ამბები

17:38 | 12.06.2012 | ნანახია 2897 - ჯერ

20-წლამდელები ამერიკაში არიან

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში 20 წლამდე მორაგბეთა შორის 2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მომავალი ჯახების ჩატარების ადგილს 25 მორაგბით ეწვია.
პატარა “ბორჯღალოსნები” ამერიკის გზას ეროვნულ გუნდთან ერთად დაადგნენ, მერე დელეგაცია ორად გაიყო და ეროვნული გუნდი დენვერისკენ, ხოლო ახალგაზრდული - სოლტ ლეიკ სიტისკენ გაემგზავრა. ახალგაზრდა შუამარბი მერაბ შარიქაძე, რომელიც მთელ დელეგაციაში ერთადერთი მორაგბე იყო ინგლისური კლუბიდან, ჯერ უფროს “ბორჯღალოსნებს” აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ თამაშში დაეხმარება, 17 ივნისს კი, ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდება და ეგებ, 18-ში მოედანზე გასვლაც მოახერხოს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, ისევე, როგორც შარშან თბილისში, B ჯგუფში იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. პატარა “ბორჯღალოსნებს” კალენდარიც ანალოგიური აქვთ და ტურნირის სადებიუტო მატჩს კანადელთა წინააღმდეგ 18 ივნისს გამართავენ. შარშან ქართველებმა კანადელები თბილისში 38:9 დაამარცხეს. ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეტოქე ზიმბაბვე იქნება, რომელსაც შარშან 50:19 მოუგო, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 26 ივნისს იაპონიასთან ჯახით დაასრულებს, ვისთანაც თბილისში 14:29 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა.
A ჯგუფში შარშანდელი მსოფლიო თასის შედეგად დაქვეითებული ტონგა, მასპინძელი აშშ, რუსეთი და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი ჩილე ითამაშებენ. შარშანდელთან შედარებით, წელს “ალაფაზე” ახალი გუნდები სწორედ ტონგა (რომელმაც თბილისის ტურნირის მომგები სამოა ჩაანაცვლა) და ჩილე იქნებიან, ვინაც სამხრეთ ამერიკის პირველობაზე ურუგვაის აჯობა. ტრადიციულად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები 30 ივნისის ჩემპიონობისთვის და 2013 წლის მსოფლიო თასის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მე-3 საპრიზო ადგილს გაითამაშებენ, ჯგუფში მესამეები ერთურთს მეხუთე საფეხურს შეეცილებიან, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები, ბოლოსწინა მე-7 ადგილისთვის იბრძოლებენ.
ქართველი ახალგაზრდები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პერიოდულად გაფართოებული შემადგენლობით (35-38) იკრიბებოდნენ და პირველ ეტაპზე ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, ხოლო ნელ-ნელა საქმეში ბურთი ჩართეს და ქართულ კლუბებთან საწვრთნელი თამაშები გამართეს. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი, იან რიჩარდ სმიტი ხელმძღვანელობს, რომელიც შარშან 19-წლამდელთა თავკაცი იყო, იმ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა და 20-წლამდელთა მწვრთნელის პოსტზე პაატა ნარიმანაშვილი ჩაანაცვლა.
ამერიკელები იმედოვნებენ, რომ სოლტ ლეიკ სიტიში თბილისზე უფრო მაღალი დონის ტურნირს ჩაატარებენ და თავიანთი საიტის მეშვეობით, 16-ივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავენ. იმედოვნებენ, რომ დასწრების კუთხით თბილისში დამყარებულ რეკორდს მოხსნიან და ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი, მისი პოპულარიზაცია გაიზრდება. თავის მხრივ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გუნდი თბილისში ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებს (მე-3 ადგილი) და მხოლოდ ფინალში კი არ გავა, მისი მოგებით, გაისად პლანეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის, საფრანგეთში ითამაშებს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები:
შერკინება:
ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), არჩილ ბეჟაშვილი (“ყოჩები”), ზაზა ნავროზაშვილი (“არმია”), გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”), გიორგი ლომთაძე (“აია”), ვაჟა თაგაური (“არმაზი”), მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), სანდრო ქოიავა (“ლელო”), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”), საბა ბერაძე (“ხულიგანა”), ბექა მამრიკიშვილი (“ჯიქები”), გურამ შენგელია (“ჯიქები”), ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”);
უკანა ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”), გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”), გიორგი ბასილაია (“ხარები”), გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”), ზურაბ ძნელაძე (“აია”), გიგა გაგოშვილი (“არმია”), თამაზ მჭედლიძე (“არმია”), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), გიორგი ბიწაძე (“ლოკომოტივი”), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”), ბახვა კობახიძე (“არმია”), საბა ნიკოლავა (“არმია”).
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია

2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
A ჯგუფი

ტონგა
ჩილე
რუსეთი
აშშ

18 ივნისი. I რაუნდი
ჩილე - რუსეთი
აშშ - ტონგა
22 ივნისი. II რაუნდი
ტონგა - რუსეთი
აშშ - ჩილე
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი

B ჯგუფი
იაპონია
საქართველო
კანადა
ზიმბაბვე

18 ივნისი. I რაუნდი
იაპონია - ზიმბაბვე
საქართველო - კანადა
22 ივნისი. II რაუნდი
საქართველო - ზიმბაბვე
იაპონია - კანადა
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო

30 ივნისი. ფინალები
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078147