ამბები

16:06 | 12.06.2012 | ნანახია 3335 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” ამერიკას 28 მორაგბით ეწვივნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ამერიკას ორი ტესტ-მატჩის გასამართად 28 მორაგბით ეწვია. წინასწარ გამოცხადებულ 32-კაციან შემადგენლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე ცვლილება მოხდა.
ყველაზე ნიშანდობლივი გუნდში ვეტერანი მესამეხაზელის, 38 წლის გია ლაბაძის გამოჩენაა, რომელმაც “ბორჯღალოსანთა” მაისურით ბოლოს შარშან მარტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, სპეციალურად მსოფლიო თასის წინ, ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ რიჩი დიქსონის რჩეულთა შორის მაინც ვერ მოხვდა. ახლა, როდესაც გუნდს წამყვანი მესამეხაზელები გამოაკლდნენ - შალვა სუთიაშვილი, რომლის “მასისაც” ფედერალ 1-ის ფინალი აქვს სათამაშო, და შოტლანდიის “ედინბურგში” გადასული, ტრავმირებული დიმიტრი ბასილაია, ლაბაძე ეროვნულ გუნდში დააბრუნეს.
ზემოთ ნახსენები სუთიაშვილისა და ბასილაიას გარდა, ამერიკულ ტურნეზე ვერ გაემგზავრნენ ბაჩუკი გუჯარაიძე, რომელსაც ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტი უკრაინასთან ჰქონდა, “აჟენიდან” “დაქსში” გადასული პირველხაზელი ბექა შეყლაშვილი და “ტულუზასთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის მომგები ვეტერანი პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე. უკრაინის წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ამერიკის ვიზის გაკეთება ვერ მოასწრო მესამეხაზელმა გიორგი კალმახელიძემ.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტ-მატჩებს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდებოდა. გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ გიორგი შკინინი, დავით ხინჩაგიშვილი, ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მამუკა გორგოძე, დავით ქუბრიაშვილი, იური ნატრიაშვილი, ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნემსაძე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რთული სეზონის შემდეგ დაისვენებენ. აქამდე ასე იყო და ალბათ ახლაც ასეა - სრკ-ის ცნობით, გიორგი ჟღენტს ნაკრებში ეძახიან, მაგრამ ის სხავადსხვა მიზეზების გამო შეკრებებზე არ ცხადდება.
ჩრდილოამერიკულ ტურნეზე “ბორჯღალოსნებს” პირველი თამაში 16 ივნისს, 17 ივნისს თბილისის დროით გამთენიის 5 საათზე ამერიკასთან დენვერში უწევთ. 17 ივნისს ახალგაზრდა შუამარბი მერაბ შარიქაძე ეროვნული გუნდის შეკრებას დატოვებს და სოლტ ლეიკ სიტიში 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება, რომელიც 18 ივნისს ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფაში” ჩაებმება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ის 23 ივნისს (თბილისის დროით 24 ივნისს, 01:00 საათზე) ვანკუვერში კანადას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და კანადას, 2010 წელს თბილისში განცდილი მარცხების გამო რევანში სწყურიათ და ქართველთა დასახვედრად სრული შემადგენლობით ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს ამ გუნდებმა ერთმანეთში ამხანაგური მატჩი გამართეს და კანადელებმა 28:25 იმარჯვეს. კანადის ნაკრები ქართველებთან მატჩამდე 16 ივნისს იტალიას უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოამერიკული ტურნესთვის:
შერკინება:
მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 4 კეპი, 0 ქულა), რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 8, 5), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი, 1, 0), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, 5, 0), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 32, 35), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 1, 5), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 13, 10), გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 35), დავით ჩიტიძე (“არმია”, 0, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, 9, 0), ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, 31, 30), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, 1, 0), ბექა ბიწაძე (“არმია”, 1, 0), გია ლაბაძე (“ლა სეინი”, საფრანაგეთი, 65, 60);
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 80, 35), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, 60, 30), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, 5, 0), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, 13, 5), ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 35, 100), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 52, 60), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 55, 110), მერაბ შარიქაძე (“ჰართლპული”, ინგლისი, 5, 10), ლექსო გუგავა (“ლელო”, 24, 25), სანდრო თოდუა (“ლელო”, 32, 5), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, 7, 29), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, 3, 5).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
შერკინების მწვრთნელი: კრის გიბსი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.129093