საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე მსოფლიო თასის “ალაფის” პირველი ტურის მატჩი მძიმედ დაიწყო, მაგრამ შესვენების შემდეგ სრული უპირატესობა მოიპოვა და კანადელი თანატოლები 31:17 დაამარცხა.
“ბორჯღალოსნების” წარმატება დიდწილად საბა ნიკოლავას კარგმა დარტყმებმა განაპირობა - პირველ ტაიმში, როდესაც ქართველებს თამაში არ აეწყოთ, კანადელებს დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა და პირიქით, ტაიმი მოაგებინა, მეორე ნახევარში კი, იან სმიტის შეგირდებმა მეტოქე ძალისმიერ თამაშში დაჯაბნეს და საბოლოოდ გატეხეს. გული ორ რამეზე თუ დაგვწყდება. პირველი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა პრემიალური ქულის მომტანი ლელო ვერ გაიტანეს, ხოლო მეორე გიორგი ბიწაძის გაძევებაა, რის გამოც მას მომდევნო მატჩების (მინიმუმ ერთის) გამოტოვება მოუწევს.
ანგარიში ადრეული ჯარიმით ნიკოლავამ გახსნა, რაზეც კანადელებმა მალე ლელოთი უპასუხეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 7:3 დაწინაურდნენ. ნიკოლავამ ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, კანადელები ჯარიმით კვლავ 4 ქულით დაწინაურდნენ. ამ პერიოდში ბურთზე კონტროლის დამყარებას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მეტოქეს ჯანში ჯაბნიდა და 23-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” საპასუხო ლელო გაიტანეს. იერიში მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ნიკოლავამ ხაზი გაჭრა, მას დროულად მიყვნენ თანაგუნდელები და გიორგი ბიწაძემ ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვა გამოიყენა.
მეტოქეს სულ ორი წუთი დაჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. ცენტრის სიახლოვეს ხაზი გაიჭრა, მოიერიშემ საქართველოს ნაკრების 22-მდე ირბინა, დაცვამ დაწყობა ვერ მოასწრო და დაჯარიმდა. კანადელმა 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და საკუთარი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. შესვენებამდე დარჩენილი დრო საქართველოს ნაკრებმა მეტოქის ნახევარზე გაატარა, ხელსაყრელი სიტუაციიდან ორჯერ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, ნიკოლავამ ორივე შანსი გამოიყენა და ნორჩმა “ბორჯღალოსნებმა” ტაიმი 19:17 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა შეტევაშიც და დაცვაში უკეთესი თამაში აჩვენა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, მეტოქე ჯანით დაჯაბნა და ეს ყველაფერი გატანილ ლელოში მალევე აისახა. კანადელთა დაცვის ხაზი ლაშა ლომიძემ გაკვეთა და ბურთი დაამიწა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მესამე ლელო გიორგი თეთრაშვილმა მიითვალა და თამაზ მჭედლიძემ გარდასახვით უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. კანადამ გაიბრძოლა, მაგრამ ქართველთა დაცვა მაგრად დადგა და ბოლოს პრემიალური ლელოს გასატანად თავად შეუტია, მაგრამ მერე ჩხუბი ატყდა, იერიში ჩაიშალა და თანაც ბიწაძე წითელი ბარათით დაისაჯა.
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე ზიმბაბვემ, შარშანდელი თბილისის “ალაფის” ფინალისტ იაპონიასთან დაამტკიცა, რომ სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მასთან ნებისმიერ სრული მობილიზაციით თამაში მართებს. აფრიკელებმა იაპონელები მაგრად ანერვიულეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 36:39. ორივე გუნდმა აიღო ოთხი ლელოსთვის განკუთვნილი პრემიელური ქულა. აფრიკელებს მეორე პრემია 7 ქულაზე ნაკლები სხვაობისთვის ერგოთ და “ბორჯღალოსნებთან” მატჩს უკეთესის იმედად ელოდებიან.
“ა” ჯგუფში ორი მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. მასპინძელმა აშშ-მ ტონგას 22:11 აჯობა, ხოლო ჩილემ რუსეთი 53:19 გაანადგურა.
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
18 ივნისი. I რაუნდი
საქართველო - კანადა 31:17 (19:17)
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. გიორგი ბიწაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე (კაპ.), 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. არჩილ ბეჟაშვილი, 17. ვაჟა თაგაური, 18. ზაზა ნავროზაშვილი, 19. გურამ შენგელია; 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. გიგა გაგოშვილი.
განაცხადში არ იყვნენ: გიორგი მჭედლიშვილი, საბა ბერაძე, მერაბ შარიქაძე, ბახვა კობახიძე.
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
იაპონია - ზიმბაბვე 39:36
1 | იაპონია | 1 | 1 | 0 | 0 | 39-36 | 5 |
2 | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 31-17 | 4 |
3 | ზიმბაბვე | 1 | 0 | 0 | 1 | 36-39 | 2 |
4 | კანადა | 1 | 0 | 0 | 1 | 17-31 | 0 |
22 ივნისი. II რაუნდი
საქართველო - ზიმბაბვე
იაპონია - კანადა
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო
A ჯგუფი
18 ივნისი. I რაუნდი
ჩილე - რუსეთი 53:19
აშშ - ტონგა 22:11
1 | ჩილე | 1 | 1 | 0 | 0 | 53-19 | 5 |
2 | აშშ | 1 | 1 | 0 | 0 | 22-11 | 4 |
3 | ტონგა | 1 | 0 | 0 | 1 | 11-22 | 0 |
4 | რუსეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 19-53 | 0 |
22 ივნისი. II რაუნდი
ტონგა - რუსეთი
აშშ - ჩილე
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი
30 ივნისი. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია