ამბები

15:18 | 15.06.2012 | ნანახია 1654 - ჯერ

“შევარდენზე” 7-კაცა იწყება

შაბათ-კვირას, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს 2012 წლის პირველი ეტაპის თამაშები გაიმართება 7-კაცა რაგბიში. პირვანდელი გადაწყვეტილებით, მასში მონაწილეობა უმაღლესი ლიგის 10 და პირველი ლიგის ორ საუკეთესო გუნდს უნდა მიეღო, მაგრამ ცვლილებები მოხდა.
საქართველოს ჩემპიონმა და შარშანდელი 7-კაცას გამარჯვებულმა “არმიამ”, საქართველოს ეროვნულ და 20-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე მორაგბე მიავლინა, რის გამოც ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეორე უმაღლესლიგელი, რომელმაც 7-კაცას ეტაპი იუარა რუსთავის “ხარები” გახდა და მათი ადგილი კიდევ ორმა პირველლიგელმა დაიკავა, რითაც ქვედა დივიზიონის წარმომადგენელთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. შეიკრიბება თუ არა 12-ვე მონაწილე “შევარდენზე”, ხვალ დილიდან გამოჩნდება.
7-კაცა პირველი ეტაპის თამაშები შაბათს 11:00 საათზე, ფოთის “კოლხი რაინდებისა” და თბილისის “ჯიქების” თამაშით გაიხსნება. მიუხედავად პაპანაქება სიცხისა (იმედია, ხვალ და ზეგ შედარებით სიგრილე იქნება), წყვეტა არ იქნება და გუნდები ერთმანეთის მიყოლებით 19:30 საათამადე ითამაშებენ. კვირას, ასევე დილის 11:00 საათიდან, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები შედგება, უკვე 13:30 საათიდან კი, ნახევარფინალების ჯერი დგება. პირველი ეტაპის ფინალური მატჩი 17 ივნისს 17:10 საათისთვისაა დანიშნული, მაგრამ თუ რომელიმე გუნდმა (ან გუნდებმა) ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, ან შუა მსვლელობისას მიატოვა, მაშინ ფინალის ჩატარების დრო უფრო წინ გადმოიწერს.
საქართველოს ჩემპიონატის 7-კაცას მეორე ეტაპი 23-24 ივნისისთვისაა დანიშნული, ხოლო დასკვნითი მესამე ეტაპი 14-15 ივლისს გაიმართება.

2012 წლის საქართველოს ჩემპიონატი 7-კაცა რაგბიში
16-17 ივნისი. პირველი ეტაპი (სამ ეტაპად)
თბილისი. “შევარდენი”
“ა” ჯგუფი

ბათუმი XV (ბათუმი)
ხულიგანა (თბილისი)
კოლხი რაინდები (ფოთი)
ლელო (თბილისი)
აკადემია (თბილისი)
ჯიქები (თბილისი)

“ბ” ჯგუფი
ლოკომოტივი (თბილისი)
ყოჩები (თბილისი)
ბაგრატი (ქუთაისი)
აია (ქუთაისი)
არწივები (ოზურგეთი)
არმაზი (თბილისი)
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082093