ამბები

11:14 | 13.06.2012 | ნანახია 2879 - ჯერ

20-წლამდელები ნახევარფინალში დაწყვილდნენ

სამხრეთ აფრიკაში 20 წლამდე მორაგბეთა მიმდინარე მსოფლიო თასზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა ადგილის თითო ნახევარფინალში, ერთმანეთს ის გუნდები შეუწყვილდნენ, რომლებმაც მანამდე ურთიერთობა ჯგუფის თამაშებში გაარკვიეს.
წლევანდელი ახალგაზრდული მსოფლიო თასი სენსაციებით და მოულოდნელობებითაა გამორჩეული. ორი ჯგუფიდან პირველი ადგილი ისეთმა გუნდებმა დაიკავეს, რომელთაგანაც ამას ტურნირის ორგანიზატორები არ ელოდნენ და ყველაფერი თავდაყირა დადგა. თასისთვის ბრძოლას უელსი და არგენტინა აგრძელებენ, რომლებმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, თუმცა, უელსს A ჯგუფიდან საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მარადმწვანე გამარჯვებული ახალი ზელანდიაც გაყვა და პატარა “ოლ ბლექსს” “დრაკონებთან” რევანშის შანსი ნახევარფინალში ექნება.
ამ ჯგუფში სენსაციური ანგარიში მეორე ტურში დაფიქსირდა, როდესაც უელსელებმა მეტოქე 9:6 დაამარცხეს, თორემ დასკვნით ტურში სამოას 74:3 განადგურება აღარ გაჭირვებიათ. ევროპელებმა თბილისის შარშანდელი ტურნირის მომგებ გუნდს 11 ლელო გაუტანეს. განსაკუთრებით ტომ პრაიდი გამოირჩა, რომელმაც “დრაკონებს” 29 ქულა შესძინა - 2 ლელო, ერთი ჯარიმა და 8 გარდასახვა. აქ ასე ხდება - ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, დგება საერთო ცხრილი და ნახევარფინალებში გუნდები ამ საერთო ჩათვლაში დაკავებული ადგილის მიხედვით წყვილდებიან. რადგან უელსმა საერთო ჩათვლაში საუკეთესო მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა, მეტოქედ ზელანდია ერგო, რომელმაც საფრანგეთს დამატებითი მაჩვენბლით აჯობა.
დასკვნით ტურში “ოლ ბლექსმა” იცოდა, რომ მთავარი იყო, ფიჯი პრემიელური ქულით დაემარცხებინა და მიზანსაც უწია. არადა, თავიდან სწორედ ფიჯელები დაწინაურდნენ და თითქმის მთელი პირველი ტაიმი მეტოქის იერიშებსაც ვაჟკაცურად იგერიებდნენ, მაგრამ შესვენებამდე 4 წუთით ადრე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, გარდასახვაც ზუსტი იყო და ტაიმი 5:7 დათმეს. მართალია თამაშის განახლებიდან 10 წუთში ზელანდიამ ორი ლელო-გარდასახვის გატანა შეძლო, მაგრამ 58-ეზე ფიჯიმ თავისი მეორე ლელო მიითვალა, რეალიზაცია გამოიყენა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. მაგრამ ზელანდიამ 7 წუთში შეძლო პრემიის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა, უპირატესობა გაზარდა და ცხადი გახდა, გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდა, სულ ბოლოს კი, საკონტროლო ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:12.
B ჯგუფში, პირველ ტურში მასპინძელთა წამქცევი და მერე ინგლისთან მცირედით დამარცხებული ირლანდია, იტალიას 7 წუთში სამი ლელოთი უკვე 21:0 უგებდა. მერე კელტები მოეშვნენ, საკუთარი შეცდომების წყალობით, მე-18 წუთისთვის ორი ლელო მიიღეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და მათი უპირატესობა 9 ქულამდე დავიდა. “კელტებმა” მალე ჯარიმით უპასუხეს, გუნდებმა დარჩენილი 20 წუთი უქულოდ გაატარეს და ტაიმი 24:12 დასრულდა. უქულო გამოდგა მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთიც, დასკვნით ნახევარ საათში კი, ირლანდიამ სამი ლელოს გატანა შეძლო და 41:12 იმარჯვა.
სიტუაცია ასეთი იყო - ამ ჯგუფის დასკვნით თამაშს ვინც მოიგებდა, თასისთვის ბრძოლას გააგრძელებდა და სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებაც უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ინგლისელებმა 3:0 მოიგეს და მეორეში კიდევ ოთხი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ ამ 40 წუთში ოთხი ლელოც მიიღეს, ოთხივე გარდასახვა ზუსტი იყო და აფრიკელებმა 28:15 მოგებით თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, ინგლისი კი, მესამე საფეხურამდე დაეშვა.
ჩ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა, რომელმაც ვერცერთ თამაშში ვერ შეძლო პრემიალური ქულის აღება და გატანილი ქულებით ბოლოდან მეოთხე მაჩვენებელი აქვს. უფრო მეტიც, არგენტინელებმა თავის ჯგუფში ყველაზე ნაკლები ქულა აიღეს - თვით შოტლანდიაზე ნაკლებიც კი, რომელმაც სამივე თამაში წააგო. სამხრეთამერიკელებს სქოთებთან უბრალოდ მოგებაც ყოფნიდათ, პირველი ტაიმი 12:0 მოიგეს, მეორის დებიუტში კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 17:0 დაწინაურდნენ, მაგრამ კერკეტი შოტლანდია არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა, საპასუხოდ ორი ლელო მიითვალა და 12:17 დამარცხდა. და მაინც, არგენტინა, რომელმაც მანამდე საფრანგეთი და ავსტრალია დაამარცხა, პირველ ადგილზე დამსახურებულად გავიდა.
მეორე მატჩში საფრანგეთს ავსტრალია ძალიან დიდი სხვაობით უნდა დაეჩაგრა და იმის იმედად ყოფილიყო, რომ ზელანდიას ფეხი დაუცურდებოდა. თამაში დაძაბული გამოდგა, ფრანგები მეტოქეს ძალაში ჯაბნიდნენ, უპირატესობას ფლობდნენ და ორი ლელოთი 14:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე “კენგურუებმა” ტემპს უმატეს და ტაიმი 7:14 დათმეს. მეორე ნახევარიც მათი იერიშებით დაიწყო, “მამლები” თავს იცავდნენ და 57-ე წუთზე გადამწყვეტი მომენტი დადგა. ავსტრალიამ გასატანი ჯარიმა, თითქმის კარის გასწვრივ 15 მეტრიდან, აუტში გაიტანა, მაგრამ ბურთი დაკარგა და ნაღდი 3 ქულის ნაცვლად, სწრაფი კონტრშეტევა და ლელო გაუშვა. საბოლოოდ ფრანგებმა 31:7 მოიგეს, მაგრამ საუკეთესო მეორე ადგილოსნები მაინც ვერ გახდნენ.
ამრიგად, თასის ნახევარფინალში ჯგუფური ეტაპის ნაცნობებიდან უელსი და ზელანდია ითამაშებენ, მეორე წყვილი კი, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ შეადგინა. V ადგილის ნახევარფინალში, საფრანგეთს კიდევ ერთხელ მოუწევს ავსტრალიასთან ჭიდილი, მეორე წყვილი ინგლისი და ირლანდიაა. IX ადგილისთვის, უფრო კი არგავარდნისთვის, ნახევარფინალურ ეტაპზე შოტლანდია-იტალიის გარდა, A ჯგუფის ბინადრები ფიჯი და სამოა ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, საუკეთესო ბომბარდირების სიას უელსელი ტომ პრაიდი ლიდერობს (35 ქულა), ყველაზე მეტი 3-3 ლელო კი, ზელანდიელი მილფორდ კერესომასა და ფიჯელი სამუ კერევის ანგარიშზეა.

