ამბები

11:03 | 18.06.2012 | ნანახია 1323 - ჯერ

ახალი ზელანდია ტიტულს მასპინძელთან დაიცავს

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში, მარადმწვანე ჩემპიონი ახალი ზელანდია წლევანდელ ტიტულს მასპინძელთა გუნდს შეეცილება.
20 ათასი მაყურებლის თვალწინ, ჭაბუკთა “ოლ ბლექსმა” ადრეული პანიკის შემდეგ თავი ხელში აიყვანა და უელსი, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე წააგო, დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ ტურნირის აღმოჩენა და კერკეტი კაკალი არგენტინა, რომელიც პირველად თამაშობდა ნახევარფინალში, 35:3 გატეხა.
ჯგუფურ ეტაპზე უელსის ნაკრებმა ახალ ზელანდიას ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე პირველი მარცხი აგემა (9:6) და პირველი გათამაშების შემდეგ (2008 წლიდან) ნახევარფინალში პირველად გააღწია. ნახევარფინალური მატჩი კვლავ ევროპელთა შეტევებით დაიწყო და ორი ზუსტი ჯარიმის შემდეგ, ისინი მე-14 წუთზე 6:0 დაწინაურდნენ. ზელანდიელებს პირველი ჯარიმა გაუცუდდათ, მაგრამ 26-ე და 29-ე წუთებზე ჯარიმები უნაკლოდ შესრულდა და ანგარიში გათანაბრდა.
ნელ-ნელა ზელანდიელები ათამაშდნენ და შესვენებამდე ორი წუთით ადრე ლელოთი დაწინაურდნენ, ტაიმი კი, 13:6 მოიგეს. ამან “ოლ ბლექსს” შვება მოგვარა და თამაშის განახლებიდან 2 წუთში მეორე ლელო გავიდა. ამ ორმა წარმატებამ თამაშის ბედი გადაწყვიტა, თუმცა, უელსი ადვილად არ დანებებულა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე კიდევ ორი ლელო მიიღო და ახლა მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს.
მე-3 ადგილს უელსს არგენტინა შეეცილება, რომელიც შინაური კედლებით ფრთაშესხმულ სამხრეთ აფრიკასთან ჩავარდა. მასპინძლებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, სამხრეთამერიკელებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს და 21-ე წუთზე ლელო მიიღეს. ტაიმის ბოლოს სტუმრებისთვის საქმე უფრო უკან წავიდა - ორი ლელო გაუშვეს და შესვენებაზე 22-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მერე ლელო, გარდასახვა და ორი ჯარიმა გაუშვეს.
V ადგილის ნახევარფინალში გუნდები ჯგუფის ნაცნობებთან დაწყვილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საფრანგეთმა ავსტრალია 31:7 დაამარცხა. აი, ამჯერად კი, თამაში დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო. ფრანგებმა პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გაიტანეს, ავსტრალიელებს სამი დარტყმა გაუფუჭდათ. სამაგიეროდ, “ვოლაბებმა” ორ წუთში - 56-ედან 58-ე წუთამდე დაწინაურება მოახერხეს. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, ერთ წუთში კი, ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს. ფრანგებმა მოინდომეს და 67-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ლიდერობა დაიბრუნეს, მაგრამ ერთ წუთში ლელო-გარდასახვა უკვე თავად გაუშვეს. გადამწყვეტი 73-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ფრანგებმა არეკნი ზუსტად შეასრულეს და ავსტრალია 19:17 დაამარცხეს.
V ადგილს საფრანგეთს ირლანდია შეეცილება, რომელმაც ინგლისთან ჯგუფურ ეტაპზე 15:20 განცდილი მარცხისთვის შური იძია. პირველ ტაიმში ირლანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, ზედაც ჯარიმა მიაყოლეს და 17:0 დაწინაურდნენ. განახლდა თუ არა თამაში, ინგლისმა ლელოთი სხვაობა შეამცირა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა. 56-ე წუთზე ირლანდიამ ჯარიმით უპირატესობა გაიმყარა, ხოლო 72-ე წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება დაიბევა და ინგლისელთა მეორე, გვიანმა ლელომ, ვეღარაფერი შეცვალა - 27:12.
IX-XII ადგილების ნახევარფინალები იმით იყო გამორჩეული, რომ გამარჯვებული გუნდები 2013 წლის მსოფლიო თასზე თამაშს იბევებდნენ. შოტლანდიამ იტალიას ყველაფერში აჯობა და 34:17 იმარჯვა, ხოლო სამოამ, რომელმაც შარშან თბილისის “ალაფა” მოიგო და უძლიერესთა შორის ავიდა, ფიჯისთან ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, 29:20 იმარჯვა და 12 საუკეთესოს შორის დარჩა. დასკვნით დღეს შოტლანდია სამოას IX ადგილისთვის ეთამაშება, იტალია და ფიჯი კი იმ გუნდის ვინაობას გაარკვევენ, რომელიც ელიტას დატოვებს. სწორედ აქ დამარცხებული გუნდის ადგილს დაიკავებს მომავალ წელს მსოფლიო თასის “ალაფის” გამარჯვებული, რომელიც დღეს სოლტ ლეიკ სიტიში იწყება და სადაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც თამაშობს.

2012 წლის მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
სამხრეთ აფრიკა. 4-22 ივნისი
17 ივნისი. ნახევარფინალები
IX-XII ადგილებისთვის

შოტლანდია - იტალია 34:17
ფიჯი - სამოა 20:29
V-VIII ადგილებისთვის
საფრანგეთი - ავსტრალია 19:17
ირლანდია - ინგლისი 27”12
თასის ნახევარფინალები
უელსი - ახალი ზელანდია 6:30
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 3:35
22 ივნისი.
XI ადგილისთვის

იტალია - ფიჯი
IX ადგილისთვის
შოტლანდია - სამოა
VII ადგილისთვის
ინგლისი - ავსტრალია
V ადგილისთვის
ირლანდია - საფრანგეთი
III ადგილისთვის
არგენტინა - უელსი
ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.114727