ივნისის ტესტ-მატჩების დასკვნით დღეს, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წამყვანი სარაგბო ნაკრებების დაპირისპირება სრული თანაფარდობით დასრულდა. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, დანარჩენი ოთხიდან ორ-ორში კი, გუნდებმა მეტოქეები პირწმინდად გაანადგურეს, ან მხოლოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ახალმა ზელანდიამ ირლანდიას ჰემილტონში უმასპინძლა, მომხვდურს 9 უპასუხო ლელო გაუტანა და 60:0 გაანადგურა. ერთი კვირის წინათ, ირლანდიელებმა “ოლ ბლექსს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაშვებული არეკნის გამო 19:22 დამარცხდნენ. ახლა მათ იმედი ჰქონდათ, რომ მსგავს გულის დაწყვეტას თავიდან აირიდებდნენ და სამმატჩიანი სერიის დასკვნით დღეს გამარჯვებას მიაღწევდნენ, მაგრამ ზელანდიის გეგმები სულ სხვაგვარი იყო.
ზელანდიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ და გაშლილ თამაშში, მატჩის ბედი თავიდანვე გადაწყვიტეს. ირლანდიას კი, ერთადერთხელ მიეცა საპასუხო ლელოს გატანის საშუალება, მაგრამ მასპინძლებმა მათ პრესტიჟის დაცვის საშუალებაც არ მისცეს.
დასაწყისი ისეთი იყო, როგორც “ოლ ბლექსს” სურდა. მასპინძლებმა მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და ლელოც მალევე გაიტანეს, 22-ე წუთზე კი, უკვე 4 ლელო ჰქონდათ გატანილი და 26:0-ს იგებდნენ.
ტაიმის ბოლოს ირლანდია სინბინით დაისაჯა და ტაიმი 29:0 დასრულდა, მე-2 ნახევრის საწყის ათ წუთში კი, მასპინძლებმა მეტობა კიდევ ორ ლელოში ასახეს. 57-ე წუთზე, ლიამ მესამის მიერ გატანილი ლელო მე-100 იყო, რომელიც ზელანდიელებს ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში ოდესმე გაუტანიათ.
მასპინძელთა მხრიდან, ამ მატჩში ლელოები სემ კენიმ (2), სონი ბილი უილიამსმა (2), ბენ სმიტმა, ჰოსე გეარიმ, ლიამ მესამიმ, იზრაელ დაგმა და ადამ ტომსონმა გაიტანეს. სამ-სამი გარდასახვა აარონ კრუდენისა და ბოდენ ბარეტის ანგარიშზეა.
საფრანგეთის ნაკრებმა 1998 წელს დაწყებული უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და არგენტინის ნაკრები მისსავე მიწაზე 49:10 გაანადგურა. მოგებასთან ფრანგები ერთი კვირის წინაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მცირედი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, კონტრშეტევაზე ლელო გაუშვეს და მაშინ 20:23 დამარცხდნენ. ამჯერად, ექვსმა ცვლილებამ გაამართლა და შედეგიც ძალიან კარგი მოიტანა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგვისტოში დასაწყები “ოთხი ერის” დებიუტისთვის ძირითადი შემადგენლობის ოც მორაგბეს ასვენებს და ივნისის ტეტსტებზე უახლოეს რეზერვს ამოწმებს. წინა ორი მატჩისგან განსხვავებით (მოგება იტალიასთან და საფრანგეთთან), ამჯერად რეზერვმა ვერ გაამართლა.
ეს სრულად ფრანგთა კარგი გარჯის დამსახურებაა. პირველ ტაიმში სტუმრებმა 3 ლელო გაიტანეს, თავი ბენჟამინ ფოლმა, იოან ჰუგეტმა და მაქსიმ მაჩენომ გამოიჩინეს, რასაც ფრედერიკ მიშალაკმა სამ-სამი გარდასახვა და ჯარიმა დაურთო. სტუმრებმა მხოლოდ ფელიპე კონტეპომის ჯარიმით იხეირეს. 56-ედან 68-ე წუთამდე, საფრანგეთმა კიდევ 3 ლელო გაიტანა (მაქსიმ მერმოზი, ჰუგეტი და ალექსანდრ ლაპანდრი) და მიშალაკმა კიდევ 2 ზუსტი გარდასახვა შეასრულა.
ბოლოში, არგენტინამ ფრანგთა სინბინით ისარგებლა და ერთი პრესტიჟის ლელო ტომას დე ლა ვეგამ მიითვალა, ხოლო კონტეპომმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტრადიციულად, საინტერესო და დაძაბული გამოდგა ავსტრალიისა და უელსის დაპირისპირება. ერთი კვირის წინათ, ავსტრალიამ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით, 25:23 იმარჯვა, ევროპელები გამარჯვებასთან ახლაც ახლოს იყვნენ, მაგრამ კვლავ გადამწყვეტი ჯარიმა გაუშვეს და მინიმალური სხვაობით, 19:20 დამარცხდნენ. ამჯერად, ბოლო სიტყვა ბერიკ ბარნსმა, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე თქვა და ევროპელებმა ჩარხის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს.
უელსს ავსტრალიაში გამარჯვება 1969 წლის შემდეგ არ უზეიმია. ახლა უელსელებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ კვლავ ხელმოცარულები დარჩნენ. ეს, დიდწილად, მატჩის სამხრეთაფრიკელი რეფერის - კრეიგ ჯუბერტის დამსახურებაა, რომელმაც აქაოდა და სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოო, თამაშის ტემპი დააგდო, რაც მასპინძლებს უფრო აძლევდათ ხელს; 73-ე და 74-ე წუთებზე კი, უელსის სასარგებლოდ, 2 ნაღდი ჯარიმა ვერ შენიშნა, შედეგად, საპასუხო შეტევისას უელსი დაჯარიმდა და ბარნსმა გადამწყვეტი სამქულიანი დარტყმა შეასრულა.
არცთუ სანახაობრივ პირველ ტაიმში, ავსტრალიელი ბარნსის ოთხ ჯარიმას, რომელთაგან ერთი ზედ შესვენების წინ გაიტანა, ლეიგ ჰალფპენიმ სამით უპასუხა. მე-2 ნახევარში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და 61-ე წუთზე, მატჩის პირველი ლელო რაიან ჯონსმა მიითვალა, ხოლო ჰალფპენიმ გარდასახვა გამოიყენა.
ავსტრალიამ მალევე უპასუხა, ოღონდ, რობერტ ჰორნიმ უელსელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწებისას მასზე კონტროლი დაკარგა და ვიდეორეფერის შეეძლო ის არ ჩაეთვალა, მაგრამ გადაწყვეტილება მასპინძლების სასარგებლოდ მიიღო.
71-ე წუთზე ჰალფპენიმ უელსი 19:17 დააწინაურა, მაგრამ ოთხ წუთში ბარნსმა ავსტრალიას ამ მატჩში ერთი ქულით, სერიაში კი, 3:0 მოაგებინა.
შოტლანდიამ სამხრეთ ნახევარსფერო წარმატებით მოიარა და სამივე ტესტ-მატჩი მოიგო. წვიმასა და ქარში ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით, ავსტრალიის 9:6 დამარცხების შემდეგ, სკოტებმა ფიჯი 37:25 დასცეს, აი დასკვნით მატჩში კი, წყნარი ოკეანის თასის მოგებ სამოას ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით, მინიმალური სხვაობით აჯობეს.
16:17 წაგებულ მატჩში, სამოელთაგან 16-ვე ქულა ტუსი პისის ანგარიშზეა. შესვენებამდე, მან არეკნი და ჯარიმა გაიტანა, მაგრამ შუალედში მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაუშვეს და ტაიმი 6:7 დათმეს.
მე-2 ნახევრის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 56-ე წუთზე, პისიმ ლელოს გარდასახვა მიაყოლა - 16:10. დასკვნითმა მეოთხედმა სტუმართა გამუდმებულ იერიშებში კი ჩაიარა, მაგრამ ერთ მომენტში ბედმა გაუღიმათ, პოლ პერესმა კონტრშეტევაზე ლელო რომ ვერ გაიტანა. ზეწოლამ შედეგი 79-ე წუთზე გამოიღო, რობ ჰარლიმ ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო კრეიგ ლეიდლოუმ გარდასახვით სქოთებს 17:16 მოაგებინა და წლევანდელი შედეგების მიხედვით, ექვსი ერის უსუსტესი გუნდი, სამხრეთ ნახევარსფეროდან შინ ბეჭდაუდებელი ბრუნდება.
1906 წლის შემდეგ, ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ ერთმანეთში პირველი ფრე ითამაშეს. ინგლისს 2 წაგების შემდეგ, სერიის გამარჯვებით დასრულება სურდა და წინანდელებზე ბევრად უკეთ ითამაშა. ევროპელები კარგად აბამდნენ ფაზებს და მე-2 წუთზე ტობი ფლუდმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, მაგრამ ხუთ წუთში მორნი სტეინმა ჯარიმითვე უპასუხა.
ინგლისი მე-11 წუთზე ლელოთი დაწინაურდა, როდესაც დენ კერიმ ხუთ მეტრში სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და მასპინძელთა დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოასწრო. არცთუ ცუდი პოზიციიდან ფლუდის გარდასახვა არაზუსტი იყო, რომელიც ფეხს იტკიებდა და ამ დარტყმის შემდეგ შეცვალეს კიდეც. შესაძლოა, სწორედ მისი ტრავმა იყო მიზეზი იმისა, რომ ინგლისმა გამარჯვება ვერ იზეიმა.
შესვენებამდე სტეინმა 2 ჯარიმა გაიტანა და აფრიკამ ტაიმი 9:8 მოიგო. ოუენ ფარელიმ ჯარიმით სტუმრებს უპირატესობა მატჩის განახლებისთანავე დაუბრუნა, მაგრამ 62-ე წუთზე პიტერსენისგან ლელო გაუშვა და მასპინძლებს 3 ქულით ჩამორჩა, რადგან სტეინს გარდასახვა გაუფუჭდა. ფარელიმ 72-ე წუთზე ჯარიმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის ბოლოს 35 მეტრიდან არეკნი დაჰკრა, მაგრამ ბურთი ძელს დიდი მანძილით ასცდა და შეხვედრაც ფრედ - 14:14 დასრულდა.
ამერიკული ტურნე ერთი მარცხით და ორი გამარჯვებით დაასრულა იტალიის ნაკრებმა. სამხრეთ ნახევარსფეროში ის ჯერ გადახალისებულმა არგენტინამ 37:22 დაამარცხა, მერე იტალიამ ჩრდილოეთ კონტინენტზე გადაინაცვლა და ჯერ კანადას 25:16 სძლია, ახლა კი, აშშ-ს 30:10 აჯობა.
იტალიელებმა კანადასთან ნათამაშები შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალეს, აშშ-მ იმავე შემადგენლობით იბურთავა, რომლითაც ერთი კვირის წინათ საქართველოს 36:20 აჯობა, უბრალოდ, გარემარბებმა ფლანგები გაცვალეს.
ჰიუსტონში გამართული თამაში, რომელსაც 17214 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლებმა 13 კაცის ამარა დაასრულეს, რამაც სტუმრებს გამარჯვება გაუიოლა, თუმცა, იტალიელები მატჩის შემდეგ სიცხეს უჩიოდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ არა ამინდი, რომელმაც სწრაფი თამაშის შესაძლებლობა არ მოგვცა, უფრო კარგად გავირჯებოდით და დიდი ანგარიშით მოვიგებდითო.
სტუმრები მე-3 წუთზე, კარლო ფესტუჩიოს ლელოთი დაწინაურდნენ და რიკარდო ბოჩინომ რეალიზაცია გამოიყენა. მერე კრის უაილსმა და ბოჩინომ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 27-ე წუთზე პოლ ემერიკმა ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ, ანგარიში გათანაბრდა.
ბოჩინომ ჯარიმით სტუმრები 32-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა, ორიოდ წუთში კი, ედუარდო გორიმ მასპინძელთა დაცვის ხაზში ხვრელი შენიშნა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. რეალიზაციის შემდეგ, ტაიმი იტალიელებმა 20:10 მოიგეს.
44-ე წუთზე, რეფერიმ აშშ-ს ენდრიუ სუნიულა წითელი ბარათით გაუძევა. მასპინძლები კაცნაკლულები ასე თუ ისე თავს იცავდნენ, მაგრამ როდესაც 66-ე წუთზე წითელი ბარათი პოლ ემერიკმაც მიიღო და ბოჩინომ ჯარიმა გაიტანა, საბოლოოდ გატყდნენ. იტალიამ ორკაციანი უპირატესობა 77-ე წუთზე გამოიყენა - კრის ბარტონმა ლელო გაიტანა, თავადვე გარდასახა და “სკუადრა აძურას” 20 ქულით მოაგებინა.
დასრულდა წყნარი ოკეანის თასის წლევანდელი გათამაშებაც, რომელიც სამოას უკვე მოგებული ჰქონდა და ფიჯისა და ტონგას ჯახს მხოლოდ მეორეადგილოსანი უნდა გერკვია. ნოემბერში საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე ფიჯიმ, მეზობლებს 4 ლელო გაუტანა, 3 გარდასახვა გამოიყენა და ერთიც ჯარიმა მიითვალა. ტონგას ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო და 4 ჯარიმაა. ფიჯიმ 29:17 იმარჯვა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია