საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის 33:3 დამარცხებით თავის სარეიტინგო მონაგარს ვერაფერი შემატა, მაგრამ ერთი საფეხურით დაწინაურდა და ჩრდილოამერიკულ ტურნეს მე-14 ადგილით იწყებს.
ამის მიზეზი წყნარი ოკეანის თასის შედეგები გახდა, სადაც სამოამ, ტონგამ, ფიჯიმ და იაპონიამ ხუთდღიანი ინტერვალით ორ-ორი თამაში ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ ფიჯი და იაპონია ის გუნდები არიან, რომლებიც ყოველკვირეულ რეიტინგში ჩვენს სიახლოვეს ტრიალებენ და ამა წლის ნოემბერში ტესტ-მატჩების გასამართად თბილისს ეწვევიან.
ორიდან ორივე თამაშის მოგება მხოლოდ სამოამ მოახერხა, რომელმაც ჯერ ტონგას მოუგო 20:18, ხოლო მერე ფიჯი დაამარცხა 29:26. სამაგიეროდ, ფიჯიმ იაპონიას 25:19, ხოლო ტონგამ 24:20 აჯობა და იაპონიამ ჯამში 2,11 სარეიტინგო ქულა დაკარგა. ამას ორი საფეხურით დაქვეითება მოყვა და მას საქართველოს გარდა ფიჯიმაც გადაასრო, რომელმაც ერთი მარცხისთვის და მოგებისთვის რეიტინგში 1,13 ქულიანი მოგება ნახა. წყნარი ოკეანის თასის მონაწილე გუნდებიდან სამოამ 1,42 ქულა მიიღო და ტონგას გადაასწრო, რომლის დანკლისმაც 0,44 ქულა შეადგინა.
საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ “ბორჯღალოსანთა” მომავალ მეტოქეებს - კანადასა და აშშ-ს, რომელთა მატჩიც 28:25 დასრულდა კანადელთა გამარჯვებით, რეიტინგში ქულათა ცვლილება არ გამოიწვია. სამაგიეროდ, IRB-ს ერთა თასზე მასპინძელი რუმინეთის მიერ ურუგვაის დამარცხება სამხრეთამერიკელებს 0,73 ქულად და სამი ადგილის დაკარგვად დაუჯდათ. ისინი ესპანეთს, ნამიბიას და რუსეთს ჩამორჩნენ. რუმინელებმა ქულები კი მიიღეს, მაგრამ ძველებურად მე-18 ადგილზე დარჩნენ.
ახლა რაც შეეხება ლიდერებს, სადაც ტესტ-მატჩების შედეგებმა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ქულათა ცვლილებები გამოიწვია. რეიტინგლიდერ ახალ ზელანდიას ირლანდიის 42:10 განადგურებამ ქულები არ შესძინა, ისევე, როგორც ირლანდიას არაფერი დაკლებია. მეორე ადგილზე მყოფმა ავსტრალიამ, რომელიც ჯერ შოტლანდიასთან 6:9 დამარცხდა, ხოლო მერე უელსი 27:19 დაამარცხა, ორი თამაშის ჯამში 1,57 ქულა დაკარგა, მაგრამ პოზიცია შეინარჩუნა. სამაგიეროდ, 2 ქულა მოემატა შოტლანდიას - იტალია უკან მოიტოვა და მე-11 ადგილამდე აღზევდა. 0,43 ქულის დაკარგვა არ დატყობია უელსს.
მესამე ადგილს სამხრეთ აფრიკა ინარჩუნებს, რომელსაც ინგლისის 22:17 ძლევა 0,63 ქულად დაუფასდა, მაგრამ რეიტინგში ვერ დაწინაურდა, უბრალოდ, უფრო მეტით მოიტოვა ინგლისი, რომელსაც ამდენივე ქულა ჩამოაკლდა. არგენტინამ იტალიას გადახალისებული შემადგენლობით 37:22 მოუგო, მაგრამ სულ რაღაც 0,08 ქულა მიიღო და მე-7 პოზიციაზე რჩება. მის წინ საფრანგეთია, რომელიც ივნისის პირველ მატჩს მომავალ უქმეებზე სწორედ არგენტინაში გამართავს. სამხრეთ ამერიკაში მარცხი თითქმის არ დატყობია იტალიას, თუმცა, შოტლანდიამ საკუთარი წარმატების ხარჯზე მაინც ჩამოიტოვა.
მომავალ კვირაში სარეიტინგო თამაშები კიდევ მრავლად გაიმართება და ცვლილებებიც იქნება. იმედია, “ბორჯღალოსნები” აშშ-თან იმაზე ბევრად უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ირლანდიასთან და მათი რეიტინგული წინსვლაც კანონზომიერი იქნება. ვარიანტებზე თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ნაკრები 15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვებისთვის 1,25, ხოლო მცირე ანგარიშით მოგებისთვის 0,84 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ფრე 0,16 ქულის დაკარგვის ტოლფასი იქნება, მცირე სხვაობით მარცხის შემთხვევაში, 1,16 ქულას, ხოლო დიდი ანგარიშით მარცხისას 1,75 ქულას დავკარგავთ.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი (11 ივნისი)
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 86,42
3 (3). სამხრეთ აფრიკა 84,97
4 (4). ინგლისი 82,99
5 (5). უელსი 82,89
6 (6). საფრანგეთი 81,91
7 (7). არგენტინა 80,36
8 (8). ირლანდია 79,85
9 (10). სამოა 77,23
10 (9). ტონგა 76,19
11 (12). შოტლანდია 77,86
12 (11). იტალია 74,08
13 (13). კანადა 72,92
14 (15). საქართველო 70,26
15 (16). ფიჯი 69,91
16 (14). იაპონია 68,34
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 64,54
19 (20). ესპანეთი 61,63
20 (21). ნამიბია 61,24
21 (22). რუსეთი 61,07
22 (19). ურუგვაი 60,95
23 (23). ბელგია 59,17
24 (24). ჩილე 58,32
25 (25). პორტუგალია 57,75
26 (26). კორეა 56,72
27 (27). მაროკო 56,13
28 (28). ჰონკონგი 55,49
29 (29). პოლონეთი 55,19
30 (30). უკრაინა 53,95
31 (31). გერმანია 53,33
32 (32). ზიმბაბვე 52,40
33 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია