ამბები

12:45 | 23.06.2012 | ნანახია 4568 - ჯერ

საქართველომ ზიმბაბვე გაანადგურა და გადამწყვეტი მატჩისთვის გაემზადა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” მეორე რაუნდში ზიმბაბვე 43:7 გაანადგურა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს იაპონია ლიდერობს, ფინალში გასვლის ფავორიტად ითვლება.

ნორჩმა “ბორჯღალოსნებმა” ოთხი დღის წინ იაპონიასთან მედგრად მებრძოლი აფრიკის ჩემპიონი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. რაც მთავარია, შერკინებასა და დერეფანში მოპოვებული უპირატესობა კარგად გამოიყენეს უკანახაზელებმა და ექვსივე გატანილი ლელო მათ ანგარიშზეა.

თამაშში ბურთი ზიმბაბვემ შეიყვანა, საქართველო რაქში დაჯარიმდა და აფრიკელებმა ანგარიშის გახსნა სცადეს, მაგრამ დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა. “ბორჯღალოსნებმა” საკუთარი 22-იდან მეტოქის 22-მდე იარეს, იქ უკვე მეტოქე დაჯარიმდა და საბა ნიკოლავამ ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-20 წუთამდე საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა, მაგრამ ზიმბაბვეს შეტევებისას აგრესიულად იცავდა თავს და მეტოქეს 22-თან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა, ხშირადაც ჯარიმდებოდა.

სამაგიეროდ, ქართველები ისე სწრაფად უტევდნენ, რომ მეტოქე დაჯარიმებასაც ვერ ასწრებდა და 25-ე წუთზე პირველი ლელო გავიდა. იან სმიტის შეგირდებმა მეტოქის 22-ის ხაზთან საკუთარი დერეფანი მოიგეს და მოლით წინ წაიწიეს, მერე თამაში რაქში გადავიდა, იქიდან გატანილი ბურთი მარცხენა ფლანგზე ლევან გოგოლაშვილს მიუვიდა და ლელომდე დაახლოებით 12 მეტრი ირბინა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვა გამოიყენა. მეტოქემ სხვაობის შემცირება 40 მეტრიდან, ჯარიმით სცადა, მაგრამ აფრიკელის დარტყმა ამჯერადაც არაზუსტი იყო.

33-ე წუთზე ქართველებმა უპირატესობა კიდევ გაზარდეს. ცენტრთან ახლოს ხაზი გაიჭრა, მეტოქის 22-თან რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, გიგა გაგოშვილი მცველს გაექცა და ლელო გაიტანა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს მარჯვენა ფლანგზე დაწყებული იერიში კვლავ გრძელ ფრთაზე გაგრძელდა და ამჯერად ლელო ეროვნული გუნდიდან ახალგაზრდებში გადასულმა მერაბ შარიქაძემ მიითვალა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 24:0.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა საქართველოს ნაკრებმა ზიმბაბვეს 22-ში მეტოქის შერკინება მოიგო, გოდერძი ჭინჭარაულმა ერთი კაცის გამოტოვებით გოგოლაშვილი მოძებნა და მანაც პრემიის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა. ამას აფრიკელთა გააქტიურება მოყვა, ქართველები ხშირად ჯარიმდებოდნენ და რეფერიმ მინდია ელგუჯაური გაასინბინა. ზიმბაბვემ იერიში გააგრძელა, ქართველები კვლავ ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ ჩათვლის მოედნის ხელუხლებლად შენახვა ვერ შეძლეს და ლელო გაუშვეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამან მეტოქე იშტაზე მოიყვანა, ჯარიმები კარში აღარ ურტყა და ლელოზე ითამაშა, საქართველოს ნაკრები კი, ისევ ჯარიმდებოდა. ამან რეფერი გააღიზიანა და “ბორჯღალოსნები” გააფრთხილა, აღარ ვიცი რა მოგიხერხოთო.

ხშირად დაჯარიმება ერთადერთი იყო, რაც იმ დღეს საქართველოს ნაკრების თამაშს არ უხდებოდა და ეს თუ სწრაფად არ გამოსწორდა, ძლიერ მეტოქესთან შესაძლოა მაგრად დავისაჯოთ. მეორე ტაიმის წყლის შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხა, 40 მეტრიდან მეტოქის 22-მდე რამდენიმეფაზიანი შეტევის შედეგად მივიდა, მერე გოგოლაშვილი მცველებს დაუსხლტა და თავისი მესამე ლელო გაიტანა. გარდასახვა ამჯერად შეცვლაზე შესულმა ბახვა კობახიძემ შეასრულა.

იან სმიტის შეგირდებს მორიგი ლელოს გატანა მალევე შეეძლოთ, როდესაც საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეტევით მეტოქის 22-მდე მიაღწიეს, მაგრამ იქ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ასპროცენტიანი ლელო არ გაიტანეს. დარჩენილმა დრომ კვლავ ქართველთა იერიშებში, მეტოქის 22-ში გაიარა და მეექვსე ლელო მაინც გავიდა. 5-მეტრა შერკინებიდან გატანილი ბურთი მარჯვენა ფლანგზე ზურაბ ძნელაძეს მიუვიდა და ალამთან დაამიწა. კობახიძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ქარიან ამინდში “ბორჯღალოსნებმა” 43:7 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე იაპონიამ, კანადას ხუთი ლელო გაუტანა, მაგრამ ჯაბანი არც ჩრდილოამერიკელები იყვნენ, მათ გმირულად იბრძოლეს და მხოლოდ 3 ქულით, 35:38 დამარცხდნენ. კანადელებმა ოთხი ლელოს გატანისთვის და მცირე სხვაობით მარცხისთვის ორი პრემიალური ქულა აიღეს. გადამწყვეტ ტურში, 26 ივნისს, “ბ” ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას ისევე როგორც შარშან თბილისში იაპონია და საქართველოს გაარკვევენ.

“ა” ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა მასპინძელმა აშშ-მ და თუ სასწაული არ მოხდა, ფინალში სწორედ ის ითამაშებს. ამერიკელებმა ამჯერად ჩილე გაანადგურეს 54:25 და პრემიალური ქულაც აიღეს. მეორე მატჩში ტონგამ აუტსაიდერი რუსეთი 62:7 გაანადგურა.

2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
22 ივნისი. II რაუნდი
საქართველო - ზიმბაბვე 43:7 (24:0)
საქართველო:
15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. არჩილ ბეჟაშვილი, 2. ვაჟა თაგაური, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი თეთრაშვილი, 17. გიორგი ლომთაძე, 18. ვახტანგ ახობაძე, 19. გურამ შენგელია; 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. ბახვა კობახიძე.
განაცხადში არ იყვნენ: გიორგი მჭედლიშვილი, საბა ბერაძე.
დისკვალიფიკაცია: გიორგი ბიწაძე, თამაზ მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია

იაპონია - კანადა 38:35

 

1 იაპონია 2 2 0 0 77-71 10
2 საქართველო 2 2 0 0 74-24 9
3 კანადა 2 0 0 2 52-69 2
4 ზიმბაბვე 2 0 0 2 43-82 2


26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო

A ჯგუფი
23 ივნისი. II რაუნდი

ტონგა - რუსეთი 62:7
აშშ - ჩილე 54:25

 

1 აშშ 2 2 0 0 76-36 9
2 ტონგა 2 1 0 1 73-29 5
3 ჩილე 2 1 0 1 78-73 5
4 რუსეთი 2 0 0 2 26-115 0


26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი

30 ივნისი. ფინალები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076733