2012 წლის მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
სამხრეთ აფრიკა. 4-22 ივნისი. I ტური
A ჯგუფი
12 ივნისი

უელსი - სამოა 74:3
ახალი ზელანდია - ფიჯი 33:12
 

1 უელსი 3 3 0 0 127-27 14
2   ახალი ზელანდია 3 2 0 1 102-21 11
3 ფიჯი 3 1 0 2 45-80 4
4 სამოა 3 0 0 3 6-152 0



B ჯგუფი
12 ივნისი

ირლანდია - იტალია 41:12
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 28:15
 

1  სამხრეთ აფრიკა 3 2 0 1 99-41 11
2  ირლანდია 3 2 0 1 79-51 10
3 ინგლისი  3 2 0 1 99-48 9
4 იტალია 3 0 0 3 20-157 0



C ჯგუფი
12 ივნისი

არგენტინა - შოტლანდია 17:12
საფრანგეთი - ავსტრალია 31:7
 

1  არგენტინა 3 3 0 0 50-30 12
2  საფრანგეთი 3 2 0 1 76-54 11
3   ავსტრალია 3 1 0 2 77-58 5
4 შოტლანდია 3 0 0 3 53-114 2


17 ივნისი. ნახევარფინალები
IX-XII ადგილებისთვის

შოტლანდია - იტალია
ფიჯი - სამოა
V-VIII ადგილებისთვის
საფრანგეთი - ავსტრალია
ირლანდია - ინგლისი
თასის ნახევარფინალები
უელსი - ახალი ზელანდია
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა
22 ივნისი. ფინალები
 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.162909