ამბები

12:14 | 18.06.2012 | ნანახია 2584 - ჯერ

ოთარ ტურაშვილი IRB-ს ერთა თასის გამარჯვებულია

25 წლის ქართველი პირველხაზელი ოთარ ტურაშვილი, მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული IRB-ს ერთა თასის გამარჯვებული გახდა.
ახალგაზრდა ჰუკერი რუმინეთის ნაკრებში სწორედ ამ ტურნირის წინ გამოჩნდა, სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. “მომავალის იტალიასთან” გამართულ გადამწყვეტ მატჩში, ტურაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 44 წუთი გაატარა და საფინალო სასტვენის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად თასი შემართა.
დასკვნითი ტურის წინ, რუმინელებს და იტალიელებს ორ-ორი გამარჯვება ჰქონდათ და ურთიერთშეხვედრაში უნდა გაერკვიათ, ვინ შემართავდა მთავარ ჯილდოს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არცერთ მათგანს მთავარი ჯილდო შემართული არ ჰქონდა და ეს მოტივაციას აორმაგებდა. მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე სათამაშო უპირატესობა რუმინელებმა მოიპოვეს და მე-15 წუთზე ლელო გაიტანეს. გარდასახვა ზუსტი იყო, მაგრამ მასპინძლებს შესვენებამდე სამი ჯარიმა გაუცუდდათ და ტაიმი 10:3 მოიგეს. იტალიამ ჩამორჩენის შემცირება 47-ე წუთზე ჯარიმით მოახერხა. 70-ე წუთზე რუმინელთა შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა და საჯარიმო ლელოთი დაჯილდოვდა. იტალიამ გაიბრძოლა, 75-ე წუთზე ლელო-გარდასახვით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა, ბოლოსკენ მაგრად იბრძოლა, მაგრამ შედეგს ვერ უწია და რუმინეთმა 17:13 იმარჯვა.
მესამე ტურის პირველ მატჩში, არგენტინის “ა” ნაკრებმა (იაგუარები) რუსეთი 33:9 დასცა. რუსთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ვალერი ცნობილაძემ, ხოლო პავლე კვერნაძე ბრძოლაში 56-ე წუთიდან ჩაერთო. რუსებმა ქულები საწყის ნახევარ საათში, ჯარიმებით დააგროვეს. არგენტინელებმა ჯარიმების კარში დარტყმა 27-ე წუთიდან დაიწყეს და ტაიმი 9:9 დასრულდა. “იაგუარები” ჯარიმით 49-ე წუთზე დაწინაურდნენ, დასკვნით 10 წუთში კი, მეტოქეს გადაუარეს, სამი ლელო გაუტანეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
მესამე ტურში ყველაზე საინტერესო სარეიტინგო, პორტუგალიისა და ურუგვაის დაპირისპირება იყო. ურუგვაელებმა პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ორ ჯარიმას ორი ლელო მიაყოლეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და შესვენებაზე 18 ქულიანი უპირატესობით გავიდნენგანახლდა მატჩი და სამხრეთამერიკელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, ხოლო ზუსტ გარდასახვას მალე ჯარიმა მიაყოლეს. პორტუგალიამ ერთი საპასუხო ლელოს გატანა 57-ე წუთზე მოახერხდა, სულ ბოლოს კი, ლელო-გარდასახვით საბოლოო ანგარიში, 35:7 ურუგვაიმ დააფიქსირა.

2012 წლის IRB-ს ერთა თასი. რუმინეთი. ბუქარესტი
III რაუნდი. 17 ივნისი

რუსეთი - იაგუარები 9:33
პორტუგალია - ურუგვაი 7:35
რუმინეთი - იტალია A 17:13
 

1 რუმინეთი 3 3 0 0 69-43 12
2 იაგუარები 3 2 0 1 95-41 10
3 იტალია A 3 2 0 1 74-55 10
4 ურუგვაი 3 1 0 2 57-55 6
5 რუსეთი 3 1 0 2 45-79 4
6  პორტუგალია 3 0 0 3 37-104 1


 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.190214