საქართველოს ნაკრებმა თავდაუზოგავად იბრძოლა, პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირებული 20-ქულიანი ჩამორჩენა 11-მდე დაიყვანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ორი წლის წინათ, თბილისში ჩადენილი სასწაული ვეღარ გაიმეორა და 20:36 დამარცხდა.
ამერიკის ნაკრებმა თანამედროვე, სწრაფი, გაშლილი რაგბი ითამაშა. ერთადერთი, რაშიც ამ შეხვედრაშიც “ბორჯღალოსნები” მეტოქეს აღემატებოდნენ, ზემოთ ნახსენები თავდადება და შერკინება იყო, სხვა მხრივ კი, “არწივებმა” გვაჯობეს - ხელით თამაშში, სისწრაფესა და დავალებების უკეთ შესრულებაში. გუნდში გია ლაბაძის დაბრუნების მიუხედავად, ვერ ივარგა საქართველოს ნაკრების დერეფანმა და რამდენჯერმე ბურთი ჩვენი მოწოდებისასაც დაიკარგა.
მთლიანობაში, ეს იყო ორი ღირსეული ნაკრების დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელიც მოცემულ მომენტში უკეთ მომზადებული აღმოჩნდა.
მიუხედავად მსოფლიო რეიტინგში დაკავებული ადგილებისა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამერიკის ნაკრები საქართველოსაზე წინაა. თბილისში, სადაც განსაკუთრებული აურაა, შეიძლება, არც ამ შემადგენლობით დავმარცხდეთ “არწივებთან”, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით და შესრულების ოსტატობით აშშ ქართველებზე წინ რომაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
გამოჩნდა ისიც, რომ ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრებისთვის ერთი და ორკვირიანი მომზადება თამაშის საბოლოოდ დასახვეწად საკმარისი არაა და გამოჩნდა ისიც, 4-5 მორაგბის შეცვლა ჩვენს გუნდს უფრო მეტად ემჩნევა, ვიდრე იმავე აშშ-ს და ამ დონის სხვა ნაკრებებს.
ჩვენი არ იყოს, ამერიკელებიც ახალ ოთხწლიან ციკლს იწყებენ და გუნდი გამოცდილი და ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენდა. ამის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გუნდები მეტნაკლებად თანაბარ სიტუაციაში იმყოფებოდნენ, მაგრამ შესრულების ოსტატობა და გადაწყვეტილებების მიღება, მეტოქისა ჩვენსას ჯობდა.
ამერიკელებმა რამდეჯერმე ფეხით ტაქტიკურ დარტყმებში აგვიყოლიეს. მართალია, 15 ნომრის პოზიციაზე კარგად გაისარჯა ლაშა ხმალაძე და მეტოქეს კარგი ხურდები დაუბრუნა, მაგრამ ამ დროს ვერ ხერხდებოდა ხაზის დაწყობა და ე.წ. პინგ-პონგის შედეგად, უპირატესობა მაინც მეტოქეს რჩება.
ამ თამაშში გამოჩნდა ისიც, რაშიც ამერიკელებს და არა მარტო მათ, ბევრით ვჯობნით. ესაა ბოლომდე ბრძოლა, მეტოქისთვის არაფრის დათმობა და სრული თავგანწირვა - რის გამოც ჩვენი მორაგბეები მთელმა ქვეყანამ შეიყვარა.
“არწივებს”, და არა მარტო მათ, ვჯობნით იმაშიც, რომ საქართველოს ნაკრებში მხოლოდ სისხლხორციელად ქართველი მორაგბეები ბურთაობენ და არა სხვა ერის შვილები. აშშ-ს ნაკრებში მრავლად არიან ნატურალიზირებული კუნძულელები (მსგავსი ფაქტები წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებშიც მრავლად მოიპოვება) და მათი შესრულების ოსტატობა გუნდს სასიკეთოდ წაადგა, მაგრამ ქართველი ჯეელის გატანილი ლელო სულ სხვაა, უცხოტომელის ნებისმიერ გაბრწყინებასთან შედარებით.
საინტერესო თამაშის სანახავად, რომელშიც ამერიკელებს შარშანწინდელი მარცხისათვის რევანში სწყუროდათ, გლენდეილში 4 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მატჩის დებიუტი და ზოგადად პირველი ტაიმი, “ბორჯღალოსნებმა” არეულად ჩაატარეს, რამდენიმე ბავშვური შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს დიდი ფორა მისცეს.
საწყისი 15 წუთის განმავლობაში მასპინძლებმა ბურთი დაგვიმალეს, სწრაფად, აგრესიულად შემოგვიტიეს და ეს ქულებშიც სათანადოდ ასახეს. მათ პირველსავე წუთზე მოახერხეს ქართველთა ხაზის გაჭრა, მაგრამ ჩვენს 22-ში ბოჭვისას ბურთი წინ დაუვარდათ და ლელო არ შედგა, მაგრამ რეფერიმ ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნა და კრის უაილზმა მე-3 წუთზე ახლოდან ანგარიში გახსნა.
განახლდა თამაში და საქართველოს ნაკრებმა პირველი დერეფანი წააგო, ტოდ კლევერი სალელოვე გარღვევას იწყებდა, მაგრამ მისი შეჩერება მოხერხდა. შემდეგ ეპიზოდში უკვე ლუკ ჰიუმიმ გაჭრა ხაზი და ბევრი ირბინა, მაგრამ 22-ის ხაზთან ლაშა ხმალაძის ნადავლი გახდა, მასპინძლებმა ფეხით ითამაშეს და ბურთი აუტში გაუვიდა, თუმცა, დერეფანში ბურთი არასწორად ავაგდეთ და “არწივებს” ახალი შეტევის დაწყების საშუალება მიეცათ.
მასპინძლებმა, დერეფნის შემდეგ, მოლით წაიწიეს წინ, მერე ხაზზე გაშალეს ბურთი, დაახლოებით წუთნახევარი, მაღალ ტემპში ფლანგები ისე ცვალეს, რომ შეცდომა არ დაუშვით, მერე სამოელი სუნიულა გიორგი ჩხაიძეს დაუსხლტა და მზღვეველების მცდელობის მიუხედავად, მისი შეჩერება ვერ მოხერხდა - 0:8, რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო.
მე-15 წუთზე, საქართველოს ნაკრებმა პირველად მოახერხა ბურთის დაუფლება და მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მაგრამ ხიფათის გარეშე. აშშ-ს ჩათვლის მოედანს 30 მეტრზე ახლოს ვერ მივუახლოვდით, პირიქით, უკან დავიხიეთ და მერე ბურთიც დაიკარგა.
სამაგიეროდ, მე-19 წუთზე, როდესაც ქართველებმა მეორედ შეძლეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა, დაახლოებით 40 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან შეტევა მარჯვენა ფლანგზე განვითარდა, ხაზის გასწვრივ ალექსანდრე თოდუა გაიქცა, ის ბოლო მცველმა ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში შებოჭა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა მიყოლა არ დააგვიანა და ალამთან ლელო გაიტანა - მისი გარდასახვა არაზუსტი იყო და 5:8.
ამას კვლავ საქართველოს ნაკრების დაცვაში ჩავარდნა მოჰყვა. პოლ ემერიკმა, რომელიც “არწივების” კვართით 50-ე მატჩს ატარებდა, ხაზი გაჭრა, “ბორჯღალოსნები” საკუთარ 22-ში, რაქში დაჯარიმდნენ და უაილზმა ჯარიმა გაიტანა. ეს 23-ე წუთზე მოხდა და საპასუხოდ, კვირიკაშვილმა კარგი გარღვევა წამოიწყო, როდესაც ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო და წინ დაიძრა, მაგრამ პასი დააგვიანა და დაახლოებით 25 მეტრში შებოჭეს.
ორივე გუნდმა ფეხით თამაშით სცადა ტერიტორიული უპირატესობით მოპოვება. საქართველოს ნაკრების დაცვაში ბზარი გაჩნდა, ჯეიმს პატერსონი მბოჭავს გაექცა და ხმალაძეზე 3 ამერიკელი გავიდა. გადაცემა მარცხნივ გაკეთდა და ტეილორ მოქითმა ძელებსშუა ლელო უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო უაილზმა გარდასახვა გამოიყენა - 5:18.
“ბორჯღალოსნებმა” დასარტყმელი ჯარიმა 5-მეტრა აუტში გაიტანეს და ლელოზე თამაში გადაწყვიტეს, მაგრამ დერეფანში ბურთი ისევ დაიკარგა. მიუხედავად ამისა, ამერიკელებს საკუთარი 22-იდან ასვლის საშუალება არ მიეცათ და 34-ე წუთზე კარის გასწვრივ გატანილი ჯარიმით, კვირიკაშვილმა სხვაობა შეამცირა.
აქ უკვე გამოკვეთილი იყო ქართველთა უპირატესობა შერკინებაში, მაგრამ ასეთივე უპირატესობა ჰქონდა აშშ-ს დერეფანში. ამასთან, საქართველოს ნაკრები ხშირად ჯარიმდებოდა და ხაზში კვლავ შეცდომებს უშვებდა. ასე მოხდა 37-ე წუთზე, როდესაც სუნიულამ ცენტრალურ ხაზთან ძალიან იოლად, სუფთად გაჭრა ხაზი, ხმალაძეზე ამჯერადაც 3 მოიერიშე გავიდა და ლელო მაიკ პეთრიმ მიითვალა.
ზედ შესვენების წინ, მასპინძლებმა ერთი კარგი, სწრაფი იერიშიც განახორციელეს, გივი ბერიშვილი 22-ში დაჯარიმდა და რადგან ბევრი ჯარიმა დაგვიგროვდა, რეფერიმ მას ყვითელი ბარათი უჩვენა, უაილზმა კი, სამიოდე წუთის გატანილ გარდასახვას ჯარიმაც მიაყოლა და აშშ-მ ტაიმი 28:8 მოიგო.
პირველი ტაიმის მსვლელობიდან და დამატებითი გარემოებებიდან (ზღვის დონიდან 1600 მეტრი სიმაღლეზე თამაშით და 34-საათიანი მგზავრობით გამოწვეული გადაღლით) გამომდინარე, მე-2 ნახევარი კარგს არაფერს გვიქადდა. მილტონ ჰეიგმა მოედანზე ზვიად მაისურაძე შეიყვანა, რომელმაც მოგვარე ვახტანგი შეცვალა. ჩხაიძემ შერკინების მე-2 ხაზში გადაინაცვლა, ზვიადი შერკინების შემკვრელად დადგა და თამაშში აქტიურად ჩაერთო.
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ირაკლი აბუსერიძეს ბექა ბიწაძემ ვერ გაუგო, მიხეილ ნარიაშვილი მცველმა საუცხოოდ შებოჭა, ხოლო დავით ზირაქაშვილმა არცთუ კარგი პასის შემდეგ, ბურთის შემაგრება ვერ მოახერხა.
მალე, მოედანზე ლაშა მალაღურაძე გამოჩნდა, რომელმაც კვირიკაშვილი შეცვალა და მისთვის საყვარელი 10 ნომრის პოზიცია დაიკავა. მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, უაილზმა 45-ე წუთზე, თითქმის კარის გასწვრივ 10-15 მეტრიდან, ჯარიმით, უპირატესობის გაზრდა განიზრახა, მაგრამ ასპროცენტიანი დარტყმა გაუცუდდა, მერე კი, მამაცურად მებრძოლმა ქართველებმა სალელოვე შანსი მიიღეს. “არწივებმა” ჩვენს 22-თან დაკარგეს ბურთი, აბუსერიძემ ფეხით შორს გადაკიდა, ირაკლი მაჩხანელმა მცველთან ჭიდილში ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ წაჰკრა და ის მეტოქის ნადავლი გახდა, მაგრამ მაჩხანელმა და მალაღურაძემ მცველი იქვე, ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში შებოჭეს, ბურთი წაართვეს და დავით კაჭარავა ლელოს აუცილებლად გაიტანდა, რეფერის ქართველები რომ არ დაეჯარიმებინა, არადა, სიტუაცია ჯარიმას არ ჰგავდა...
სამხრეთაფრიკელმა შეცდომა მალევე გამოსწორა, როდესაც ლუკ ჰიუმიზე, რომელმაც ბურთი ფეხით გადაიკიდა და ჩვენს ჩათვლის მოედანში დაამიწა, მანამდე წინთამაში დააფიქსირა. მართალია, დერფანში სტუმრებს კვლავ უჭირდათ, მაგრამ მე-2 ტაიმში შეცდომების დაშვება აშშ-მაც დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა იერიში მეტოქის 22-ში გაშალა. აბუსერიძემ დასარტყმელი ჯარიმები სწრაფად გაათამაშა, ქართველმა მორკინალებმა მეტოქის დაცვა დაამუშავეს, მერე ბურთი მარცხნივ გაიშალა, სადაც კაჭარავამ ერთი შეხებით ბურთი შარიქაძეს დაუტოვა და მოძრაობით, ამერიკელები თან გაიყოლა, ახალგაზრდა შუამარბმა კი, ლელო ალამთან გაიტანა. მალაღურაძეს გარდასახვა გაუფუჭდა, ხოლო 57-ე წუთზე, უაილზის ჯარიმა ზუსტი იყო და სხვაობა უმნიშვნელოდ შემცირდა.
ჰეიგმა ნელ-ნელა სათადარიგოები შეუშვა მოედანზე. სინბინის ვადის გასვლის შემდეგ, ბერიშვილის ნაცვლად, მოედანზე გიორგი თხილაიშვილი გამოჩნდა, რევაზ ბელქანია შალვა მამუკაშვილმა შეცვალა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა - ალექსანდრე თოდუა და თავად 15 ნომრად დადგა, ხოლო ხმალაძემ ფლანგზე გადაინაცვლა.
მე-60 წუთზე, ქართველთა თვგანწირულ თამაშს ლელო მოჰყვა. მეტოქემ ცენტრის სიახლოვეს დაკარგა ბურთი, აბუსერიძემ მალაღურაძეს გადააწოდა, მის პასს შარიქაძე ვერ იღებდა და ფეხი წაჰკრა, მეტოქის 22-ში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მცველებმა ქართველების რამდენიმე მცდელობა შეაჩერეს, ჩათვლის მოედნიდან მეტრში წარმოქმნილ რაქში კაჭარავამ იყოჩაღა და მცველთან ჭიდილში ბურთი დაამიწა, ხოლო მალაღურაძემ გარდასახვა ზუსტად შესრულა - 31:20.
მატჩის დასრულებამდე 17 წუთი რჩებოდა და სათითაოდ ყველა “ბორჯღალოსნის”, ასევე, გუნდური თავგანწირვის შემყურე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, თამაშის შემობრუნება არარეალური სულაც აღარ ჩანდა.
მასპინძლებმა საქართველოს ნაკრებს 22-ში და 5 მეტრში 2-3-წუთიანი შტურმი მოუწყეს, მაგრამ ლელოს გატანა არავინ დაანება და იმედი კიდევ უფრო გაიზარდა. აშშ-მ, უპირატესობის გაზრდა ჯარიმით სცადა, მაგრამ კარის გასწვრივ 42 მეტრიდან უაილზს დარტყმა გაუცუდდა და საქართველოს ნაკრების ჯერი დადგა, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ იჩინა თავი სათამაშო უდისციპლინობამ, ორიოდე წუთით ადრე ზირაქაშვილის (რომელმაც აბუსერიძის გასვლის შემდეგ კაპიტნობა ითავა) სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, სამხრეთაფრიკელმა ზვიად მაისურაძისგან რაქში ხელით თამაში დაინახა და ის სინბინში გაუშვა.
“ბორჯღალოსნებმა” მაინც იბრძოლეს და 76-ე წუთზე, მალაღურაძე თავისივე 22-იდან ჭკვიანური კონტრშეტევის დაწყებას გეგმავდა – ფეხით, დაბალი ტრაექტორიის ბურთის შეცურებით, მთელი დაცვის ხაზის უსაქმოდ დატოვებას აპირებდა, მაგრამ ბურთი ერთ-ერთ ამერიკელს მოხვდა და ჯეიმს პატერსონმა, ლელოთი, თამაშს საბოლოო წერტილი დაუსვა. სწორედ ამ ლელოს წყალობით იმარჯვა აშშ-მ ლელოებში 4:3, თორემ ეს მაჩვენებელი თანაბარი იქნებოდა და მასპინძელთა გუნდი მხოლოდ ჯარიმებით მოიგებდა.
თამაში 20:36 დავთმეთ და რეიტინგში ეს უარყოფითად აისახება, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში უნდა დაინახოს მწვრთნელმა ხარვეზები, გამოსცადოს უახლოესი რეზერვი და შეადგინოს მომავალი გეგმა, რომელმაც მომავალი წლიდან 2015 წლის მსოფლიოს თასამდე უნდა მიგვიყვანოს.
ერთ კვირაში, აშშ-ს ნაკრები, რომელიც დღეისათვის მსოფლიო რაგბში უფრო დაფასებულია, იტალიას დაუხვდება, ხოლო “ბორჯღალოსნები” ვანკუვერში გადაინაცვლებენ და თბილისის დროით, 24 ივნისის შუაღამის 01.00 საათზე, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მომავალ ჯახში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომელიც სოლტ ლეიკ სიტიში გადაინაცვლებს და საქართველოს 20-წლამდელთა გუნდს შეუერთდება. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, კანადელებთან თავის გამოჩენის შანსი იმ მორაგბეებს მიეცემათ, რომელთაც “არწივების” წინააღმდეგ არ უბურთავიათ. ამით დასრულდება სასელექციო პროცესი და როგორც საქართველოს რაგბის კავშირის და ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, ნოემბრიდან “ბორჯღალოსნები” ყველა თამაშს უძლიერესი შემადგენლობით შეხვდებიან.
17 ივნისი (კვირა). 01:00 (თბილისის დროით)
“ინფინიტი პარკ”. გლენდეილი. დენვერი (კოლორადო)
აშშ - საქართველო 36:20 (28:8)
აშშ: 15. კრის უაილზი, 14. ლუკ ჰიუმი, 13. პოლ ემერიკი (კოლინ ჰოლი 43), 12. ენდრიუ სუნიულა, 11. ჯეიმს პატერსონი, 10. როლანდ სუნიულა (უილ ჰოულდერი 78), 9. მაიკ პეთრი (შონ დევისი 78); 1. შონ პიტმენი, 2. კრის ბილერი (დერიკ ესბანი 72), 3. ერიკ ფრაი (ტოლიფილი ლიუფაუ 75), 4. ლუი სტენფილი, 5. ბრაიან დოილი, 6. ტეილორ მოქეითი (ებდრიუ დურუტალო 48), 7. სკოტ ლავალა, 8. ტოდ კლევერი.
4 ლელო: ე. სუნიულა, მოქეითი, პეთრი, პატერსონი
2 გარდასახვა: უაილზი
4 ჯარიმა: უაილზი
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა (22. ირაკლი ყიასაშვილი 52), 10. მერაბ კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 45), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. გიორგი ბეგაძე 72); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ირაკლი მირცხულავა 72), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი 58), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ბექა ბიწაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე (18. ზვიად მაისურაძე 41), 6. გია ლაბაძე, 7. გივი ბერიშვილი (19. გიორგი თხილაიშვილი 51), 8. გიორგი ჩხაიძე.
სათადარიგოები: 23. ლევან ჩილაჩავა.
განაცხადში არ იყვნენ: დავით ჩიტიძე, ბიძინა სამხარაძე, თედო ზიბზიბაძე, ლექსო გუგავა, ბექა წიკლაური.
3 ლელო: კვირიკაშვილი, შარიქაძე, კაჭარავა
1 გარდასახვა: მალაღურაძე
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
2 სინბინი: ბერიშვილი, ზ. მაისურაძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
შერკინების მწვრთნელი: კრის გიბსი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რეფერი: მორის იონკერი (სამხრეთ აფრიკა)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია