ამბები

19:51 | 30.06.2012 | ნანახია 1997 - ჯერ

ჰოლანდიამაც შეგვარცხვინა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან-პრის მეორე ეტაპის მეოთხე მატჩში, რომელიც ბოლო იყო პირველ სათამაშო დღეს, ჰოლანდიის ნაკრებთან 12:36 შერცხვა და დიდი ალბათობით, დასკვნით დღეს მხოლოდ IX-XII ადგილებისთვის თუ იბრძოლებენ.

ჰოლანდიელებთან თამაშის პირველ ნახევარში ქართველები მეტოქის ნახევარზე პრაქტიკულად არ გადასულან და ვერც საკუთარი ჩათვლის მოედანი დაიცვეს. მეტოქემ თავიდანვე შეგვიტია და 1:20 წუთი იყო გასული, როცა პირველი ლელო გაიტანა. განახლდა მატჩი და საქართველოს ნაკრებმა ბურთის საკუთარი 22-დან ატანა ვერ მოახერხა, ალექსი ტუჩაშვილმა ის საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა, ბურთის დაბრუნება მეტოქის 5-მეტრა შერკინებაში ვერ მოხერხდა და მეორე ლელო გავიდა. მე-4 და მე-5 წუთებზე ჰოლანდიელებმა კიდევ ორი იერიში დააგვირგვინეს ლელოთი და ტაიმი 22:0 მოიგეს.

კახა ალანიას შეგირდებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეტევა სცადეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევაზე მე-5 ლელო მიიღეს. ქართველთა მცდელობები ჰოლანდიის 22-ში ბურთის დაკარგვით სრულდებოდა, დრო კი, გადიოდა. ლელოს გატანის შესაძლებლობა ბექა ბიწაძეს ჰქონდა, როცა ჰოლანდიელმა ბურთი დაკარგა და მან ფეხით ითამაშა, მაგრამ ბოლოს მცველმა დაასწრო და ფეხითვე ბურთი კიდის მიღმა გაიტანა. 5-მეტრა შერკინებიდან ლელოს გატანა გიორგი კალმახელიძემ ძალისმიერ სტილში სცადა, მას ორი თანაგუნდელი წამოეშველა და ხაზი გადაიკვეთა, მაგრამ მსაჯმა ბურთის დამიწება ვერ დააფიქსირა.

შემდეგ ჯერზე იერიში მარცხენა ფრთაზე გაიშალა, სადაც ალექსანდრე ნიჟარაძე მცველებს გაექცა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მალე ივა დავითაშვილი გაიქცა მარჯვენა ფლანგზე და მეორე ლელო მიითვალა, ხოლო მახარაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა 17 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. საფინალო სასტვენამდე აღარაფერი რჩებოდა, ჰოლანდიამ კონტრშეტევაზე ერთი ლელოც მიითვალა და 36:12 იმარჯვა, რითაც საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჰოლანდიის ნაკრები წარმატებას თავადაც არ ელოდა და “ისტორიული გამარჯვების” შემდეგ გუნდმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

მთლიანობაში, მოსკოვის ეტაპის პირველ სათამაშო დღეს, ალანიას შეგირდებმა უელსისგან ხუთი ლელო მიიღეს და 25:21 დამარცხდნენ. აქ იყო ეპიზოდი, როდესაც საქართველო 21:20 დაწინაურდა, რადგან სამ ლელოს სამი ზუსტი გარდასახვა მიაყოლა, უელსმა კი, ვერცერთი ვერ გამოიყენა. დრო უკვე ამოწურული იყო, მაგრამ მსაჯმა უელსს შანსი მისცა, მათაც ამით ისარგებლეს და დაახლოებით ორწუთიანი შეტევა გამარჯვების მომტანი ლელოთი დააგვირგვინეს.

