ამბები

15:55 | 24.06.2012 | ნანახია 5600 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” კანადასთან ნახევარ საათში დამარცხდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ჩრდილოამერიკული ტურნეს მეორე მატჩიც წააგო. კანადელებმა, 3661 გულშემატკივრის თვალწინ, 31:12 იმარჯვეს. აშშ-სთან გამართული ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის მსგავსად (20:36), თამაშის ბედი საწყის 30 წუთში გადაწყდა, როდესაც მეტოქემ “ბორჯღალოსანთა” შეცდომებით ისარგებლა და 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
შეცდომები იყო ძალიან ბევრი და უპატიებელი. ქართველები ხშირად ჰკარგავდნენ ბურთს შეტევაში და მეტოქეს კონტრშეტევის დაწყების საშუალება ეძლეოდა, რის შემდეგაც მარტივად ხერხდებოდა დაულაგებელი დაცვის გარღვევა. ხშირი იყო ჯარიმები  (როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში), არაზუსტი გადაცემები და ბურთზე კონტროლის დაკარგვა, რომელიც მეტოქის ნადავლი თუ არ ხდებოდა, ჩვენ შეტევას სიმწვავე მაინც აკლდებოდა.
საქართველოს ნაკრებმა რამდენჯერმე მოახერხერხა მეტოქის დაცვის გარღვევა, მაგრამ ვერ მოხერხდა შეტევების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა და საბოლოოდ, “ბორჯღალოსნებმა” მიზნის მიღწევა მხოლოდ ნაცადი, ძალისმიერი თამაშით მოახერხეს.
კანადამ პირველი საჩუქარი მე-5 წუთზე მიიღო, როდესაც ვან დერ მერვემ თავისუფალი ბურთი აიტაცა და ლელომდე ირბინა, ხოლო პრიჩარდმა გარდასახვა გამოიყენა.
მალე, ბურთი ცენტრის სიახლოვეს რაქში დაიკარგა, ევანსის ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაში შემტევს ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში კვირიკაშვილმა დაასწრო, მაგრამ სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდებოდა და კანადამ 5-მეტრა შერკინება მიიღო. ფერჰერთსმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და ლელოს გატანას ძელებსშუა აპირებდა, მაგრამ რეფერიმ მისი დაფიქსირება ვერ მოახერხა და “ნეკერჩხლებს” კიდევ ერთი 5-მეტრა შერკინება მისცა. მერე “ბორჯღალსონები” დაჯარიმდნენ და პრიჩარდმა, მე-11 წუთზე, კარის წინ 10 მეტრიდან ანგარიში 10:0 გახადა.
ორიოდე წუთში, როდესაც კანადის მოლმა დაახლოებით 10 მეტრით წაიწია წინ და საქართველოს ნაკრები ისევ დაჯარიმდა, პრიჩარდმა ჯარიმა 40 მეტრიდან კარში აღარ დაარტყა, ლელოზე ითამაშა, მაგრამ ფეხით შეცურებული ბურთი კიდით ხაზს გადასცდა. მე-17 წუთზე, “ბორჯღალოსნებმა” კარგი გარღვევა განახორციელეს და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ახალბედა გიორგი თხილაიშვილს, სისწრაფესთან ერთად, გამოცდილება დააკლდა და მეტოქე დაუსჯელი დარჩა. რაქიდან გატანილი ბურთი მერაბ კვირიკაშვილს მიუვიდა, ორ მცველს შორის წავიდა და კონტაქტამდე წამის მეასედში თხილაიშვილი გარღვევაზე გაიყვანა. ლელომდე 25 მეტრი რჩებოდა, ის ერთ მცველს გაექცა, მაგრამ სისწრაფეს არ მოუმატა, მცველი ზურგზე ჩამოეკიდა ჩათვლის მოედნამდე ერთ მეტრში შეაჩერა. მას თედო ზიბზიბაძე მიეშველა, მაგრამ ხაზის გადაკვეთა არც მას დაანებეს და რეფერიმ კანადელთა სასარგებლოდ შერკინება დანიშნა.
შერკინებაში კანადა დაჯარიმდა და კარის გასწვრიდან კვირიკაშვილი სამ ქულას უთუოდ აიღებდა, მაგრამ გუნდმა ლელოზე თამაში გადაწყვიტა და კვლავ შერკინება ირჩია. იერიში ჯერ მარჯვნიდან განვითარდა, მერე ისევ ცენტრისკენ დაბრუნდა, თხილაიშვილმა, ლექსო გუგავამ და ბექა ბიწაძემ ხაზის გარღვევა ვერ მოახერხეს, რაქიდან ბურთი დავით კაჭარავამ აიტაცა და ჩათვლის ხაზს იქით გადადო, მაგრამ რეფერიმ მანამდე წინ თამაში იყოო და მასპინძელთა გუნდი მშრალად გადარჩა.
ეგ კი არა და მალე, ლელო აქეთ გავიდა. ქართველებმა შეტევაში დაკარგეს ბურთი, ირაკლი ყიასაშვილმა ცენტრალური ხაზის სიახლოვიდან ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის 22-თან ფეხითვე დააბრუნა, ტრეინორმა რაქიდან სწრაფად მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და 40 მეტრი ირბინა, მას მაკქენზი, ევანსი და პრიჩარდი მიჰყვნენ და ხელდახელ გათამაშების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა. მასპინძელთა ფულბეკმა ზუსტ გარდასახვას, 31-ე წუთზე, კარის გასწვრივ 47 მეტრიდან ჯარიმა მიაყოლა და კანადა 20:0 დაწინაურდა.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო საქართველოს ნაკრებმა ბურთის უშეცდომოდ შენარჩუნება და რამდენიმე ფაზის გადაბმა. 3 წუთის ინტერვალში, ირაკლი მაჩხანელი ორჯერ მიყვა ფეხით გადაკიდებულ ბურთს. პირველ ჯერზე, მისი აღება მოახერხა და ცენტრისკენ შეიწია, მაგრამ მცველებს ვერ დაუსხლტა, ხოლო მეორედ ბურთმა გვერდითი ხაზის გადაკვეთა მოახერხა. უშეცდომო არც კანადა იყო. კანადელებმა 5-მეტრა დერეფანში ბურთი ცუდად ააგდეს და ის, შერკინებით, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა. მასპინძელთა წითელ ზოლში თამაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა, კანადელები ჯარიმდებოდნენ, საქართველოს ნაკრები ნაცად სტილში მოკლე დარტყმებით უტევდა და 38-ე წუთზე, რევაზ ბელქანიამ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა.
ბოლო შეტევა მასპინძლებისა იყო, “ბორჯღალოსნები” თამაშგარისთვის დაჯარიმდნენ და პრიჩარდმა 24 მეტრიდან პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 23:7.
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო მობილიზებულად დაიწყო და პრესინგმა მეტოქეს შეცდომის დაშვება აიძულა - მცველს საკუთარ 22-ში ბურთი წინ დაუვარდა. ჩათვლის მოედნამდე 10 მეტრი რჩებოდა და საკუთარი შერკინებიდან სალელოვე შეტევის დაწყება შეიძლებოდა. ბიწაძემ ბურთი ცენტრისკენ კვირიკაშვილს გაუტანა, ამ უკანასკნელის გადაცემა მიუქმა ჩაჭრა და ჩვენს ლელომდე 80 მეტრი ირბინა. ყიასაშვილმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ მას ლელოს გატანა ძელებსშუა არ დაანება და პრიჩარდმა გარდასახვა გააფუჭა. ეს იყო მე-3 ლელო, რომელიც ქართველთა შეცდომის, ბურთის დაკარგვის გამო გავიდა და მეორე, რომელიც კანადამ საკუთარი 22-დან დაწყებული კონტრშეტევით გაიტანა.
ამან ბიჭებს თითქოს გული აუცრუა და მელევე სტუმართა შერკინებაშიც დაიკარგა ბურთი, მაგრამ მერე მობილიზაცია მოხერხდა და 35 წუთის უმეტესმა დრომ მეტოქის ნახევარზე, ქართველთა იერიშებში ჩაიარა.
48-ე წუთზე, ცენტრის სიახლოვეს, ზიბზიბაძემ სუფთად გაჭრა მეტოქის ხაზი და ლამის 5-მეტრიან ხაზამდე ირბინა, მაგრამ პასის გაკეთება ვეღარ მოახერხა და კანადა ლელოს გაშვებას გადარჩა.
უპირატესობის გამოყენება ვერ მოხერხდა, რადგან ხან საკუთარი დერეფანი წავაგეთ, ხან ჯარიმიდან დარტყმული ბურთი არ გავიდა აუტში და ხან ტრადიციულად - ის წინ დაგვივარდა. მეტოქემ რამდენჯერმე სცადა სწრაფი გარღვევის დაგვირგვინება, მაგრამ “ბორჯღალოსნები” ახლა დაცვაში უფრო მობილიზებული იყვნენ და მათ მეტი ლელოს გატანა არ დაანებეს.
გარკვეული დროის განმავლობაში, მოკლე დარტყმებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მანძილის მოგება კი ხერხდებოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბურთი იკარგებოდა და მასპინძლებს ამოსუნთქვის საშუალება ეძლეოდათ. ასე გაგრძელდა 65-ე წუთამდე. შემდგომში, დასარტყმელი ჯარიმა ლაშა მალაღურაძემ ორჯერ აუტში გაიტანა, 5-მეტრა დერეფანი ქართველებმა მოიგეს, მოლს შეცვლაზე შესული შალვა მამუკაშვილი მოწყდა და მე-2 ლელო დადო, მაგრამ მალაღურაძეს გარდასახვა გაუფუჭდა - 12:28.
საქართველოს ნაკრები თამაშის ეშხში შევიდა, კანადა ისევ დაჯარიმდა და 70-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადეს სტუმრებმა დერეფნიდან მიზნის მიღწევა. ამჯერად, მოგებული აუტიდან ბურთი გიორგი ჩხაიძეს მიუვიდა, მან მოკლე ფრთაზე შეუტია და მამუკაშვილი მოძებნა, ის ხუთ მეტრში შეაჩერეს, რაქიდან იერიშში შალვა სუთიაშვილი ჩაერთო, რომელსაც თანაგუნდელები წამოეშველნენ და ჩათვლის ხაზი თითქმის ერთი მეტრით გადაიკვეთა, თუმცა, რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ დავაფიქსირეო და მხოლოდ 5-მეტრა შერკინება გვაკმარა.
შერკინებიდან მიძალებისას კანადა დაჯარიმდა და ჯეისონ მარშალი სინბინით დაისაჯა. “ბორჯღალოსნებმა” ისევ შერკინება არჩიეს, ნაცადი ხერხით, მოკლე დარტყმებით, თითქოს ლელო გარდაუვალი ჩანდა, ხაზიც კიდევ ერთხელ გადაიკვეთა და საქართველოს ნაკრებმა ლელოს აღნიშვნა დაიწყო, მაგრამ გვერდითა მსაჯმა, კაცმა არ იცის რა შენიშნა, ლელო არ ჩათვალა და მასპინძელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. ამ დროს ლელო თუ გავიდოდა, დასკვნითი 5-6 წუთი უკიდურესად დაძაბული იქნებოდა, რადგან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ ქართველთა 2 მცდელობა რეფერიმ არ დააფასა და სიტუაცია განიმუხტა.  
77-ე წუთზე, ლელოს გატანა მაინც შეიძლებოდა, მარჯვენა ფლანგზე ხაზი კაჭარავამ გაჭრა, მერე ბურთი საპირისპირო კიდემდე ჩათამაშდა და სუთიაშვილი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, ბურთი წინ რომ არ დავარდნოდა.
დრო რომ აღარ იყო, საქართველოს ნაკრებმა ლელობით ანგარიშის გასათანაბრებლად საკუთარი 22-დან სცადა ხელით შეტევა, მაგრამ წინ ვერ წაიწია, მერე დაჯარიმდა და პრიჩარდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩრდილოამერიკულ ტურნეზე ნათლად გამოჩნდა, რომ ის შეცდომები, რომელიც ევროპის ერთა თასის მატჩებში ხშირად გაგვსვლია, შედარებით ძლიერ მეტოქეებთან დაუსჯელი არ დარჩება და მისი გამოსწორება უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს. უკრაინასთან მატჩის დროსაც, “ბორჯღალოსნებმა” ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს (მათ შორის, მარტივ სიტუაციებში), მაგრამ მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა, კანადამ და ამერიკამ კი, 7 ლელოთი დაგვსაჯა. ასეთივე შეცდომებს მეტოქეებიც უშვებდნენ, ოღონდ, ჩვენზე ორ-სამჯერ ნაკლებს და მათი გამოყენება ვერ ხერხდებოდა.
გამოჩნდა ისიც, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს თამაშში შესვლა უჭირს და საწყის ოც წუთში არაფერი გამოსდის, მე-2 ტაიმს კი, უკეთ ატარებს, მაგრამ გარდატეხა არა გაშლილი სტილით, არამედ ნაცად ძალისმიერ თამაშს მოაქვს.
საერთო ჯამში, ეს ტურნე ყველა შემთხვევაში სასარგებლო იყო, რადგან გაისინჯა რამდენიმე ახალი მორაგბე, მათ მიიღეს ძლიერ მეტოქესთან თამაშის უდიდესი გამოცდილება და მწვრთნელებმაც დაინახეს ის ნაკლოვანებები, რისი გამოსწორებაც აუცილებელია.
სხვა მხრივ, ამერიკაში ნაკრები გარანტირებულად წასაგებად არ წასულა, მაგრამ თვით სრკ-სა და ნაკრების ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ აშშ-სთან და კანადასთან ასეთ სიტუაციაში დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი ჩანდა. ამიტომ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამა წლის ნოემბრიდან, როცა თბილისს იაპონია და ფიჯი ეწვევა, ნათლად უნდა გამოჩნდეს ის რეალური ძალა, რასაც საქართველოს ნაკრები მილტონ ჰეიგის ხელში წარმოადგენს და მაშინ მოხდება იმ დანაკარგის ანაზღაურება, რაც ჩვენმა გუნდმა ამერიკული ტურნეს მსვლელობისას რეიტინგში განიცადა.  

24 ივნისი (კვირა)
ბერნაბი. ვანკუვერი (ბრითიშ კოლუმბია). 3661 მაყურებელი
კანადა - საქართველო 31:12 (23:7)
კანადა:
15. ჯეიმს პრიჩარდი, 14. შონ დიუქი (ჯეფ ჰესლერი 76), 13. კონორ ტრეინორი, 12. ფილ მაკქენზი, 11. ვან დერ მერვე, 10. მეტ ევანსი (კიარან ჰერნი 79), 9. ედ ფერჰერთსი (შონ ვაითი 54); 1. ტომ დოლეჟელი (მაიკ პლეჩი 64), 2. ენდრიუ თიდმენი, 3. ჯეისონ მარშალი, 4. ჯებ სინკლერი, 5. ტაილერ ჰოთსონი (ბრეტ ბექაბუმი 73), 6. ტაილერ არდრონი, 7. ნინიაკ დალა (დაგ ვულრიჯი 73), 8. არონ კარპენტერი (ჯონ ფელანი).
3 ლელო: ვან დერ მერვე, პრიჩარდი, დიუქი
2 გარდარდასახვა: პრიჩარდი
4 ჯარიმა: პრიჩარდი
სინბინი: მარშალი
მწვრთნელი: კირან ქროული
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა (22. ალექსანდრე თოდუა 56), 10. მერაბ კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 49), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 64); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ლევან ჩილაჩავა 61), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი 56), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ვახტანგ მაისურაძე (19. გივი ბერიშვილი 65), 6. გია ლაბაძე (18. შალვა სუთიაშვილი 49), 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
2 ლელო: ბელქანია, მამუკაშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ასისტენტები: ქრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რეფერი: დეივ პირსონი (ინგლისი)
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120628