ამბები

11:42 | 30.06.2012 | ნანახია 1946 - ჯერ

მსაჯმა უელსთან არ მოგვაგებინა

მოსკოვში მიმდინარე 7-კაცა რაგბიში ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი უელსის წინააღმდეგ გამართა და დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც გარდასახვით 21:20 იგებდა. მაგრამ რეფერიმ, მე ჩემი დრო მაქვსო, მატჩი განაახლა და უელსმაც ხანგრძლივი იერიში ლელოთი დაასრულა.
უელსმა პირველი ლელო მატჩის დებიუტშივე გაიტანა, მე-3 წუთზე კი, მეორე ლელოც მიითვალა, მაგრამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა. მე-4 წუთზე ირაკლი გეგენავამ ითამაშა ძალიან კარგად და პირველი საპასუხო ლელო მიითვალა. მან საკუთარ 22-ში მიიღო ბურთი, ფლანგზე ორ მცველს გაექცა, დაზღვევაზე გადმოსულ უელსელს ცენტრის სიახლოვეს ფინტებით თავგზა აუბნია და 80 მეტრი ირბინა ჩათვლის მოედნამდე. ტაიმის ბოლოს ცენტრალური ხაზის სიახლოვეს უელსელებმა ფეხით ითამაშეს, ალექსი ტუჩაშვილს მეტოქემ სისწრაფეში აჯობა, რის გამოც მან ვარდნაში ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და ტაიმი 7:15 დასრულდა.
მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, მეტოქემ ცენტრის სიახლოვეს კიდევ ერთხელ გაჭრა ხაზი და ლელო ამჯერადაც ფლნაგზე გაიტანა, რის გამოც მეოთხე გარდასახვაც გაუფუჭდა - 7:20. შესვენების შემდეგ ორი წუთი იყო გასული, როცა გეგენავა ქართველთა ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში გაექცა მცველებს და მეტოქის 22-მდე ირბინა, მაგრამ მას მცველი წამოეწია. იერიში მარჯვენა ფლანგზე გაგრძელდა და გიორგი კალმახელიძე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, ბურთი რომ შეემაგრებინა და წინ არ დავარდნოდა.
მიუხედავად ამისა, შავლეგ მახარაშვილმა მეტოქის შერკინებიდან გამოტანილი ბურთის აღება მოახერხა, ცრუმოძრაობით ერთბაშად ორი უელსელი გააცურა და ლელო გაიტანა, ზუსტი გარდასახვით კი, ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა. საფინალო სასტვენამდე თითქმის 3 წუთი რჩებოდა და ქართველებმაც მაგრად მოინდომეს. მათ კიდევ ერთხელ მოიგეს მეტოქის შერკინებაში ბურთი, ჯერ მარცხენა ფლანგი მოსინჯეს, მერე კვლავ მარჯვნიდან შეუტიეს, კალმახელიძემ კონტაქტის შემდეგ მახარაშვილს უპასა და ლელო მარჯვენა ალამთან გავიდა. ურთულესი გარდასახვისას, შალვამ მაგრად მოინდომა და ბურთი ძელებსშუა გააძვრინა, რის შედეგადაც ანგარიში 21:20 გახდა და სტადიონზე საფინალო სიგნალიც გაისმა, მაგრამ რეფერიმ, მატჩი განაგრძეთო. უელსმა დაახლოებით 2 წუთი უტია და საბოლოოდ გამარჯვების ლელო გაიტანა - 21:25.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისის დროით 12:22 საათზე უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს, რომელიც რუსეთთან 0:24 დამარცხდა. მეორე ჯგუფში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - გერმანიამ შოტლანდია 24:19 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში საფრანგეთმა ესპანეთს 12:5 აჯობა.
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080973