უკრაინასთან ქართველებს მძიმე ბრძოლა გადახდათ, მაგრამ მეტოქე მაინც გატეხეს და 19:12 იმარჯვეს, აი ინგლისთან კი, პრაქტიკულად უშანსოდ იყვნენ, კაცნაკლული მეტოქესგანაც ორი ლელო მიიღეს და 7:47 განადგურდნენ. ხვალ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები მასპინძელ რუსეთს ეთამაშება (თბილისის დროით 10:44 საათი) და მოგების შემთხვევაშიც კი, მათი ბედი სხვა მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. საუბარია ჯგუფში მე-3-მე-4 ადგილის დაკავებაზე, რომელიც შემდგომში, პლეი ოფში უკეთესი ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე საქართველო გატანილ-გაშვებული ქულებით -61 ბოლო ადგილზეა, -59 აქვს ჰოლანდიას, ხოლო უკრაინის ბალანსი -5-ია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის გრან პრი ეტაპებად ტარდება (წელს სამი ეტაპია) და თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით, გუნდებს ქულები ეწერებათ. ჯამში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი, მომავალ წელს ქვედა დივიზიონში დაქვეითდება. პირველი, ლიონის ეტაპი, საქართველომ მე-8 ადგილზე დაასრულა და 6 ქულა მიიღო.

2012 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
მეორე ეტაპი. 30 ივნისი-1 ივლისი. მოსკოვი (რუსეთი)
A ჯგუფი
30 ივნისი

რუსეთი - უკრაინა 24:0
უელსი - საქართველო 25:21
ინგლისი - ჰოლანდია 33:14
საქართველო - უკრაინა 19:12
რუსეთი - ჰოლანდია 36:0
ინგლისი - უელსი 35:12
ჰოლანდია - უკრაინა 10:38
ინგლისი - საქართველო 47:7
უელსი - რუსეთი 14:26
საქართველო - ჰოლანდია 12:36
უელსი - უკრაინა 19:17
ინგლისი - რუსეთი 19:14

 

1 ინგლისი 4 4 0 0 134-47 12
2 რუსეთი 4 3 0 1 100-33 10
3 უელსი 4 2 0 3 70-99 8
4 უკრაინა 4 1 0 3 67-72 6
5 ჰოლანდია   4 1 0 3 60-119 6
6 საქართველო 4 1 0 3 59-120 6


1 ივლისი
უელსი - ჰოლანდია
რუსეთი - საქართველო
ინგლისი - უკრაინა

B ჯგუფი
30 ივნისი

შოტლანდია - გერმანია 19:24
ესპანეთი - საფრანგეთი 5:12
პორტუგალია - იტალია 38:14
საფრანგეთი - გერმანია 45:5
შოტლანდია - იტალია 31:7
პორტუგალია - ესპანეთი 12:21
იტალია - გერმანია 5:14
პორტუგალია - საფრანგეთი 0:28
ესპანეთი - შოტლანდია 24:21
საფრანგეთი - იტალია 19:7
ესპანეთი - გერმანია 45:14
პორტუგალია - შოტლანდია 5:20

 

1  საფრანგეთი 4 4 0 0 104-17 12
2  ესპანეთი 4 3 0 1 95-59 10
3 შოტლანდია 4 2 0 2 91-60 8
4.  პორტუგალია 4 1 0 3 55-83 6
5 იტალია 4 1 0 3 43-102 6
6 გერმანია 4 1 0 3 57-124 6


1 ივლისი
ესპანეთი - იტალია
შოტლანდია - საფრანგეთი
პორტუგალია - გერმანია

1 ივლისი
ნახევარფინალები და ფინალები

მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ

1.    ინგლისი - 18
2.    პორტუგალია - 16
3.    ესპანეთი - 15
4.    უელსი - 14
5.    რუსეთი - 12
6.    შოტლანდია - 10
7.    საფრანგეთი - 8
8.    საქართველო - 6
9.    ჰოლანდია - 4
10.    იტალია - 3
11.    გერმანია - 2
12.    უკრაინა - 1

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076373