ამბები

11:54 | 22.06.2012 | ნანახია 5185 - ჯერ

ზიმბაბვესთან იძულებითი ცვლილებებით

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო თასის “ალაფის” მეორე მატჩს იძულებითი ცვლილებებით ხვდება. “ნორჩ ბორჯღალოსნებს” აფრიკის ჩემპიონ ზიმბაბვესთან გასამართ უმძიმეს ჯახში ორი უკანახაზელი, გიორგი ბიწაძე და თამაზ მჭედლიძე ვერ დაეხმარება.
კანადასთან 31:17 მოგებულ მატჩში, მაშინ, როდესაც მეორე დამატებული წუთი მიდიოდა, ბიწაძე მეტოქესთან ჩხუბში ჩაება, რეფერისგან გაძევება დაიმსახურა და ორი თამაშის გამოტოვება მიესაჯა. მჭედლიძის საქმე ოდნავ უკეთაა, ის მხოლოდ ზიმბაბვესთან დაგვაკლდება. საბედნიეროდ, ამ დანაკლისის შევსება მერაბ შარიქაძის დახმარებით მოხერხდება, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი, სოლტ ლეიკ სიტიში გადაინაცვლა და ახალგაზრდულ გუნდს დაეხმარება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ეს ბიჭი საგრძნობლად გაიზარდა, უფროსი “ბორჯღალოსნების” უცვლელ წევრად იქცა და მისი გამოცდილება ახალ ახალგაზრდულ გუნდს გამოადგება.
“ბიწაძის არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. თავს მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებთ, რომ ის ფინალურ მატჩში დაგვეხმარება. ამასთან, შემადგენლობაში 12 უკანახაზელი გვყავს და მათ უმრავლესობას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში” - განაცხადა საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა იან სმიტმა.
სმიტმა კანადასთან მოგებულ მატჩზეც ისაუბრა, რომლის პირველი ნახევარი ქართველი ახალგაზრდებისთვის რთული აღმოჩნდა და რომ არა საბა ნიკოლავას მიერ ტაიმის მიწურულს გატანილი ორი ჯარიმა, შესვენებაზე მდევრის რანგში გავიდოდით. ასე კი, “ნორჩმა ბორჯღალოსნებმა” ტაიმი 19:17 მოიგეს, მეორე ნახევარში მეტოქე სრულად დაჯაბნეს, ქულა არ ააღებინეს და 31:17 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა.
“კარგად ვიცოდით, რომ მატჩის და ზოგადად ტურნირის პირველი ტაიმი, ძალიან რთული იქნებოდა და ჩვენი წინასწარმეტყველება გამართლდა. შესვენებისას შეცდომები გამოვასწორეთ და მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატრეთ. მიზანს და გაუმჯობესებას მხოლოდ თამაშით თუ მიაღწევ და შესვენების შემდეგ კარგად შევძელით იმ კომბინაციების გამოყენება, რომლებსაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით. ზიმბაბვე ძალიან ძლიერი, სწზრაფი და აგრესიული დაცვის მქონე მოწინააღმდეგეა და კარგად ვიცით, რომ წინ ურთულესი მატჩი გველის” - დაამატა სმიტმა.
ზიმბაბვეს ნაკრებს შარშან თბილისშიც კარგი გუნდი ჰყავდა ჩამოყვანილი და როგორც ჩანს, ამ ერთ წელიწადში მათი დონე კიდევ უფრო გაიზარდა. 2011 წლის “ალაფის” ჯგუფურ ეტაპზე, ქართველებს აფრიკელებთან პირველ ტაიმში გაუჭირდათ. საწყისი 40 წუთი ფრედ სრულდებოდა, მაგრამ “ბორჯღალოსნებმა” ზედ შესვენების წინ ლელოს გატანა მოახერხეს და შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (21:14). განახლდა თუ არა თამაში, ზიმბაბვემ ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მერე მასპინძელთა ძალისმიერ სტილს ვერაფერი დაუპირისპირა და საქართველოს ნაკრებმა 50:19 იმარჯვა.
ზიმბაბვეს რომ წელს უკეთესი გუნდი ჰყავს, პირველი რაუნდის მატჩში გამოჩნდა. აფრიკელებმა შარშანდელ ფინალისტ იაპონიას, მათ დიდი ბრძოლა გაუმართეს და უკანასკნელ წუთებზე მხოლოდ სამი ქულით, 36:39 დამარცხდნენ. აფრიკელებმა ოთხი ლელოს გატანაც შეძლეს და ორი პრემიალური ქულა აიღეს, ახლა კი, ქართველების დამარცხებას და ფინალში გასავლის შანსის შენარჩუნებას გეგმავენ.
“ორი პრემიალური ქულის აღება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თუ საქართველოს დამარცხება მოვახრხეთ, ტურნირის მოგების შანსს შევინარჩუნებთ. იაპონიასთან მატჩით ბევრი დადებითი მივიღეთ და დაუღალავად ვმუშაობდით ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მატჩს, რადგან გვწამს, რომ უკეთესი შედეგი გვექნება. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სისწრაფე და მოხერხებულობა, რათა ძალისმიერი საქართველო დავამარცხოთ. მათი და კანადის ნაკრების მატჩის საწყისი 30 წუთი ვნახეთ. როდესაც სტადიონი დავტოვეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ კანადა მოიგებდა და ძალიან გაგვიკვირდა, როცა საბოლოო შედეგი გავიგეთ” - ამბობს ზიმბაბველთა ერთ-ერთი ლიდერი ჯეიმს ფორესტერი.
საქართველოსა და ზიმბაბვეს ნაკრებების შეხვედრა, მეორე რაუნდს გახსნის და ის დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შემდეგი ჯახი ჩვენი, “ბ” ჯგუფის მეორე მატჩისა იქნება და ლიდერი იაპონია, რომელმაც ზიმბაბვესთან პრემიალური ქულის აღება მოახერხა, კანადას ეთამაშება. “ა” ჯგუფში ტონგა და რუსეთი პირველი ქულების ასაღებად იბრძოლებენ, ხოლო ლიდერები ჩილე და აშშ, ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, დისკვალიფიცირებული მოთამაშეების გარდა, სასტარტო შემადგენლობაში მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი - ის მორაგბეები ვინც კანადასთან მატჩში სათადარიგოთა შორის იყვნენ, თამაშს პირველივე წუთებიდან იწყებენ, ხოლო კანადასთან სასტარტო შემადგენლობი მყოფმა სამეულმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. უკანა ხაზში, ზურაბ ძნელაძემ ბიეაძის ნაცვლად ფლანგზე გადაინაცვლა, მისი ადგილი მერაბ შარიქაძემ დაიკავა, ხოლო თამაზ მჭედლიძის ნაცვლას სასტარტო შემადგენლობაში გიგა გაგოშვილი დაწინაურდა. სათადარიგოთა შორის გამოჩნდა ბახვა კობახიძე, რომელის შარშან საქართველოს ნაკრების ძირითადი 15 ნომერი იყო.
საქართველოს ნაკრები ზიმბაბვეს წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 15. საბა ნიკოლავა (“არმია”, თბილისი), 14. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 13. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), 12. გიგა გაგოშვილი (“არმია”, თბილისი), 11. ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), 10. გოდერძი ჭინჭარაული (“ლელო”, თბილისი), 9. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი); 1. არჩილ ბეჟაშვილი (“ყოჩები”, თბილისი), 2. ვაჟა თაგაური (“არმაზი”, თბილისი), 3. ზაზა ნავროზაშვილი (“არმია”, თბილისი), 4. მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), 5. სანდრო ქოიავა (“ლელო”, თბილისი), 6. ელგუჯა სურგულაძე (“ლელო”, თბილისი, კაპ.), 7. ბექა მამრიკიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), 8. ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი).
სათადარიგოები: 16. გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი), 17. გიორგი ლომთაძე (“აია”, ქუთაისი), 18. ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), 19. გურამ შენგელია (“ჯიქები”, თბილისი); 20. გიორგი მისრიაშვილი (“არმაზი”, თბილისი), 21. გიორგი ბასილაია (“ხარები”, რუსთავი), 22. ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი).
განაცხადში არ არიან: გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”, თბილისი), საბა ბერაძე (“ხულიგანა”, თბილისი).
დისკვალიფიკაცია: გიორგი ბიწაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“არმია”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია

2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
22 ივნისი. II რაუნდი

საქართველო - ზიმბაბვე (22:00)
იაპონია - კანადა (24:00)
 

1  იაპონია 1 1 0 0 39-36 5
2  საქართველო 1 1 0 0 31-17 4
3 ზიმბაბვე 1 0 0 1 36-39 2
4  კანადა 1 0 0 1 17-31 0



26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო

A ჯგუფი
23 ივნისი. II რაუნდი
ტონგა - რუსეთი (02:00)
აშშ - ჩილე (04:00)
 

1  ჩილე 1 1 0 0 52-19 5
2 აშშ 1 1 0 0 22-11 4
3 ტონგა 1 0 0 1 11-22 0
4 რუსეთი 1 0 0 1 19-53 0



26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი

30 ივნისი. ფინალები
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106118