გასულ შაბათს, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ტურნეზე მყოფმა ევროპულმა ნაკრებებმა, 5 ტესტ-მატჩი გამართეს. ჩრდილოელთაგან მხოლოდ ერთმა, შოტლანდიის ნაკრებმა და ისიც შედარებით სუსტ ფიჯისთან იმარჯვა, დანარჩენ შემთხვევებში კი, დრამატული მატჩები სამხრეთელი ბობოლების მცირესხვაობიანი გამარჯვებებით დასრულდა.
რადგან ფიჯი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეა ნოემბრის ტესტებში, ხოლო შოტლანდია ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელმაც სამხრეთულ ტურნეზე გამარჯვება მოიპოვა და დროის თვალსაზრისით ეს მატჩი ყველაზე ადრე ჩატარდა, ჩვენი მიმოხილვაც ამ დაპირისპირებით დავიწყოთ.
სქოთებმა 5 ივნისს ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით თვით ავსტრალია წააქციეს და ფიჯის, რომელმაც მანამდე წყნარი ოკეანის თასზე 2 მატჩი გამართა (იაპონია 25:19, სამოასთან 26:29), იმედიანად ეწვივნენ. კუნძულელთათვის ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მათთან ტესტ-მატჩის გასამართად ექვსი ერის წარმომადგენელი ჩავიდა და სურდათ დაემტკიცებინათ, რომ ჯაბანნი სულაც არ არიან.
ეს გუნდები აქამდე ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ფიჯელებმა მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს, სუვაში მოახერხეს მეტოქის 51:26 დამარცხება. წვიმიან ამინდში, მათ 14 წლის წინანდელი მიღწევის გამეორება ეწადათ, მაგრამ შოტლანდია ძლიერი აღმოჩნდა როგორც ფეხით თამაშში, ასევე, შერკინებაში. მასპინძელთა ორ ჯარიმას, ლეიდლოუმ მე-16 წუთზე ლელოთი უპასუხა და გარდასახვაც გამოიყენა, ხოლო 21-ე წუთზე, ევროპელთა შერკინების სიძლიერე საჯარიმო ლელოში აისახა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
ფიჯიმ სამ წუთში შეძლო ლელოთი სხვაობის შემცირება, მაგრამ 32-ე წუთზე ლეიდლოუმ ჯარიმიდან იხეირა, ხოლო 36-ე წუთზე, ჰოლანდიური წარმოშობის ტიმ ვიზერმა, რომელსაც სქოთთა რიგებში დებიუტი ჰქონდა, თავისი პირველი ლელო გაიტანა და ლეიდლოუმ გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 24:11. მანვე, მე-2 ნახევრის დასაწყისში, ჯარიმით, სტუმართა უპირატესობა გაზარდა, მაგრამ მასპინძლებმა ძალები მოიკრიბეს, 65-ე წუთამდე 2 ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს.
ფიჯის მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ 70-ე წუთზე, ლეიდლოუმ ჯარიმით, სტუმართა უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა, ხოლო 77-ე წუთზე, ვიზერმა თავისი მე-2 ლელოთი შოტლანდიას გამარჯვება გაუნაღდა და ლეიდლოუმ გარდასახვით საბოლოო ანგარიში - 37:25 დააფიქსირა. შოტლანდიას 23 ივნისს წლევანდელი წყნარი ოკეანის თასის მომგებ სამოასთან ელის დაპირისპირება, ხოლო ფიჯი შიდა ტურნირს ტონგასთან მატჩით დაუბრუნდება და მე-2 ადგილისთვის იბრძოლებს.
ბარემ ვთქვათ, რომ წყნარი ოკეანის დასკვნით მატჩში, სამოა, ნოემბერის ტესტებში ქართველთა კიდევ ერთ მომავალ მეტოქეს - იაპონიას დაუპირისპირდა და მეტოქე 27:26 დაამარცხა.
იაპონელები 2 ჯარიმით და 2 ლელოთი, 27-ე წუთზე 16:0-ს იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილ 9 წუთში, სამოამ 2 ლელო გაიტანა და ორივე გარდასახვა გამოიყენა. მე-2 ნახევრის დასაწყისში, სამოელები ჯარიმით დაწინაურდნენ, 61-ე წუთზე, ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო 65-ე წუთზე, ჯარიმით, ანგარიში 27:16 გახადეს. მატჩის დასკვნითი 10 წუთი იაპონელებისა იყო და მათ 69-ე და 78-ე წუთებზე 2 ლელო გაიტანეს, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა გამოიყენეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ერთი კვირის წინათ, 10:42 შერცხვენის შემდეგ, ირლანდია მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას ცოტა ხნის წინ მიწისძვრისგან დაზარალებულ კრაისტჩერჩში გმირულად ებრძოლა და ოდნავ იღბალი რომ ჰქონოდა, არ დამარცხდებოდა.
ცივ ამინდში გუნდებმა მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და გმირულად იბრძოლეს, საბოლოო ანგარიში კი, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დენ კარტერმა არეკნით დააფიქსირა - 22:19. აღსანიშნავია, რომ ამ დროს “ოლ ბლექსი” კაცნაკლული თამაშობდა და კელტებს მოგების თუ არა, მატჩის ფრედ დამსრულების იმედი მაინც ჰქონდათ, მით უმეტეს, რომ 2 წუთით ადრე კარტერს არეკნის ერთი მცდელობა გაუცუდდა, მაგრამ...
ირლანდიელებისთვის ეს ზელანდიის დამარცხების 26-ე ცდა იყო (მანამდე გამართულ 24 მატჩში ახალმა ზელანდიამ იმარჯვა, ერთი კი, ფრედ დასრულდა) და თამაში სტუმრებისთვის დიდებულად დაიწყო. კონორ მიურეის ადრეულ ლელოს, ჯონათან სექსტონის ზუსტი გარდასახვა, ხოლო მე-18 წუთზე ჯარიმა მოჰყვა და ირლანდია 10:0 დაწინაურდა.
მასპინძლებმა ამის შემდეგღა მოახდინეს მობილიზაცია, შერკინებაში უპირატესობა მოიპოვეს და დენ კარტერმა, 33-ე წუთისთვის, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მას შეეძლო გუნდი შესვენებაზე იდერის რანგში გაეყვანა, მაგრამ დარტყმა გაუფუჭდა და მსოფლიოს ჩემპიონმა ტაიმი 9:10 დათმო.
ზელანდია 42-ე წუთზე დაწინაურდა. სონი ბილი უილიამსი მედგრად ეკვეთა ირლანდიელთა დაცვის ხაზს, მორკინალები იგვიანებდნენ, ამიტომ, 9 ნომერმა აარონ სმიტმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და “ოლ ბლექსის” მაისურით თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო კარტერმა გარდასახვა გამოიყენა. გაჩნდა ეჭვი, რომ ზელანდიელები ირლანდიის ჩათვლის მოედანში “ღია კარის დღეს” მოაწყობდნენ, მაგრამ კელტებმა კარგი დაცვა აჩვენეს, 45-ე წუთზე კი, სექსტონმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა.
მე-2 ნახევრის შუაწელს, კარტერმა და სექსტონმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 69-ე წუთზე ირლანდიამ ანგარიში გაათანაბრა. სექსტონს, დაგის სინბინის შემდეგ, სტუმართა დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
შემდგომში კარტერმა ჯერ მარჯვენა ფეხით სცადა არეკნის გატანა, ბურთი ირლანდიელის ხელს შეეხო და კარს აცდა, მაგრამ მეორე ჯერზე მისმა მარცხენამ უშეცდომოდ იმუშავა და ზელანდიამ დიდი სიხარულით გაიხარა.
23 ივნისს ეს გუნდები მე-3 ჯახს გამართავენ და წარსული გამოცდილების გამოყენებით, ირლანდიელები დანავსული სერიის შეწყვეტას ეცდებიან.
ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა უელსი მელბურნში ავსტრალიის ნაკრებთან, არადა, გამარჯვება ძალიან ახლოს იყო. ზელანდიაში დაბადებული მიკ ჰარისი, მოედანზე საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე, ბერიკ ბარნსის ნაცვლად შევიდა. მაშინ მისი გუნდი 22:23-ს აგებდა, მაგრამ მე-80 წუთზე ჰარისმა შანსი მიიღო, ფეხი არ აუკანკალდა და “კენგურუებს” სერიაში მოგება დაუბევა, თუმცა, ერთი კვირის თავზე, ამ გუნდებს კიდევ ერთი დაპირისპირება ელით.
მატჩის დებიუტში, ლელო სტუმარმა - ჯორჯ ნორტმა გაიტანა და ჰალფპენიმ გარდასახვა გამოიყენა, რაზეც 29-ე წუთამდე მასპინძლებმა ბერნსის 2 ჯარიმით უპასუხეს, ხოლო რობერტ ჰორნიმ შესვენებამდე 2 წუთით ადრე ლელო გაიტანა და ბარნსმა მასპინძლებს ტაიმი 13:7 მოაგებინა.
მე-2 ნახევარი კვლავ სტუმართა ლელოთი დაიწყო – ამჯერად, თავი ჯონათან დევისმა გამოიჩინა და ჰალფპენიმ უელსს გარდასახვით ლიდერობა დაუბრუნა. ამის შემდეგ თამაში ბერნსისა და ჰალფპენის შეჯიბრს დაემსგავსა - ჯერ მასპინძლები გადიოდნენ წინ ჯარიმით, მერე ჰალფპენი ასრულებდა ზუსტ დარტყმას.
უელსი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც თითქოს ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ჰარისმა ევროპელებს გამარჯვება არ დაანება.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა, იოჰანესბურგში, ინგლისთან გამართული მეორე ტესტ-მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და 36:27 დამსახურებულად გაიმარჯვა. მასპინძლები განსაკუთრებით პირველ ტაიმში დომინირებდნენ, მეორე 40 წუთში კი, ინგლისელებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და დიდი ანგარიშით მარცხი თავიდან აიცილეს.
შეხვედრის დებიუტი სტიუარტ ლანკასტერის შეგირდებისთვის კოშმარული აღმოჩნდა. მე-3 წუთზე, საკუთარ 22-ში მათ შერკინებიდან გაუგორდათ ბურთი და უილიამ ალბერსტმა მატჩის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ოთხ წუთში ინგლისელები ბისმარკ დუ პლესმა დაამწუხრა. მორნი სტეინმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და მე-16 წუთზე, ტობი ფლუდის ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა.
ტაიმის შუაწელს აფრიკელებმა მორიგი მრავლფაზიანი შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს და 22:3 დაწინაურდნენ. ინგლისმა თავისი პირველი ლელო 24-ე წუთზე მიითვალა, მალე სტეინმა არეკნი გაიტანა და ტაიმი აფრიკამ 25:10 მოიგო.
მე-2 ტაიმის ნახევარ საათში “სპრინბოკმა” მხოლოდ 2 ჯარიმა გამოიყენა, მაშინ, როდესაც ამ მონაკვეთში ინგლისელმა ბენ იანგსმა 2 ლელო მიითვალა, ხოლო ფლუდმა ორ გარდასახვას 64-ე წუთზე ჯარიმა შემატა და სხვაობა ოთხ ქულამდე დაიყვანა - 27:31. ევროპელებს იმედი გაუჩნდათ და გაიბრძოლეს, მაგრამ ეს იმედი 73-ე წუთზე, პიტერსენის ლელომ დასამარა, რომელმაც კარგი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და მასპინძლებს 36:27 მოაგებინა.
საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ივნისში თავის პირველ ტესტ-მატჩს მართავდა, 1998 წლის შემდეგ პირველად, ძალიან ახლოს იყო არგენტინის, მისსავე მიწაზე დამარცხებასთან, მაგრამ 77-ე წუთზე, მანუელ მონტეროსგან ლელო გაუშვა და ფელიპე კონტეპომის გარდასახვის შემდეგ, 20:23 დამარცხდა. ფრანგებმა ეს მარცხი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ვერ გაზარდეს ის უპირატესობა, რომელიც მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ მოიპოვეს.
ანგარიში მე-3 წუთზე მორგან პარამ ჯარიმით გახსნა, მაგრამ ერთ წუთში არგენტინამ აგულას ლელოთი უპასუხა, რომელმაც მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და კონტეპომმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. პარამ მე-10 და 22-ე წუთზე კიდევ 2 ჯარიმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ორ წუთში კონტეპომმა ჯარიმით ლიდერობა არგენტინას დაუბრუნა. ფრანგები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და შეტევაში სახიფათოდ გამოიყურებოდნენ, რაც 27-ე წუთზე გატანილ ლელოში აისახა, თუმცა, გარდასახვა და კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა პარას გაუფუჭდა და კონტეპომმა ზედ შესვენების წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 13:14.
მე-2 ტაიმის დასაწყისში პარას მიერ გატანილ ჯარიმას, 52-ე წუთზე, არგენტინელის სინბინი და ტრინ-დუკის კიდევ ერთი ჯარიმა მოჰყვა. უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა და საფრანგეთი რიცხობრივი მეტობის გამოყენებასაც ეცადა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და პირიქით - 57-ე წუთზე ჯარიმა აქეთ გაუშვა.
დასკვნით ოც წუთში ფრანგებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, მერე ბურთი დაკარგეს და მონტერომ ლელომდე 70 მეტრი ირბინა, ხოლო კონტეპომმა არგენტინის ფრანგებთან უპირატესობა კიდევ ერთხელ გაამყარა - 23:20.
23 ივნისს, ფრანგებს უხერხული მეტოქის დამარცხების შანსი კიდევ ერთხელ მიეცემა და თუ შეცდომები მინიმუმამდე დავა, ეს შეუძლებელი სულაც არ იქნება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია