სულ რამდენიმე საათი დარჩა და საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოლტ ლეიკ სიტიში ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფაში” ჩაებმება.
შარშანდელის მსგავსად, როდესაც “ალაფას” თბილისმა უმასპინძლა და სადაც “ბორჯღალოსნებმა” მე-3 ადგილი დაიკავეს, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს კანადის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, შარშან ქართველებმა “ავჭალაზე” მეტოქე 38:9 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. იმედია, დასაწყისი ახლაც კარგი იქნება და გუნდი შეძლებს იმ ამოცანის შესრულებას, რასაც ტურნირის მოგება და გაისად პლანეტის 12 უძლიერეს გუნდს შორის თამაში ქვია.
შარშანდელთან შედარებით გუნდში ყველაზე დიდი ცვლილება ახალი მთავარი მწვრთნელია. შოტლანდიელი იან სმიტი ჯერ 19-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა და მას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებში დაწინაურდა და ახლებურ, გაშლილ თამაშს, ახლა ამ გუნდში ნერგავს. პირველ მატჩში “ბორჯღალოსნებს” მერაბ შარიქაძე ვერ დაეხმარება, რომელმაც წლეულს ეროვნულ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, ორიოდე დღის წინ მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით აშშ-ის წინააღმდეგ სრულად ითამაშა და თანატოლებს კი შეუერთდა, მაგრამ დასვენება ჭირდება.
თამაში თბილისის დროით 19 ივნისს 2 საათზე იწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე (www.irb.com/jwrt/video/index.html) იგეგმება. “ალაფის” გახსნით მატჩში, ჩვენი დროით 18 ივნისის 22 საათზე საქართველოს მომავალი მეტოქეები, იაპონია და ზიმბაბვე ითამაშებენ, ხოლო მერე ჩილე რუსეთს შეხვდება. პირველი ტური მასპინძელი აშშ-ისა და ტონგას დაპირისპირებით დასრულდება.
“რვა დღის ინტერვალში სამი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია, მაგრამ მე უფრო ჩვენი თამაშის სტილი მაფიქრებს. მარტში ქართველი ახალგაზრდების ინგლისთან მატჩი თუ ნახეთ, აღმოაჩენდით, რომ ბიჭები ემოციურად ირჯებოდნენ. აუცილებელია, რომ მეტოქეების ძალაზე არ ვიფიქროთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და იმ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ, რომელიც დავისახეთ.
ვფიქრობ, შეგვიძლია, შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და მესამეზე უკეთესი ადგილი დავიკავოთ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად შევძლებთ ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით პროგრესს. თამაშის სათანადოდ დახვაწას, სწორ თამაშს დრო ჭირდება. ჩემს შეგირდებს ძალიან უყვართ კონტაქტური თამაში და ვერაფრს ვიზამ, მაგრამ მათ ჭკვიანური თამაშიც კარგად შეუძლიათ” - თქვა სმიტმა.
საქართველოს ნაკრები “ალაფისთვის” წლის დასაწყისიდან ემზადებოდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა. ამის თქმა არ შეიძლება მომავალ მეტოქე კანადაზე, რომელიც კოლეჯების და უნივერსიტეტების გუნდების გარდა, მათთან ტურნეზე მყოფ რუმინეთის ნაკრებს ორჯერ გაეჯიბრა. მიუხედავად ამისა, “ბორჯღალოსნები” კანადასთან ფავორიტები არიან და იმედია, გამარჯვებასთან ერთად 4 ლელოსაც გაიტანენ და აქტივში პირველ 5 ქულას ჩაიწერენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კანადის წინააღმდეგ: 15. საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), 14. გიორგი ბიწაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), 13. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 12. თამაზ მჭედლიძე (“არმია”, თბილისი), 11. ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), 10. გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი); 1. გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი), 2. გიორგი ლომთაძე (“აია”, ქუთაისი), 3. ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), 4. მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), 5. სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), 6. ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი, კაპ.), 7. ბექა მამრიკიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), 8. ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. არჩილ ბეჟაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), 17. ვაჟა თაგაური (“არმაზი”, თბილისი), 18. ზაზა ნავროზაშვილი (“არმია”, თბილისი), 19. გურამ შენგელია (“ჯიქები”, თბილისი); 20. გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), 21. გიორგი ბასილაია (“ხარები”, რუსთავი), 22. გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი).
განაცხადში არ არიან: გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), საბა ბერაძე (“ხულიგანა”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი.
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია.
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
A ჯგუფი
ტონგა
ჩილე
რუსეთი
აშშ
18 ივნისი. I რაუნდი
ჩილე - რუსეთი
აშშ - ტონგა
22 ივნისი. II რაუნდი
ტონგა - რუსეთი
აშშ - ჩილე
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი
B ჯგუფი
იაპონია
საქართველო
კანადა
ზიმბაბვე
18 ივნისი. I რაუნდი
იაპონია - ზიმბაბვე
საქართველო - კანადა
22 ივნისი. II რაუნდი
საქართველო - ზიმბაბვე
იაპონია - კანადა
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო
30 ივნისი. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია