რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასი იმ სცენარით მიმდინარეობს, როგორც ტურნირის ორგანიზატორებმა თავიდანვე გათვალეს, ანუ, ჩემპიონი დასკვნით დღეს, მასპინძელთა ნაკრებისა და “მომავლის იტალიას” დაპირისპირების შედეგად გამოვლინდება.
მეორე რაუნდში ორივე ზემოთნახსენებმა გუნდმა გაიმარჯვა და ამ ეტაპისთვის საერთო ცხრილს იტალიელები ლიდერობენ, რომლებიც მასპინძლებს ერთი პრემიალური ქულით უსწრებენ.
იტალიის A ნაკრები, რომელიც მთლად A ნაკრებად იმიტომ არ იწოდება, რომ მეორე შემადგენლობის სრულად შეკრება ვერ მოახერხა და მწვრთნელმაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ძირითადად ახალგაზრდებს მისცა, მეორე ტურის გახსნით მატჩში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც პერიოდულად ძალიან კარგ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ მეტოქემ შეცდომები არ აპატია და ის 7 ქულით მარცხისათვის (21:28), მხოლოდ ერთ პრემიალური ქულას დასჯერდა.
მატჩის დებიუტში პორტუგალიელთა აგრესიულმა დაცვამ იტალიელებს შეტევების ლელოთი დაგვირგვინების საშუალება არ მისცა. ანგარიში პორუგალიამ ჯარიმით გახსნა, რაზეც იტალიამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, ხოლო 30-ე წუთზე, “ლობუში” ლელოთი დაწინაურდა და 33-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც “მომავლის იტალიამ” მეტოქის დაცვა გატეხა და საპასუხო ლელოთი წონასწორობა აღადგინა - 11:11.
მეორე ნახევარი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა პორტუგალიამ თავისი მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და რადგან მანამდე ჯარიმა ჰქონდა გაშვებული, 4 ქულით დაწინაურდა. 5 წუთი დაჭირდათ იტალიელებს ლიდერობის დასაბრუნებლად. 9 ნომერმა ალბერტო ჩილონიმ, მცველების შეცდომით ისარგებლა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, ხოლო 4 წუთში იტალიელებმა მესამე ლელო გაიტანეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. დასკვნით 20 წუთში იტალიელებმა პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ შეძლეს, სამაგიეროდ, ჯარიმით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა პორტუგალიამ და საპატიო ანგარიშით, 21:28 დამარცხდა.
რუმინეთის ნაკრებმა არგენტინის “იაგუარები” ძალისმიერ თამაშში დაჯაბნა და 23:21 იმარჯვა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არგენტინელებმა დასკვნითი 20 წუთი ძალიან კარგად ჩაატარეს და ცოტა რომ გამართლებოდათ, ახლა ჩემპიონის ერთ-ერთი პრეტენდენტი ისინი იქნებოდნენ და არა რუმინეთი. არგენტინის მეორე ნაკრების მწვრთნელმა, სასტარტო შემადგენლობაში სათადარიგო მორაგბეები დააყენა და ერთი საათის განმავლობაში დაშვებული მათი შეცდომები, შეცვლაზე შესულმა საბრძოლო შემადგენლობამ ვეღარ გამოასწორა.
პირველ ტაიმში რუმინელთა ორ ჯარიმას პორტუგალიამ სამით უპასუხა, მაგრამ შესვენებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლებმა ლელოც გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს და 13:9 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის 10 წუთში, “მუხებმა” მონაგარს კიდევ 10 ქულა შემატეს (ჯარიმა, ლელო და გარდასახვა). ამის შემდეგ ინიციატივა არგენტინელთა მხარეს გადავიდა და 62-ე და 71-ე წუთზე მათ ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მხოლოდ მეორე გარდასახვა იყო ზუსტი და მდევრის როლში დარჩნენ. დარჩენილ 9 წუთში, სინბინის გამო კაცნაკლულად მოთამაშე რუმინეთთან, სტუმრებმა ქულის აღება ვეღარ შეძლეს და სწორედ ამ ორი ქულის წყალობით 21:23 დამარცხდნენ.
რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ქართველმა ჰუკერმა ოთარ ტურაშვილმა, რომელსაც რუმინეთის ეროვნულ გუნდში დებიუტი ამ ტურნირის პირველ რაუნდში ჰქონდა.
ქართველებმა ითამაშეს რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომლებმაც ურუგვაი 19:13 დაამარცხეს. “სასტარტოში” იყო და სრულად გაისარჯა ჰუკერი ვალერი ცნობილაძე, ხოლო პავლე კვერნაძე ტრავმირებული გუნდის კაპიტნის ნაცვლად შეცვლაზე ჯერ 10 წუთით შევიდა, ხოლო მეორედ მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა და დასკვნითი წუთები ითამაშა.
რუსეთისა და ურუგვაის ეროვნული გუნდების დაპირისპირება სარეიტინგო იყო, თანაც, პირველი თამაში ორივე გუნდს წაგებული ჰქონდა და უკომპრომისო ბრძოლა გაიმართა. გამარჯვება რუსეთმა კოლექტიური თამაშის წყალობით მოიპოვა, თუმცა, დებიუტში ოდნავ დაბნეულები ჩანდნენ და მე-16 წუთისთვის ანგარიში 10:0 იყო სამხრეთამერიკელთა სასარგებლოდ. რუსებმა ერთი ლელო 31-ე წუთზე გაიტანეს, მეორე ზედ შესვენების წინ, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 12:10 მოიგეს. 50-ე წუთზე “დათვებმა” მესამე ლელო მიითვალეს, გარედასახვაც გამოიყენეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაზეც ურუგვაიმ 54-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელებმა ორი ასპროცენტიანი ჯარიმა ვერ გამოიყენეს, ბოლო წუთები კი, რუსეთის ნაკრების წითელ ზოლში გაატარეს და მიუხედავად მეტოქის გმირული თავდაცვისა, ოდნავ უკეთ რომ ეთამაშათ ლელო გავიდოდა და გამარჯვების შანსიც ექნებოდათ.
დასკვნით დღეს, 17 ივნისს, რუსეთი “იაგუარებს” ეთამაშება, მერე პორტუგალია ურუგვაის სარეიტინგო ჯახში დაუპირისპირდება, ტურნირის დასკვნით მატჩში კი, რუმინეთი და “მომავლის იტალია” 2012 წლის გათამაშების გამარჯვებულს გამოავლენენ.
2012 წლის IღB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი
12 ივნისი. II რაუნდი
პორტუგალია - იტალია A 21:28
რუმინეთი - იაგუარები 23:21
რუსეთი - ურუგვაი 19:13
1 | იტალია A | 2 | 2 | 0 | 0 | 61-38 | 9 |
2 | რუმინეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 52-30 | 8 |
3 | იაგუარები | 2 | 1 | 0 | 1 | 62-32 | 6 |
4 | რუსეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 36-46 | 4 |
5 | ურუგვაი | 2 | 0 | 0 | 2 | 22-48 | 1 |
6 | პორტუგალია | 2 | 0 | 0 | 2 | 30-69 | 1 |
III რაუნდი. 17 ივნისი
რუსეთი - იაგუარები
პორტუგალია - ურუგვაი
რუმინეთი - იტალია A
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია