ამბები

12:15 | 27.06.2012 | ნანახია 5353 - ჯერ

ყველაფერი შარშანდელი სცენარით - იაპონიამ ფინალამდე არ მიგვიშვა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო თასის “ალაფაზე” ვერც ამჯერად გატეხა მამაცი იაპონიის ნაკრები და შარშანდელის მსგავსად, კვლავ ფინალს მიღმა დარჩა.
შედეგის მისაღწევად მხოლოდ თავგანწირული თამაში რომ არ კმარა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ნორჩ “ბორჯღალოსნებს” მონდომება არ აკლდათ, მეორე ნახევარში, ლამის სიცოცხლის ფასად, მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ჩამორჩენაც მნიშვნელოვნად შეამცირეს, მაგრამ აზიის ჩემპიონმა დროის უმეტესი ნაწილი თავგამეტებით დაიცვა თავი, ფიზიკურად ლამის ორჯერ უფრო დიდი ქართველების იერიშები ტრადიციული, კოჭებში ბოჭვებით შეაჩერა და ლელოების უმეტესობა (3) დასკვნით 5 წუთში გაუშვა, როდესაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.
იაპონელები ქართველებს არ ჩამოუვარდებოდნენ მონდომებაში და სწორი თამაშით, მეტოქის ფიზიკური უპირატესობა თითქმის უმეტესი სათამაშო დროის განმავლობაში გაანეიტრალეს. სამაგიეროდ, ისინი უფრო გამართულ რაგბს თამაშობდნენ, იღებდნენ სწორ გადაწყვეტილებებს, მაღალ დონეზე ასრულებდნენ და სისწრაფის ხარჯზე პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში იღებდნენ უპირატესობას. ეს ეხება რაქში თამაშსაც, სადაც ერთი შეხედვით ფიზიკურად ძლიერ ქართველებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ აზიელები უფრო სწრაფად მიდიოდნენ “დანიშნულების ადგილზე” და სანამ ქართველთა მძიმე ფორვარდები საქმეში ჩაერთვებოდნენ, ბურთი უკვე მოწინაამდეგის საკუთრება იყო.
საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო სათამაშო დისციპლინის შენარჩუნება და ძალიან ხშირად ჯარიმდებოდა, როგორც შეტევისას, ასევე დაცვაში. ძალიან ცუდი იყო “ბორჯღალოსანთა” დერეფანი და მეტოქემ თავისი მოწოდებების გარდა, ქართველთა რამდენიმე დერეფანიც უპრობლემოდ მოიგო. შედეგად, იაპონელები ფეხით ხშირად კიდებდნენ ჩვენი მორაგბეების ზურგს უკან და დერეფანში დომინირების ხარჯზე, ტერიტორიულ უპირატესობასაც პოულობდნენ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის, რომლის უმეტესმა დრომ საქართველოს ნახევარზე, იაპონელთა შეტევებში ჩაიარა. რაც მთავარია, აზიელებმა კარგად გამოიყენეს ეს უპირატესობა, შესვენებაზე გასვლისას 24-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (29:5) და მერე მისი შენარჩუნება აღარ გაუჭირდათ.
მატჩის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებს პირქარში მოუწია თამაში და ამან მეტოქეს გარკვეული უპირატესობა მისცა, თუმცა, დებიუტი ისეთი იყო, ყველა ჩვენგანს რომ გაუხარდა. იაპონელთა 22-ში მათივე შერკინების მოგების შემდეგ, ბურთი ლაშა ლომიძემ აიტაცა და წინ ათიოდე მეტრით წაიწია, ორი მოკლე დარტყმის შემდეგ, ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე ჩათამაშდა და ზურაბ ძნელაძემ ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დებიუტში 5:0 და ასეთი ფიზიკური უპირატესობა საუკეთესის იმედს იძლეოდა.
მაგრამ მერე ყველაფერი აირია. ერთმანეთის მიყოლებით ჩვენი თუ მეტოქის დერეფნების წაგების გარდა, ხშირი იყო ბურთის წინ ვარდნა, შედეგად, მასზე კონტროლი მეტოქემ დაამყარა და საქართველოს ნაკრები გამიდმებით დაცვაში თამაშობდა, იაპონია კი, უტევდა და ამას წარმატებულადაც აკეთებდა. მათ ჯარიმები კარში თითქმის არც ურტყიათ, ბურთი გვერდით ხაზს იქით გადაჰქონდათ, დერეფნის ბატონ-პატრონები იყვნენ და მერე ბურთსაც კარგად შლილდნენ. ასე მოხდა პირველი საპასუხო ლელოს დროს, როდესაც მათ აუტიდან ჯერ მოლი დააყენეს, მერე მარცხენა ფრთაზე გაშალეს იერიში, იქ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და საპასუხო ლელო მიითვალეს. მალე საქართველოს ნაკრები კარის გასწვრივ 27 მეტრში დაჯარიმდა, აზილებემა კარში დარტყმა ირჩიეს (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჯარიმა კარში დაარტყეს) და 8:5 დაწინაურდნენ.
ასე გაგრძელდა მთელი პირველი ტაიმი. საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა, იაპონელები ქარის დახმარებით ქართველთა 22-ში ბრუნდებოდნენ, მერე ჩვენს თუ თავის აუტს იგებდნენ, რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, სწრაფად შლიდნენ ბურთს და ლელოებიც ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა. 25-ე წუთისთვის “ბორჯღალოსნებს” სამო ლელო ჰქონდათ გაშვებული და 5:22 აგებდნენ, 30-ე წუთზე კი, რეფერის ამდენი ჯარიმა მობეზრდა და გოდერძი ჭინჭარაული გაასინბინა, რამაც ისედაც რთული სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. შესვენებამდე დარჩენილმა დრომ იაპონელთა იერიშებში, საქართველოს ნაკრების წითელ ზოლში ჩაიარა და ზედ უკანასკნელ წუთზე მეოთხედ გაიჭრა “ბორჯღალოსნების” დაცვის ხაზი. 5:29 - ასე დასრულდა პირველი ტაიმი და თამაშის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ მეორე ტაიმში შეიძლებოდა რამე შეცვლილიყო.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები სულ სხვა განწყობით გავიდა მოედანზე და ორიოდე წუთში კარგი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ცენტრის სიახლოვეს იაპონელთა ხაზი გაიჭრა, მეორე მცდელობით ქართველეთა იერიში უკვე მეტოქის 22-ში გაგრძელდა და ძნელაძემ, რომელიც თანაგუნდელს დროულად წამოეშველა, მეორე ლელო გაიტანა. ამას ზუსტი გარდასახვაც მოყვა და ქართველები თამაშის ხასიათზე მოვიდნენ. “ნორჩმა ბორჯღალოსნებმა” რამდენჯერმე დაიწყეს კარგი შეტევა, მაგრამ ყველა მცდელობა იაპონელთა 22-მეტრიან ხაზთან, ან საქართველოს ნაკრების დაჯარიმებით, ან ბურთის წინ დავარდნით სრულდებოდა, რაც მეტოქის დაცვაში აქტიური თამაშითაც იყო განპირობებული.
იმედი 67-ე წუთზე გაჩნდა, როდესაც ქართველებმა მეტოქის 22-თან დერეფანი მოიგეს და მოლით დიდი მანძილით წინ წაიწიეს, მერე თამაში რაქში გადავიდა, საიდანაც ელგუჯა სურგულაძემ მიიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანი გადაკვეთა, თამაზ მჭედლიძემ კი, გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 10 ქულამდე დავიდა. გადარჩენის იმედი გაჩნდა, მაგრამ ფინალში თამაშის ოცნება მეტოქემ 1 წუთში გაგვიბათილა. განახლდა თუ არა თამაში, იერიშებზე მოფიქრალი საქართველოს ნაკრების ხაზი იოლად გაიჭრა და ლელო ძელებსშუა გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა - 19:36.
“ბორჯღალოსნები” მაინც არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, იაპონელთა 22-ში მეტოქის შერკინების მოგების შემდეგ, დავით ხიდეშელმა აგრესიულად ჩამოიშორა სამი მცველი და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მჭედლიძემ გარდასახა. დრო ცოტა რჩებოდა და რამდენიმე ძვირფასი წუთი ჩვენს ნახევარზე დაიკარგა. მერე ნორჩმა ქართველებმა ჯანმრთელობის რისკის ფასად უტიეს მეტოქის ლელოს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ხიდეშელმა რაქიდან ბურთი იაპონიის ჩათვლის მოედანში შეიტანა. ამ ლელომ, რომელმაცპრაქტიკულად მატჩის ბედი ვერ შეცვალა, რადგან დრო უკვე ამოწურული იყო და მჭედლიძის გარდასახვის შემდეგაც 33:36 დავმარცხდით, იმხელა ენერგია წაიღო, რომ ორმა ქართველმა მორაგბემ ფეხზე ადგომაც ვერ მოახერხა და ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გარჯა დასაფასებელია.
იაპონიამ მესამე თამაშიც 3 ქულით მოიგო, მაგრამ სამივეჯერ შეძლო პრემიალური ქულის აღება და ჯგუფში პირველი ადგილი ქულათა მაქსიმუმით დაიკავა. აზიელები ზედიზედ მესამედ გავიდნენ ფინალში, სადაც წელს მათი მეტოქე მასპინძელი აშშ იქნება, რომელმაც ჯგუფში ასევე სამივე თამაში მოიგო, დასკვნით ტურში კი, რუსეთი 36:13 გაანადგურა. მესამედ (ზედიზედ მეორედ) ითამაშებს მესამე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები და მისი მეტოქე შარშან 12 საუკეთესოდან დაქვეითებული ტონგა იქნება, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩილე 41:14 გაანადგურა. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, კანადამ ზიმბაბვეს 66:45 აჯობა. კანადელები V ადგილისთვის ჩილეს ეთამაშებიან, ხოლო ზიმბაბვე და რუსეთი ტურნირის ნაბოლარას გაარკვევენ.

2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
B ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი

იაპონია - საქართველო 36:33 (29:5)
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გოდერძი ჭინჭარაული, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ვაჟა თაგაური, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. მინდია ელგუჯაური, 5. სანდრო ქოიავა, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. ბექა მამრიკიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 16. არჩილ ბეჟაშვილი, 17. დავით ხიდეშელი, 18. ვახტანგ ახობაძე, 19. გურამ შენგელია; 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გიორგი ბასილაია, 22. თამაზ მჭედლიძე.
5 ლელო: ძნელაძე (2), ელგუჯაური, ხიდეშელი (2)
4 გარდასახვა: ნიკოლავა, მჭედლიძე (3)
სინბინი: ჭინჭარაული
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია

კანადა - ზიმბაბვე 66:45
 

1  იაპონია 3 3 0 0 113-104 15
2 საქართველო 3 2 0 1 107-60 11
3 კანადა 3 1 0 2 118-114 7
4 ზიმბაბვე 3 0 0 3 88-148 3


A ჯგუფი
26 ივნისი. III რაუნდი

ტონგა - ჩილე 41:14
აშშ - რუსეთი 36:13
 

1  აშშ 3 3 0 0 112-49 14
2 ტონგა 3 2 0 1 114-43 10
3  ჩილე 3 1 0 2 92-114 5
4 რუსეთი 3 0 0 3 39-151 0


30 ივნისი.
VII ადგილისთვის

ზიმბაბვე - რუსეთი
V ადგილისთვის
კანადა - ჩილე
III ადგილისთვის
საქართველო - ტონგა
ფინალი
იაპონია - აშშ
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080077