საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში, ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩისთვის ემზადება.
“ნორჩმა ბორჯღალოსნებმა” პირველ ტურში საკმაოდ ძლიერი კანადის ნაკრები 31:17 დაამარცხეს და ახლა აფრიკის ჩემპიონ ზიმბაბვესთან ელით მძიმე ჯახი. აფრიკელები სერიოზულ პროგრესს განიცდიან და პირველ ტურში თბილისის “ალაფის” ფინალისტ იაპონიის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა. აზიელებმა მძიმე ჯახში 39:36 იმარჯვეს და ზიმბაბვემ ორი პრემიალური ქულა აიღო - ერთი 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის და ერთი ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის. ამან აფრიკელებს თავდაჯერებულობა შემატა და ქართველებთან მატჩს იმედიანად ელოდებიან, მით უმეტეს, რომ “ბორჯღალოსნებს” დისკვალიფიკაციის გამო ორი ლიდერი - თამაზ მჭედლიძე და გიორგი ბიწაძე დააკლდება.
ახალგაზრდულ ნაკრებს თან ახლავს საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მთავარი მწვრთნელი დონ ქასქი, რომელმაც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა:
“ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს ახალ გარემოსთან შეგუება. გუნდი განთავსებულია იუტას შტატის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, რომელმაც 2002 წელს ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებს უმასპინძლა. ქალაქის გარშემო მთებია აწოწილი, ასე რომ ვარჯიშებს შთამბეჭდავი პეიზაჟის ფონზე ვატარებთ.
პირველი რამდენიმე დღე გეოგრაფიულ პირობებთან (დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან) და სიცხესთან აკლიმატიზაციას მოვანდომეთ. კანადასთან თამაშის წინ შემადგენლობის დაყენება არც თუ ისე ადვილი იყო.
თამაშის პირველი ტაიმში გუნდს უკიდურესად გაუჭირდა - თავი იჩინა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და მაღალმა ტემპერატურამ. თანაც, მატჩის დასაწყისშივე დაგვემტვრა გიორგი ლომთაძე. კიდევ კარგი, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ იყო - 19:17. მეორე ტაიმი სულ სხვანაირად წარიმართა. შესვენების შემდეგ ჩვენი ნაკრები თითქოს შეცვალესო. მთელი ტაიმის განმავლობაში მოედანზე ქართველები დომინირებდნენ. მწვრთნელებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ კანადელებმა ქულა ვეღარ მოიპოვეს. გუნდის ყველა წევრი თავის ფუნქციას ასრულებდა. ბიჭების ძალისხმევა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს ტურნირის წინ ოთხი ამხანაგური მატჩი ჰქონდა ჩატარებული. თამაში ჩვენი უპირობო გამარჯვებით დასრულდა - 31:17.
ვიცით, რომ ზიმბაბვესთან თამაში გაცილებით უფრო რთული იქნება. ეს კარგად ორგანიზებული გუნდია, სწრაფი და ღონიერი მოთამაშეები ჰყავს, რაც ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. ბიჭები ძალიან შეაგულიანა მერაბ შარიქაძის დაბრუნებამ, რომელიც 17 ივნისამდე ეროვნულ ნაკრებთან ერთად დენვერში იყო. მისი გამოცდილება უდაოდ წაადგება გუნდს.
თავისუფალ დროს მწვრთნელები და მენეჯმენტი ვერთობით საერთაშორისო ურთიერთობების გამყარებით - მაგალითად, ამ დღეებში ჩილეს ნაკრების მენეჯმენტთან გავმართეთ კალათბურთის და ფრენბურთის ტურნირი. ჯერჯერობით 2:1 ვიგებთ!
სამწუხაროდ დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი ბიწაძე გამოტოვებს ორ, ხოლო თამაზ მჭედილიძე ერთ თამაშს”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია