საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფის” ფინალში გასასვლელად, სადაც გუნდები 12 საუკეთესოში მოსახვედრი ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ, დღეს, ჯგუფის დასკვნით მატჩში ერთგვარი მცირე ფინალის ელის.
“ბორჯღალოსნებმა” და იაპონელებმა ორ-ორი თამაში მოიგეს და მათ შეხვედრაში უნდა გამოვლინდეს ის გუნდი, რომელიც ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, დამარცხებული კი, მხოლოდ სანუგეშო მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. გადამწყვეტი მატჩის წინ იაპონიას მცირედი უპირატესობა აქვს - ორივე მოგებულ თამაშში აიღო ოთხი და მეტი ლელოსთვის განკუთვნილი პრემიალური ქულა და 10 ქულით ჯგუფს ლიდერობს. საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ზიმბაბვესთან მიიღო ბონუსი, კანადას კი, სამი ლელო აკმარა და 9 ქულა ქვს. ამრიგად, იაპონელებს ქართველებთან ფრეც ყოფნით, მაგრამ გუნდების სიძლიერის და განვლილი თამაშების გათვალისწინებით, ფავორიტები იან სმიტის შეგირდები არიან.
შოტლანდიელი სპეციალისტის ხელში საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე კი არა, ტაიმიდამ ტაიმამდე უკეთეს რაგბს თამაშობს. კანადასთან მძიმე პირველი ნახევრის შემდეგ, რომელიც 19:17 მოვიგეთ, მეორე ტაიმში ნორჩმა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს, ორი უპასუხო ლელო გაუტანეს და 31:17 იმარჯვეს. პირველ მატჩში მედგრად მობურთალ ზიმბაბვესთან, ქართველ ახალგაზრდებს მხოლოდ 20 წუთი დაჭირდათ სიჩქარის ასაკრეფად და მერე მეტოქე 43:7 გაანადგურეს. სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხრივ, პრობლემა, რომელიც ტურნირამდე ამხანაგური მატჩების ნაკლებობით იყო გამოწვეული, ნელ-ნელა იხსნება და სმიტი იმედოვნებს, რომ ამჯერად ბიჭები დაგეგმილ გეზს პირველივე წუთებიდან მიყვებიან.
“ჩვენი საქმე ძალან მარტივადაა, უბრალოდ, კარგად უნდა დავხვეწოთ ის, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებთ. ჩვენი პრობლემა არასაკმარისი თამაშების რაოდენობაა. პირველივე თამაშიდან გაუმჯობესება გვეტყობა, მაგრამ ეს ის ადგილი არაა, სადაც თამაში უნდა დაიხვეწოს. იმედია, ფინალური მატჩისთვის ყველაფერის მაღალ დონეზე დახვეწა მოესწრება. ვფიქრობ, შემდეგ თამაშებს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ. ჩვენი დაცვა ძალიან კარგია და ეს გადამწყვეტია, ბიჭებს თავდაჯერებულობა ემატებათ. როდესაც ხვდები რა უნდა გააკეთო, დასახულ მიზანს იმაზე ადვილად აღწევ, ვიდრე თავიდან წარმოგედგინა”, - ამბობს სმიტი.
იაპონელების საქმე, მიუხედავად ორი პრემიალური ქულის აღებისა, ცოტა უფრო რთულადაა და მათი თავკაცი რუჯი ნაკტაკე გულის წუხილებს უჩივის. მისმა შეგირდებმა ორივე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს და გამარჯვებულებიც მხოლოდ რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ გახდა ცნობილი. ზიმბაბვეს იაპონიამ 39:36, ხოლო კანადას 38:35 სძლია და ამ ანგარიშებიდანაც ცხადი, რომ მათ დაცვაში უჭირთ.
“ვფიქრობ, წინა თამაშებმა მათ ბიჭებს ბევრი რამ ასწავლა. ასეთი დაძაბული მატჩებია კარგია მოთამაშეებისთვის, მაგრამ არა ჩემთვის - მწვრთნელისთვის. ეს ცუდია ჩემი გულისთვის” - თქვა მწვრთნელმა.
შერკინების მესამეხაზელი ჰაიატო ნიშიუჩი დაცვაში თამაშ უჩივის: “ბევრი უნდა ვიმუშაოთ დაცვაზე და კონტაქტზე. სხვა გუნდის მორაგბეები ფიზიკურად ჩვენზე დიდები არიან და კონტაქტში უფრო დაბლა უნდა შევიდეთ. მთელი მატჩის განმავლობაში, აუცილებელია 100 პროცენტით დავიხარჯოთ, არ მოვდუნდეთ და ყველაფერი კარგად იქნება”.
შეგახსენებთ, რომ შარშან, თბილისში გამართული “ალაფის” ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, საქართველოს ნაკრები სწორედ იაპონიას დაუპირისპირდა და მათი დაბალი ბოჭვების, აგრესიული დაცვის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. გაჭირდა სწრაფი იაპონელების შეტევების შეჩერება და მაშინ 14:29 დავმარცხდით. შედეგად, იაპონიამ ფინალში სამოას წინააღმდეგაც თავდადებულად ითამაშა და ბოლოში დაშვებული ელემენტარული შეცდომის გამო ლელო გაუშვა, 24:31 დამარცხდა და 12 საუკეთესო გუნდს შორის ვერ აღზევდა, საქართველომ კი, მესამე ადგილისთვის ურუგვაი დაძაბულ ბრძოლაში 20:15 დაამარცხა. იმედია, წელს რევანში აღება და ფინალში გასვლა მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს იაპონელთა წინააღმდეგ დისკვალიფიკაცია მოხდილი თამაზ მჭედლიძე დაუბრუნდება, ხოლო გიორგი ბიწაძე მხოლოდ დასკვნით მატჩში დაბრუნდება.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფინალში “ა” ჯგუფიდან მასპინძელი აშშ ითამაშებს, რომელმაც განვლილ ორ მატჩში უშუალო კონკურენტები, ტონგა (22:11) და ჩილე (54:25) დაამარცხა და დასკვნით ტურში აუტსაიდერს, უქულო რუსეთს ეთამაშება, რომელიც ჩილემ 53:19, ხოლო ტონგამ 62:7 გაანადგურა. ამერიკელთაგან გამორჩეული მორაგბე მედისონ ჰუგესია, რომელმაც ჩილესთან ჯამში გატანილი 54 ქულიდან 34 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. მან სამხრეთამერიკელებს სამი ლელო გაუტანა, ორი გარდასახვა გამოიყენა და ხუთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა, ეს კი, ნებისმიერ დონეზე უდიდესი მიღწევაა. ორი მატჩის ჯამში მისი მონაგარი 51 ქულას შეადგენს და საუკეთესო ბომბარდირია. ქართველი საბა ნიკოლავა ბომბარდირთა დავაში 25 ქულით მესამე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ კანადელს. საუკეთესო მელელოვეებში ჰუგესი და ტონგელი ჰოსეა საუმაკი ლიდერობენ (4-4 ლელო), ხოლო მესამე-მეოთხე ადგილს ჩვენებური ლევან გოგოლაშვილი კანადელ ტეილორ პარისესთან იყოფს (3-3) ლელო.
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი
კანადა - ზიმბაბვე
იაპონია - საქართველო (24:00 საათი თბილისის დროით)
1 | იაპონია | 2 | 2 | 0 | 0 | 77-71 | 10 |
2 | საქართველო | 2 | 2 | 0 | 0 | 74-24 | 9 |
3 | კანადა | 2 | 0 | 0 | 2 | 52-69 | 2 |
4 | ზიმბაბვე | 2 | 0 | 0 | 2 | 43-82 | 2 |
A ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი
ტონგა - ჩილე
აშშ - რუსეთი
1 | აშშ | 2 | 2 | 0 | 0 | 76-36 | 9 |
2 | ტონგა | 2 | 1 | 0 | 1 | 73-29 | 5 |
3 | ჩილე | 2 | 1 | 0 | 1 | 78-73 | 5 |
4 | რუსეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 26-115 | 0 |
30 ივნისი. ფინალები
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია