ინგლისის ნაკრებმა 2016 წლის ექვსი ერის ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 2011 წლის შემდეგ პირველად, ტიტულის მოგების უმთავრეს კანდიდატად იქცა. ედი ჯონსის შეგირდებმა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ირლანდია „თვიქენჰემზე“ 21:10 დაამარცხეს.
მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი ყველაზე კარგი საყურებელი გამოდგა. ამ პერიოდში სტუმრების ერთ ლელოს მასპინძლებმა ორით უპასუხეს, მერე კარგი დაცვა ითამაშეს და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს. პირველ 40 წუთში ჯონათან სექსტონის ერთი ჯარიმის წილ, ოუენ ფარელმა ორი გაიტანა - 6:3. თამაში რომ განახლდა ფრანგმა არბიტრმა რუმან პუატმა ინგლისელთა მესამეხაზელი ჯეიმს ჰესკელი სინბინში გაუშვა, „სამყურებმა“ რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლეს და გაძევებიდან ერთ წუთში ლელო დადეს - ჩათვლის მოედანთან ახლოს რაქი შეიქმნა, ირლანდიელმა ჰავბეკმა კონორ მარიმ სიმარდე გამოავლინა, მცველები ცრუმოძოძრაობაზე „წამოიკიდა“ და ბურთის ხაზს იქით გადადო. გარდასახვა სექსტონმა ზუსტად შეასრულა - 6:10.
ამის მეტი „სამყურებმა“ ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. 50-ე წუთზე ჯარიმა ზუსტად ფარელმა შეასრულა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ცოტა ხანში კი, 5- წუთიან მონაკვეთში ინგლისმა სტუმრებს შტურმი მოუწყო და ზედიზედ ორი ლელო დაუდო - ჯერ უოტსონმა დაასრულა ლამაზი კობინაცია ლელოთი, შემდეგ მაიკ ბრაუნმა იყოჩაღა და გარდასახვის შემდეგ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 21:10. 65-ე წუთზე „სამყურების“ შუამარბ რობი ჰენშოუს ლელოს დადების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც სექსტონმა ხაზი გაჭრა და ფლანგზე შუამარბი დაგეზა, თუმცა ჯეკ ნოუელმა მისი აუტში გადაყვანა მოახერხა. მომდევნო 8 წუთში ირლანდიელებს კიდევ ორჯერ შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და „თვიქენჰემზე“ 11- ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელთა რვიანი ბილი ვუნიპოლა დაასახელეს, რომელიც ირლანდიელთა დაცვას ხშირად აწუხებდა. მატჩის ბოლოს ინგლისის დამრიგებელმა ედი ჯონსმა 23 წლის ვუნიპოლა შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ ის კვლავ განაგრძობს განვითარებას. ინგლისმა გამარჯვების შემდეგ 6 ერში პირველობა შეინარჩუნა, ხოლო ირლანდილებს ჯერ ერთი მოგებაც არა აქვთ და მათთვის უჩვეულო მე-5 პოზიციაზე არიან.
2016 წლის ექვსი ერი
უელსი - საფრანგეთი 19:10
იტალია - შოტლანდია 20:36
ინგლისი - ირლანდია 21:10
ინგლისი: 2 ლელო - უოტსონი, ბრაუნი; გარდასახვა - ფარელი; 3 ჯარიმა - ფარელი
ირლანდია: 1 ლელო - მარი; გარდასახვა - სექსტონი; ჯარიმა - სექსტონი
1. | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 76:28 | 6 |
|
2. | უელსი | 3 | 2 | 1 | 0 | 62:49 | 5 |
|
3. | საფრანგეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 43:49 | 4 |
|
4. | შოტლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 68:62 | 2 |
|
5. | ირლანდია | 3 | 0 | 1 | 2 | 35:47 | 1 |
|
6. | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 50:99 | 0 |
12 მარტი
ირლანდია - იტალია
ინგლისი - უელსი
13 მარტი
შოტლანდია - საფრანგეთი
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია