ამბები

15:05 | 18.06.2012 | ნანახია 3394 - ჯერ

გია ნიჟარაძე: “გასვლითი მატჩების ნაცვლად, ივნისში, ტურნირს საქართველოში უნდა ვუმასპინძლოთ”

ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი აშშ-ს გუნდთან 20:36 წააგო, 24 ივნისს ღამით კი უკვე კანადელებთან დაპირისპირება ელის. გასული და მომავალი თამაშების შესახებ კომენტარები საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გაკეთდა.
გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ძალიან მძიმე თამაში იყო. შემადგენლობა ბოლო წუთს დადგინდა. წავაგეთ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ, თუმცა ბიჭების ასეთი თამაში რიგი ფაქტორებით იყო განპირობებული. ძალიან რთული აკლიმატიზაციის პერიოდი გვქონდა, რაც ნაკრების თამაშზეც აისახა. ამხელა სიმაღლეზე ელემენტარულად სუნთქვა უჭირდათ და 34 საათიანი მოგზაურობის შემდეგ ძალების აღდეგენა ვერ მოახერხეს.
უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ მომავალ წელს ივნისში, როდესაც ნაკრების ძირითად შემადგენლობას ვერ ვკრებთ, მსგავსი სახის გასვლითი მატჩები თავიდან ავიცილოთ და ტურნირი საქართველოში ჩავატაროთ. ასეთ სიმაღლეზე ერთი კვირის ჩასული გუნდი ვერ ასწრებს სრულფასოვან აღდგენას, რაც მატჩის დროს ნათლად გამოჩნდა. ყველა ინდივიდუალური ორთაბრძოლა წავაგეთ.
სასიხარულოა, რომ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის სრული ნდობაა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩს უკეთესად მომზადებულები შევხვდებით”.
ილია ზედგინიძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ასეთი შედეგის ძირითადი მიზეზი ენერგიის არქონაა. საკამოდ დიდი საათობრივი სარტყელი, დიდი სიმაღლე და 34 საათიანი ფრენა. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო, ბიჭებს ენერგია არ ჰქონდათ. ერთადერთი თამაშის დღეს მოვახერხეთ ნორმალურად ძილი. მორაგბეები მოედანზე ვერ გადაადგილდებოდნენ. მეორე ნახევარში მზე გადავიდა და ცოტათი გამოცოცხლდნენ. “არწივების“ მატჩის ვიდეო ანალიზი გვქონდა ჩატარებული, ბიჭებს კონკრეტული მონახაზი და დავალებები ჰქონდათ, თუმცა ჩამოთვლილი ხელის შემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე, მიცემული დავალების შესრულება ვერ მოხერხდა.
კანადასთან მატჩამდე, ნაკრებმა პირველ რიგში კარგად უნდა დაისვენოს. ვფიქრობ, შედარებით დაბალ სიმაღლეზე უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ენერგიის აღდგენა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება კანადასთან მატჩის სტრატეგიაზე ვისაუბროთ.
ზვიად მაისურაძეს ნეკნი სტკივა, ხოლო ლაშა მალაღურაძეს მცირე კომოციო აქვს. კანადასთან მერაბ შარიქაძე გამოგვაკლდება. იგი სოლტ ლეიქ სითიში ოცწლამდელთა მსოფლიო ალაფაზე მიემგზავრება. სამაგიეროდ, ორშაბათს ნაკრებს შალვა სუთიაშვილი დაემატება”.
ირაკლი აბუსერიძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ძალიან მძიმე მატჩი იყო. აკლიმატიზაციის პერიოდი ბოლომდე ვერ გავიარეთ. პირველ ტაიმში ბურთი თითქმის არ გვქონდა, რის გამოც ძირითადად დაცვაში გვიწევდა თამაში. იმედი მაქვს, კანადასთან უკეთესად ვიასპარეზებთ და მოწინააღმდეგეს ჩვენ ნამდვილ ძალას ვაჩვენებთ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119794