ამბები

15:47 | 23.06.2012 | ნანახია 1809 - ჯერ

აფრიკამ ზელანდიას ტიტული ჩამოართვა

სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებმა სამშობლოში გამართულ ახალგაზრდული მსოფლიო თასის ფინალში, 2008 წლიდან დღემდე ამ ტურნირის მარადმწვანე გამარჯვებულ ახალ ზელანდიას არაფერი დაუთმო და 22:16 მოგებით კეიპტაუნში შეკრებილი 35 ათასი მაყურებელი გაახარა.
ამ გუნდებს თითო-თითო წაგება ჰქონდათ ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ფინალში მაინც გააღწიეს. ზელანდიელებისთვის ეს 20-წლამდელთა მსოფლიო თასის დაარსებიდან დღემდე მეხუთე ფინალი იყო, სამხრეთ აფრიკა კი, იქ პირველად თამაშობდა. “ოლ ბლექსმა” ტრადიციული “ჰაკა” ისე შეასრულა, ცხადი იყო, ჯილდოს შენარჩუნება გადაეწყვიტა, მაგრამ აფრიკა არანაკლებ იყო მოტივირებული და ეს პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ ძალისმიერ თამაშში, ზელანდია მათი მოლის შეჩერებას მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე თუ ახერხებდა და ეს გადამყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
მეტოქის სიძლიერესთან ერთად, მასპინძლებს პატარ-პატარა დახმარება ინგლისელმა რეფერიმაც აღმოუჩინა, მაგრამ ეს ხომ რაგბში ბუნებრივი მოვლენაა და აფრიკელთა წარმატებას სულაც არ აკნინებს. მათ მძლავრად დაიწყეს თამაში, სტუმართა დაცვა არ დანებდა და მოიერიშეს ისღა დარჩენოდა მე-10 წუთზე ჯარიმით გაეხსნა ანგარიში. ზელანდიამ ჯარიმით სამ წუთში უპასუხა, მაგრამ მე-19 წუთზე ისინი მოლში კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და სამხრეთ აფრიკა ისევ დაწინაურდა.
“ოლ ბლექსმა” 34-ე წუთზე გატანილი ლელოთი მოიპოვა უპირატესობა და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა გაუშვა და ტაიმი მხოლოდ მინიმალური სხვაობით დასრულდა - 9:10. აფრიკელებმა თავისი წილი ლელო 47-ე წუთზე გაიტანეს და დაწინაურდნენ. სტუმრებმა ჯარიმით შეძლეს სხვაობის შემცირება, მაგრამ მეორე ნახევრის შუა პერიოდის ხუთწუთიანი მონაკვეთი, მასპინძლებმა ძლიერად ჩაატარეს, ჯერ არეკნი, შემდეგ კი, ლელო გაიტანეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ლელო ჟან სერფონტეინის ანგარიშზეა, რომელიც მოგვიანებით ტურნირის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ზელანდიამ გაიბრძოლა და 76-ე წუთზე ნაღდი ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ გადამწყვეტი შტურმის მოწყობა ვეღარ მოახერხა და შინ დამარცხებული პირველად დაბრუნდა.
ძალიან ძლიერმა უელსის ნაკრებმა, მესამე ადგილისთვის მატჩში არგენტინა პირველ ტაიმში მაგრად დაჯაბნა. შესვენების შემდეგ სამხრეთამერიკელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის შემცირებაღა შეძლეს - 17:25. V ადგილი ირლანდიას დარჩა, რომელმაც საფრანგეთს 18:7 აჯობა, VII ადგილოსანი ავსტრალიის 17:13 მძლეველი ინგლისი გახდა, ხოლო IX ადგილს შოტლანდია სამოას 62:28 განადგურებით დაეუფლა.
ფინალის შემდეგ ყველაზე დიდი ფასი ბოლოსწინა ადგილისთვის გამართულ მატჩს ჰქონდა, რადგან გამარჯვებული საგაისოდ უძლიერესთა შორის თამაშს იბევებდა, დამარცხებული კი, “ალაფაზე” ჩაინაცვლებდა. ფიჯი ორი ადრეული ჯარიმით დაწინაურდა, იტალიამ ტაიმის შუაწელს ჯარიმით, მერე კი, ლელო-გარდასახვით უპასუხა და წინ გაიჭრა, ტაიმის დასკვნითი ნაწილი ოკეანეთელებმა უკეთ ჩაატარეს და ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. იტალია კი ცდილობდა, მაგრამ მეტოქის წითელ ზონას ვერ უახლოვდებოდა და ფიჯისგან 69-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო. საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე, იტალიელებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ფიჯიმ დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვა, 19:17 იმარჯვა და საუკეთესოთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

2012 წლის მსოფლიო თასი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
სამხრეთ აფრიკა. 4-22 ივნისი
22 ივნისი
XI ადგილისთვის

იტალია - ფიჯი 17:19
 

IX ადგილისთვის
შოტლანდია - სამოა 62:28
 

VII ადგილისთვის
ინგლისი - ავსტრალია 17:13
 

V ადგილისთვის
ირლანდია - საფრანგეთი 18:7
 

III ადგილისთვის
არგენტინა - უელსი 17:25
 

ფინალი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 22:16

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.642475