ამბები

14:07 | 14.06.2012 | ნანახია 2537 - ჯერ

“ჰაინეკენზე” კენჭი ყარეს და ფორმატის ცვლილებებზეც დაფიქრდნენ

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, “ავივა სტედიუმზე”, სადაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული სკალუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ფინალი გაიმართება, 2012/2013 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, ინგლისის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის 24 წამყვანი კლუბი, 6 ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული, სადაც თამაშები წრიული სისტემით იმართება და ქულათა დარიცხვის პრემიალური სისტემა მოქმედებს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მისი 6 გამარჯვებული და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, ბრძოლას ერთმატჩიან მეოთხედფინალში აგრძელებს.
“ჰაინეკენის თასის” მომავალ გათამაშებაში, საფრანგეთის 7 კლუბი მიიღებს მონაწილეობას - ექვსი მოწინავე და 2012 წლის “ამლინ ჩელენჯ ქაფის” გამარჯვებული “ბიარიცი”. აღსანიშნავია, რომ ამ 7 კლუბიდან 5-ში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ, მეექვსე გუნდი კი, სადაც ჩვენებური ითამაშებს, შოტლანდიური “ედინბურგია”. ინგლისი “ჰაინეკენის თასზე” 6 გუნდით ითამაშებს, უელსს ოთხი და ირლანდიას სამი მონაწილე ეყოლება, ხოლო შოტლანდიას და იტალიას ორ-ორი.
სპეციალისტებმა სიკვდილის ჯგუფად V ჯგუფი მონათლეს, სადაც თასის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული ირლანდიური “ლენსტერი” დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონთან” მოხვდა. გემახსოვრებათ, გასული “ჰაინეკენის თასის” ნახევარფინალში, ირლანდიელებმა ფრანგები 19:15 დაამარცხეს, არადა, საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, “კლერმონი” ვალდებული იყო ლელო გაეტანა, მაგრამ ჩათვლის მოედანში შესულ მორაგბეს ბურთი ხელიდან გაუცურდა. ამავე ჯგუფში არიან უელსის “სკარლეტსი” და ინგლისის “ექსეტერ ჩიფსი”.
“ჰაინეკენის თასის” არაფრანგულ გუნდში, შოტლანდიურ “ედინბურგში” მომავალი სეზონიდან ითამაშებს დიმიტრი ბასილაია. “ედინბურგმა” გასულ გათამაშებაში ნახევარფინალამდე მიაღწია, მომავალ სეზონს კი, “მანსტერთან”, “სარაცინთან” და “რასინგ მეტროსთან” ერთად დაიწყებს. საფრანგეთის ჩემპიონი, აქვსენტი გიორგაძის, ჯაბა ბრეგვაძის და ახლა უკვე ვასილ კაკოვინის “ტულუზა”, II ჯგუფში “ლესტერთან”, “ოსპრეისთან” და “ტრევიზოსთან” მოხვდა.
III ჯგუფში ქართველი ლეგიონერის გუნდი არ მოხვდა, “ჰალიქვინსთან” და “კონაჩტთან” კი, იქ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” გამარჯვებული “ბიარიცი” და ამ ტურნირის დებიუტანტი, იტალიური “ზებრე” ითამაშებენ. ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” IV ჯგუფში “ნორთჰემპტონი”. “გლაზგო” და “ოლსტერი” ეყოლენა. VI ჯგუფი ყველაზე ქართულია, რადგან იქ დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონთან” ერთად, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” ითამაშებს. მათ გარდა ჯგუფში “კარდიფი” და “სეილ შარქსი” მოხვდნენ.
ახლა იმ სხვა ამბებზეც ვთქვათ, რაც “ჰაინეკენის თასსა” და “ამლინ ჩელენჯ ქაფს” ეხება. ინგლისური კლუბები ევროტურნირების ორგანიზატორებს დაემუქრნენ, რომ თუ 2013/2014 წლების სეზონის ბოლოსთვის ამ გათამაშებების ჩატარების ფორმატი არ შეიცვლება, ისინი “ჰაინეკენისა” და “ჩელენჯის” თასის გათამაშებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ცვლილებებს ფრანგებიც ითხოვენ, მაგრამ ისინი მთლად ასეთი რადიკალური ფორმით არ გამოსულან.
ამ ქვეყნის კლუბების წარმომადგენელთა მოთხოვნაა, რომ “ჰაინეკენის” თასზე გუნდების რაოდენობა 24-დან 20-მდე შემცირდეს. ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ “ჰაინეკენის თასზე” პირდაპირ დაიშვას 6-6 საფრანგეთის და ინგლისის, ასევე, კელტების ლიგის საუკეთესო გუნდები, ხოლო დანარჩენი ორი ადგილი “ჰაინეკენის” და “ჩელენჯ” თასების გამარჯვებულებმა მიიღონ. ეს გამოიწვევს ამ ტურნირში ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კლუბების რაოდენობის შემცირებას. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ამ ოთხიდან რომელიმე ქვეყანას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილე აღარ შერჩეს (სავარაუდოდ, იტალიას).
ევროტურნირების ორგანიზატორები უკვე დიდი ხანია “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ფორმატთან დაკავშირებით მნსჯელობენ და განიხილავენ ვარიანტს, რომ მისი ძირითადი ეტაპი უცვლელი დატოვონ, მაგრამ იგეგმება შესარჩევი ეტაპის ცვლილება. საუბარია იმაზე, რომ 20-იდან 18 ადგილი, წამყვანი ქვეყნების გუნდებმა (+ ბუქარესტი) პირდაპირ მიიღონ, ხოლო დანარჩენი 2 ადგილისთვის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს, რუსეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის კლუბებმა იბრძოლონ.   
 
2012/2013 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი
I ჯგუფი: მანსტერი (ირლანდია), ედინბურგი (შოტლანდია), სარაცინი (ინგლისი), რასინგ მეტრო (საფრანგეთი);
II ჯგუფი: ტულუზა (საფრანგეთი), ლესტერი (ინგლისი), ოსპრეი (უელსი), ტრევიზო (იტალია);
III ჯგუფი: ბიარიცი (საფრანგეთი), ჰალიქვინსი (ინგლისი), კონაჩტი (ირლანდია), ზებრე (იტალია);
IV ჯგუფი: ნორთჰემპტონი (ინგლისი), ოლსტერი (უელსი), გლაზგო უორიორსი (შოტლანდია), კასტრი (საფრანგეთი);
V ჯგუფი: ლენსტერი (ირლანდია), კლერმონი (საფრანგეთი), სკარლეტსი (უელსი), ექსეტერ ჩიფსი (ინგლისი);
VI ჯგუფი: კარდიფი (უელსი), ტულონი (საფრანგეთი), სეილ შარქსი (ინგლისი), მონპელიე (საფრანგეთი).
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104921