ამბები

17:27 | 15.06.2012 | ნანახია 4347 - ჯერ

შვიდი ცვლილება ამერიკისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, უკრაინასთან 33:3 მოგებულ შემადგენლობაში ერთბაშად 7 ცვლილება განახორციელა. გარდა ამისა, ორმა მორაგბემ პოზიცია შეიცვალა.
უკანა ხაზში, სასტარტო შემადგენლობაში აღარ არიან ირაკლი ყიასაშვილი, ლაშა მალაღურაძე და ლექსო გუგავა. სამივე მათგანმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. მათ ნაცვლად აშშ-სთან მატჩს იწყებენ დავით კაჭარავა, სანდრო თოდუა და მერაბ კვირიკაშვილი. ამათგან, უკრაინასთან შეცვლაზე მხოლოდ კაჭარავამ ითამაშა, ხოლო დანარჩენი ორი განაცხადში არ იყო. რადგან 10 ნომერზე კვირიკაშვილი გამოჩნდა, უკრაინასთან ამ პოზიციაზე თამაშის დამწყებმა ლაშა ხმალაძემ 15 ნომერზე გადაინაცვლა. ამ პოზიციაზე “ლელოს” მორაგბემ 2011 წლის მსოფლიო თასზე, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშა.
შერკინების ხაზში, გიორგი ჩხაიძე 8 ნომრად ითამაშებს, ხოლო ზვიად მაისურაძე ამჯერად სათადარიგოთა შორისაა. მაისურაძის გარდა, უკრაინის მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში არ არიან მეორეხაზელი ბაჩუკი გუჯარაიძე, პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუჯარაიძე ამერიკულ ტურნეზე არ იმყოფება, ხოლო დანარჩენი ორი სათადარიგოთა შორისაა. შერკინების პირველ ხაზს გააძლიერებს დავით ზირაქაშვილი, მეორე ხაზში ითამაშებს ბექა ბიწაძე, რომელსაც “ბორჯღალოსნების” მაისურით დებიუტი სწორედ უკრაინასთან ჰქონდა, ნაკრებში დაბრუნებული ვეტერანი გია ლაბაძე და გივი ბერიშვილი. სათადარიგოთა შორის 23 ნომრით გამოჩნდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალის მონაწილე “ტულონის” შემადგენლობაში ლევან ჩილაჩავა.
ქართული დელეგაცია თბილისიდან აშშ-ში 11 ივნისს, ორშაბათს გამთენიისას გაემგზავრა და დანიშნულების ადგილს დამღლელი, 34 საათიანი მოგზაურობის შემდეგ ჩააღწია. გუნდს საფრანგეთიდან აშშ-ში შეუერთდნენ ჩილაჩავა და ლაბაძე. თამაში კოლორადოს შტატში, ქალაქ დენვერში, “გლენდეილში” გაიმართება, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ამერიკელებმა სათამაშოდ ეს ადგილი იმის გამო შეარჩიეს, რომ ქართველებთან შარშანწინდელი მარცხისთვის რევანში სწყურიათ და კლიმატური პირობები და დროში 10 საათიანი სხვაობა, ქართველ მორაგბეებს ადაპტაციაში პრობლემას უქმნის.
სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, “ბორჯღალოსნები” აკლიმატიზაციის პროცესს გადიან და მიკროტრავმების მიუხედავად, დღეში ორჯერადი ვარჯიშები აქვთ. მწვრთნელების თქმით, იმ მორაგბეებს, რომლებიც ამჯერად განაცხადში არ არიან, თავის გამოჩენის შანსი კანადასთან ექნებათ. შეგახსენებთ, რომ შუამარბი მერაბ შარიქაძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია, აშშ-სთან ჯახის შემდეგ სოლტ ლეიკ სიტიში გაემგზავრება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება.
“არწივები” რევანშის ასაღებად კარგა ხანია ემზადებიან და გასულ შაბათს კანადასთან ტესტ-მატჩიც გამართეს. გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს, გამარჯვება კი, კანადელებს დარჩათ - 28:25. აშშ-ს ნაკრები გამოცდილი და ახალი მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. მთავარმა მწვრთნელმა მიკ ტოლკინმა, აშშ-ს ყველა დროის გამორჩეულ მორაგბეებს, გუნდის კაპიტან ტოდ კლევერს, ტაკუ ნგვენიას და პოლ ემერიკსაც უხმო. რაც შეეხება გლენდეილის “ინფინიტი პარკს”, ის 4 ათას გულშემატკივარს იტევს, ბილეთის ფასი 15 დოლარიდან იწყება და მასპინძლები ვარაუდობენ, რომ საქართველოს სავსე ტრიბუნების წინაშე დაუხვდებიან.
საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებისთვის, ეს მესამე ურთიერთშეხვედრა იქნება. პირველი ნაცნობობა 2009 წელს, “ჩერჩილის თასზე” დენვერში შედგა და საქართველოს გადახალისებული შემადგენლობა მაშინ 13:31 დამარცხდა. 2010 წელს აშს თბილისს ესტუმრა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ მე-8 დამატებულ წუთზე, “ბორჯღალოსანთა” შერკინებამ სასწაული მოახდინა, მეტოქეს ბურთი საკუთარი შერკინებიდან წაართვა, ირაკლი აბუსერიძემ თავგანწირვით ითამაშა, ლექსო გუგავამ კი, ლელოთი წონასწორობა აღადგინა, რასაც ზუსტი გარდასახვა და საქართველოს ნაკრების 19:17 გამარჯვება მოყვა.

17 ივნისი (კვირა). 05:00 (თბილისის დროით)
“ინფინიტი პარკ”. გლენდეილი. დენვერი (კოლორადო)
აშშ - საქართველო
საქართველო:
15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 13 კეპი, 5 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 55, 110), 13. დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 52, 60), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 5, 10), 11. სანდრო თოდუა (“ლელო”, თბილისი, 32, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 60, 331), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ., “ოსერი”, საფრანგეთი, 80, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 4, 0), 2. რევაზ ბელქანია (“ლა სეინი”, საფრანგეთი, 8, 5 ქულა), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 32, 35), 4. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 1, 0), 5. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 13, 10), 6. გია ლაბაძე (“ლა სეინი”, საფრანაგეთი, 65, 60), 7. გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 9, 0), 8. გიორგი ჩხაიძე (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი, 57, 35).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 5, 0), 17. ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი, 1, 0), 18. ზვიად მაისურაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი, 31, 30), 19. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 1, 0), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი XV”, ბათუმი, 5, 0), 21. ლაშა მალაღურაძე (“ვალანსი”, საფრანგეთი, 35, 100), 22. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 7, 29), 23. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 1, 5).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი, 0, 0), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 60, 30), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 62, 75), ლექსო გუგავა (“ლელო”, თბილისი, 24, 25), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3, 5).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
შერკინების მწვრთნელი: კრის გიბსი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.152765