საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპის მესამე მატჩში, ინგლისთან 7:47 განადგურდა.
მეტოქემ ანგარიში 30-ე წამზე სწრაფი შეტევის შემდეგ გახსნა. განახლდა თუ არა თამაში, ინგლისელებმა მეორე ლელოც მიითვალეს. მთელი პირველი ნახევარი მეტოქის იერიშებში წარიმართა და ერთადერთხელ შეძლეს ქართველებმა მეტოქის 22-ში შესვლა, მაგრამ მერე იქ ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევაზე მესამე ლელო მიიღეს, ტაიმის ბოლოს კი, ინგლისმა თავისი მეოთხე ლელო გაიტანა და 28:0 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი ქართველთა შეტევით დაიწყო, მერე ბურთი დაიკარგა, მაგრამ მეტოქის 5 მეტრში გიორგი აბრამიძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელოს ძელებსშუა გაიტანდა, მცველს აკრძალული ხერხით რომ არ შეეჩერებინა. ეს საჯარიმო ლელო იყო და შალვა მახარაშვილმა გარდასახვაც გაიტანა, თანაც, ინგლისი სინბინით დაისაჯა, მაგრამ კაცნაკლულმა ინგლისელებმა ლელო აქეთ გაგვიტანეს და სხვაობის შემცირების იმედიც გაქრა. მატჩის დამთავრებამდე მათ კიდევ ორი ლელო უპრობლემოდ მიითვალეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს.
დღის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 17:06 საათზე აუტსაიდერ ჰოლანდიასთან გამართავს, რომელსაც აქამდე ინგლისმა 33:14, რუსეთმა 36:0 და უკრაინამ 38:10 მოუგო. შეგახსენებთ, ინგლისელთა გარდა, ქართველები უელსთან 21:25 დამარცხდნენ, ხოლო უკრაინას 19:12 მოუგეს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ხვალ დილით რუსეთთან მატჩით დაასრულებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია