ამბები

16:45 | 23.06.2012 | ნანახია 6747 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: ”მორაგბეებს შესანიშნავი განწყობა აქვთ და თავდაჯერებულნი არიან”

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ღამით მორიგი ტესტი მატჩი ელის, რომელშიც მეტოქედ კანადის ეროვნული გუნდი ეყოლება. თამაში თბილისის დროით უკვე 24 ივნისს, 01:00 საათზე დაიწყება და ამ დროს, კანადაში 23 ივნისის შუადღის ორი საათი იქნება. მომავალი შეხვედრის წინ, ”ბორჯღალოსანთა” ზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მორიგი კომენტარი გააკეთა.
“კანადაში ჩასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ბარნებიში დაჯავშნილ სასტუმროში დაბინავდა. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილს სიეტლის გავლით ვუწიეთ, რადგანაც პირდაპირი რეისი გაუქმებული აღმოჩნდა.
შეკრების პირველი ორი დღე ამერიკასთან გამართული ტესტის განხილვასა და იმ სტრატეგიული ცვლილებების გაანალიზებას მოხმარდა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კანადელებთან ურთულესი თამაშის შედეგზე.
მესამე დღეს ყურადღება გავამახვილეთ კანადის ნაკრებზე. განსაკუთრებით ყურადღებით იტალიასთან მცირე სხვაობით წაგებული თამაში განვიხილეთ და შაბათის მატჩის დასაგეგმად, მეტოქის სუსტ წერტილებს ვეძებდით.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გუნდი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. მორაგბეებს შესანიშნავი განწყობა აქვთ, თავდაჯერებულნი არიან და შაბათის მატჩზე ფიქრობენ.
ამერიკასთან თამაშმა გაგვაწბილა, ფიზიკურად ვერ ვიყავით კარგ ფორმაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შაბათს მატჩი სხვაგვარად წარვმართოთ, მითუმეტეს, რომ კანადა აშშ-ზე უფრო ძლიერი გუნდია და ”ბორჯღალოსნებისგან” ნაკრების ღირსების დაცვა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს.
გასულ შაბათს, სხვა ყველაფერთან ერთად, გეოგრაფიულმა პირობებმა შეგვიშალა ხელი, განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში. შეხვედრის ბედი სწორედ ამან გადაწყვიტა, არადა, მეორე ტაიმში ჩვენ ამერიკელებს აშკარად ვჯობდით.
ახლა, როდესაც უფრო ხელსაყრელ პირობებში ვართ, ვიმედოვნებთ, რომ მეტის გაკეთებას შევძლებთ. წინასამატჩო კაპიტნის ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, ბიჭები თავს უკეთ გრძნობენ.

P.S. კანადა-საქართველოს მატჩის ხილვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე http://www.sportscanada.tv/index.php/rugby/rugby-canada/national-teams


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079558