ამბები

17:16 | 28.06.2012 | ნანახია 2812 - ჯერ

მოსკოვშიც ექსპერიმენტალური შემადგენლობით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, წლევანდელი ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპზეც ექსპერიმენტალური შემადგენლობით მიდის. ერთი თვის წინ ლიონში მე-8 ადგილზე გასული გუნდიდან, ამჯერად შემადგენლობაში არ არიან გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი), დიმიტრი გოგოლაძე (“აკადემია”, თბილისი), დავით ჩიტიძე (“არმია”, თბილისი) და მერაბ კვირიკაშვილი (“სენ ჟუნიენი”, საფრანგეთი).
საფრანგეთის მსგავსად, მოსკოვშიც მხოლოდ ერთი ლეგიონერი, ინგლისის “ჰართპულის” კოლეჯის გუნდში მოთამაშე სანდრო ნიჟარაძე იქნება. გარდა ამისა, კახა ალანიას რჩეულთა შორის მოხვდნენ ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი აფციაური, გიორგი აბრამიძე და რატი ნუცუბიძე. ზოგადად, წლევანდელ გრან პრიზე, რომელიც სამ ეტაპად იმართება, ქართველთა მიზანი 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის შენარჩუნებაა, ზოგადად კი, მწვრთნელები იმ შემადგენლობის ძიებაში არიან, რომლებიც ივლისში 2013 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ეცდებიან წარმატების მოპოვების.
“წლევანდელი ევროპული სერია ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელი ეტაპია. გვინდა, შესარჩევი ეტაპისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყაროთ თავი. ნაკრებში 5 ახალწვეულია. მოსკოვში ჩვენ მიზანს საკმაოდ ძლიერი ჯგუფიდან გასვლა წარმოადგენს” - განაცხადა ნაკრების მენეჯერმა გიორგი ასათიანმა.
საქართველოს ნაკრები მოსკოვში 28 ივნისს გაემგზავრა და ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელი რუსეთის გარდა მეტოქეებად ლიონის ეტაპის გამარჯვებული ინგლისი, საკმაოდ ძლიერი უელსი, ჰოლანდია და უკრაინა ეყოლება. მოსკოვში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის დროით 10:44 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს, 12:22 საათზე უკრაინას ეთამაშება, 15:28 საათზე ინგლისს, ხოლო 17:06 საათზე ჰოლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფურ ეტაპს “ბორჯღალოსნები” 1-ელ ივლისს, 10:44 საათზე რუსეთთან მატჩით დაასრულებენ და მერე ნახევარფინალების და ფინალების დრო დადგება.
მესამე, დასკვნითი ეტაპი 7-8 ივლისს დანიის ქალაქ ოდენსეში შედგება და ბოლო ორ ადგილზე გასული ნაკრები, მომავალ წელს ევროპის გრან პრიზე ქვედა დივიზიონის ორ საუკეთესო გუნდს დაუთმობს ადგილს. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი 20-21 ივლისს პორტუგალიაშია დანიშნული.   

საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოსკოვში: ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“არმია”, თბილისი), ირაკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ივა დავითაშვილი (“აკადემია”, თბილისი), ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალექსანდრე ნიჟარაძე (“ჰართპული”, ინგლისი), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი), გიორგი აფციაური (“არმია”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი XV”, ბათუმი), გიორგი აბრამიძე (“აია”, ქუთაისი), რატი ნუცუბიძე (“არმია”, თბილისი), დავით მაკაროვი (“აკადემია”, თბილისი).  
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
მეორე ეტაპი. 30 ივნისი-1 ივლისი. მოსკოვი (რუსეთი)
A ჯგუფი

ინგლისი
უელსი
რუსეთი
საქართველი
ჰოლანდია
უკრაინა

B ჯგუფი
პორტუგალია
ესპანეთი
შოტლანდია
საფრანგეთი
იტალია
გერმანია

მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ
1.    ინგლისი - 18
2.    პორტუგალია - 16
3.    ესპანეთი - 15
4.    უელსი - 14
5.    რუსეთი - 12
6.    შოტლანდია - 10
7.    საფრანგეთი - 8
8.    საქართველო - 6
9.    ჰოლანდია - 4
10.    იტალია - 3
11.    გერმანია - 2
12.    უკრაინა - 1
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078827