში ყველაზე ძლიერი იყო - ცხრა უპასუხო ლელო სამი გარდასახვით და 0:51. მოგვიანებით, ფინალში ირლანდიამ შოტლანდია 29:0 დასცა და ტურნირი ისე დაამთავრა, ლელო არ გაუშვია, თავად კი 41 გაიტანა.
ცხადი იყო, მომავალი წლისთვის ევროპის ჩემპიონატის “ა” ჯგუფის და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს ვეღარ ავიღებდით, რადგან ის მხოლოდ ფინალისტების საკუთრება იყო. მასპინძელ ბელგიასთან მე-3 ადგილისთვის გამართული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 7:7 დასრულდა, მეორე ნახევარში ზედიზედ მესამედ დავრჩით მოედანზე ნაკლებნი, ბელგიელებმა ერთი ლელო გაიტანეს და 12:7 იმარჯვეს, საქართველო კი, მომავალ წელს კვლავ “ბ” ჯგუფში იბურთავებს. არადა, ირლანდიას და შოტლანდიას მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად 7-ქალას ევროპის ჩემპიონატში ჩართვა რომ არ მოენდომებინათ, საქართველოს ნაკრები წელს აუცილებლად დაწინაურდებოდა, ახლა კი, ეს საქმე კიდევ ერთი წლით გადაიდო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია