საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, ჩრდილოამერიკულ ტურნეზე მეორე გაკვეთილი ელის. 24 ივნისს, შუაღამის 1-ელ საათზე, “ბორჯღალოსნების” შესუსტებული შემადგენლობა კანადის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება და მისი ძლევით ერთი კვირის წინ აშშ-სთან განცდილი მარცხის გაბათილებას ეცდება.
საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და ნაკრების თავკაცების მიერ დათქმული ვადით, ეს ბოლო თამაშია, სადაც მილტონ ჰეიგს ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა ეძლევა, მერე კი, ასე ვთქვათ საგამოცდო პერიოდი იწყება და რეალურად უნდა გამოჩნდეს ის, თუ რამდენად განვითარდა ზელანდიელის ხელში საქართველოს ნაკრები.
ერთი კვირის წინ, აშშ-ს ნაკრებმა საწყისი 20 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა. მათი უკანა ხაზის სწრაფი, უშეცდომო თამაშის გამო, ქართველებმა დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს და მეტოქეს უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს. მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” თამაშში გარდატეხა შეიტანეს, მაგრამ ანგარიშის ჩვენდა სასიკეთოდ შემობრუნება ვეღარ მოხერხდა და 20:36 დავმარცხდით.
სწორედ ასეთ თამაშებში უნდა გამოჩნდეს ის ნაკლოვანებები, რომლის გამოსწორებაზეც შემდგომში მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ და მიუხედავად მარცხისა, ერთა თასზე ერთი ადგილის ტკეპნას, ძლიერ მეტოქეებთან ძალების მოსინჯვა ჩვენი გუნდის ზრდას უფრო წაადგება, ვიდრე რუსეთის 46:0 განადგურება. ერთა თასი ჩვენთვის მსოფლიო თასზე გასვლის ერთადერთი საშუალებაა და სხვა გზა არ გვაქვს, თორემ მარტო ერთა თასზე თამაში ქართველი მორაგბეებისთვის არაფრის მომტანი აღარაა.
ამერიკელებთან თამაშით, მწვრთნელების გარდა ბევრ რამეს თავად მორაგბეებიც ისწავლიდნენ. ამ მეტოქემ მხოლოდ 20 წუთი შეძლო ისე თამაში, როგორც თავად სურდა, მერე ქართველებმა გასაღები მოუძებნეს და ბიჭებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს. ახლა კიდევ ერთი, შესაძლოა, პირველზე უფრო მტკივნეული გაკვეთილი კანადელებისგან გველის, მერე კი, ის ეტაპი იწყება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიო თასზე, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა მოგვიტანოს.
ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ფულბეკის პოზიციაზე ლაშა ხმალაძის ნაცვლად თამაშს ირაკლი ყიასაშვილი დაიწყებს, ხმალაძე კი, განაცხადში არაა. ხმალაძეს აშშ-ს წინააღმდეგ ურიგოდ არ უთამაშია და ეს გადაწყვეტილება იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ თამაშის და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინების საშუალება ტურნეზე მყოფ ყველა მორაგბეს მიეცეს.
ახალგაზრდა შუამარბი მერაბ შარიქაძე, სოლტ ლეიკ სიტიში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა და კანადასთან მის ნაცვლად თედო ზიბზიბაძე ითამაშებს, ხოლო ფლანგზე მოთამაშე ალექსანდრე თოდუას ადგილი, რომელმაც სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, ლექსო გუგავამ დაიკავა. შერკინების მესამე ხაზში, გივი ბერიშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი თხილაიშვილი დაიწყებს, ხოლო გიორგი ჩხაიძემ და ბექა ბიწაძემ ადგილები გაცვალეს და ჩხაიძე მეორე ხაზში გაირჯება, ხოლო ბიწაძე 8 ნომერზე დადგება. “ბორჯღალოსნებს” საფრანგეთიდან დაემატა შალვა სუთიაშვილი (მასი) და მან სათადარიგოთა შორის ზვიად მაისურაძის ადგილი დაიკავა. სათადარიგოთა შორის გიორგი ბეგაძის ნაცვლად გამწესდა ბიძინა სამხარაძე. აშშ-სთან სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია ლევან ჩილაჩავას და ის მოედანზე სავარაუდოდ ამ თამაშში გავა.
ვანკუვერში გასამართი მატჩი დიდ ინტერესს რომ იწვევს ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მატჩისწინა პრესკონფერენციას ჟურნალისტები მრავლად დაესწრნენ.
“ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ერთი კვირის წინანდელზე უკეთ ვითამაშებთ. აშშ-ს წინააღმდეგ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა. ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ვგრძნობთ, რომ მარცხით ახლობლებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს გული დავწყვიტეთ და გვსურს, ამ თამაშის შემდეგ მათ სიამაყის გრძნობა დავუბრუნოთ. კანადის ნაკრები ძლიერი მოწინააღმდეგეა. ეს გუნდი საუკეთესოდაა მომზადებული და ორი ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა და ამის გამო ვერ მოახერხა იტალიის დამარცხება” - შეაქო მეტოქე ჰეიგმა.
კანადელებმა ქართველებთან მატჩამდე ჯერ აშშ დაამარცხეს 28:25, ხოლო ერთი კვირის წინ იტალიასთან დამარცხდნენ 16:25, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ კანადას გამარჯვებაც შეეძლო და მეტოქეს მხოლოდ ფიზიკური ძალით ჩამორჩა. კანადელთა თავკაცმა კირან კროულიმ, ერთი კვირის წინანდელ შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა, რაც მწვრთნელმა იტალიასთან ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი თამაშით ახსნა და იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად მისი გუნდი იტალიის სტილში მოთამაშე ქართველებთან ფიზიკურ ბრძოლას არ წააგებს.
“გასულ კვირაში იმედგაცრუებულნი დავრჩით. გვქონდა შესაძლებლობები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. სრულად ვართ კონცენტრირებული, რათა ეს შეცდომები გამოვასწოროთ და წარმატებას მივაღწიოთ. გასულ კვირაში ბევრს ვთამაშობდით ხაზით და ამან მეტოქის წისქვილზე დაასხა წყალი. საქართველოს ნაკრების მორაგბეთა უმეტესობა, საფრანგეთში, მაღალ დონეზე თამაშობს, პროფესიონელები არიან და ამრიგად, ჩვენს წინ ძლიერი მეტოქე იქნება. საქართველოს ძლიერი შერკინება ჰყავს და მათ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რაც იტალიელებს მივეცით. სწორედ აქ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში და მეტოქეს დიდი ბრძოლა გავუმართოთ. მნიშვნელოვნად უნდა გავაუმჯობესოთ როგორც დაცვაში, ასევე, შეტევაში თამაში. საქართველოს ნაკრები ქვედა ექვსი ერის გამარჯვებულია და მათთან მძიმე, ფიზიკურად რთული თამაში გვექნება” - თქვა კროულიმ.
კროული მოხიბლული დარჩა საქართველოს ნაკრების გამოსვლით 2011 წლის მსოფლიო თასზე და მას სწრაფად მზარდი ნაკრები უწოდა: “ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში რაგბი სპორტის ეროვნული სახეობაა. მათ აქვთ დიდი ფინანსური მხარდაჭერა და რესური. უახლოესი სამი-ოთხ წელიწადში, მათი დონე სამოას, ფიჯის, ტონგასა და კანადის ტოლი იქნება. ისინი აფეთქებისთვის მზად არიან”.
კანადისა და საქართველოს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2009 წლის “ჩერჩილის თასზე”, შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე “ბორჯღალოსნები” მეტოქესთან 10:42 განადგურდნენ. მომდევნო წელს, ტურნეზე მყოფ კანადელებთან ქართველებმა რევანში “ბორის პაიჭაძეზე” აიღეს და მეტოქე 22:15 დაამარცხეს.
24 ივნისი (კვირა). 01:00 საათი (თბილისის დროით)
ბერნაბი. ვანკუვერი (ბრითიშ კოლუმბია)
კანადა - საქართველო
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. შალვა სუთიაშვილი, 19. გივი ბერიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ალექსანდრე თოდუა.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ასისტენტები: ქრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია