საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორე მეტოქე ჩრდილოამერიკულ ტურნეზე კანადის ნაკრები, ტორონტოში იტალიას დაუხვდა და 16:25 დამარცხდა. ეს იყო “ნეკერჩლის ფოთლების” მეორე მატჩი ივნისის ტესტ-მატჩებზე. პირველ ჯახში კანადელებმა ქართველთა უახლოესი მეტოქე აშშ 28:25 დაამარცხეს, მაგრამ ამჯერად იტალიელთა ძალისმიერ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეს.
12220 მაყურებლის წინაშე გამართული მატჩის პირველი ტაიმი, მასპინძლებმა 13:9 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ევროპელებს დიდი ვერაფერი დაუპირისპირეს. კრისტოფერ ბარტონმა იტალიელთა 25 ქულიდან 20 მიითვალა. მან 6 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა, რაზეც კანადის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მექულე (მეორე) ჯეიმს პრიტჩარდმა სამი ჯარიმით და ერთი გარდასახვით უპასუხა.
“იტალიის ნაკრების შერკინება ძალიან ძლიერი იყო და მათ კონტრშეტევებზეც დაგვჯაბნეს. ვერ შევძელით იმ გეგმის შესრულება, რომელიც მატჩამდე დავისახეთ” - განაცხადა ნამატჩევს კანადის ნაკრებვის მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე პრიტჩსრდმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, რაზეც ავსტრალიური წარმოშობის ბარტონმა მალევე ჯარიმით უპასუხა. მე-17 წუთზე კანადელებს პირველხაზელი ჰუბერტ ბაიდენსი დაემტვრათ, მან ტერფი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქმნა. 28-ე წუთამდე გუნდებმა კვლავ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 33-ე წუთზე, იტალიელთა 9 ნომერმა ტიტო ტებალდიმ საკუთარ 22-ში ბურთი ვერ შეიმაგრა, ის კონორ ტრაიმონ აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო პრიტჩარდმა გარდასახვა გამოიყენა. ბარტონმა ზედ შესვენების წინ ჯარიმით სხვაობა შეამცირა და ტაიმი 13:9 დასრულდა.
განახლდა თუ არა თამაში, კანადა რაქში დაჯარიმდა და ბარტონმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. 50-ე წუთზე, როდესაც კანადელები რაქში ერთხელაც დაჯარიმდნენ, იტალიელებმა ბურთი აუტში, მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში გაიტანეს, დერეფანი მოიგეს და ლელოთი დაწინაურდნენ, ხოლო ბარტონმა გარდასახვით იტალიელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. პრიტჩარდმა სხვაობა მალე შეამცირა, როდესაც სტუმრები ბლოკისთვის დაჯარიმდნენ, მაგრამ 62-ე და 72-ე წუთებზე, კანადელთა შერკინება ორჯერ დაჯარიმდა და ანგარიში 25:16 გახდა. პტიტჩარდს 75-ე წუთზე მიეცა ჯარიმის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. კანადამ ბოლო წუთებზე მძლავრად შეუტია, მაგრამ იტალიამ თავი დაიცვა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
კანადის ნაკრები საქართველოს თბილისის დროით 24 ივნისს, თბილისის დროით ღამის 1 საათზე ვანკუვერში დაუხვდება, მანამდე კი, 17 ივნისს გამთენიისას, 5 საათზე “ბორჯღალოსნები” დენვერში აშშ-ს ეთამაშებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია