ამაღამ, თბილისის დროით ღამის 2 საათზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის “ალაფის” წლევანდელ გათამაშებაზე თავის უკანასკნელ, მესამე ადგილისთვის მატჩს გამართავს. ნორჩი “ბორჯღალოსნების” მოწინააღმდეგე ტონგას ნაკრები იქნება, რომელიც “ალაფაზე” შარშანდელი შედეგების მიხედვით დაქვეითდა.
იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა, რაც ძირითადად, ტრავმებითაა განპირობებული. უკანა ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა და 10 ნომრის პოზიციაზე, გოდერძი ჭინჭარაულის ნაცვლად, რომელმაც სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, თამაშს გიორგი ბასილაია იწყებს. შერკინების პირველ ხაზში, ვაჟა თაგაურისა და ზაზა ნავროზაშვილის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში დავით ხიდეშელი და ვახტანგ ახობაძე გამოჩნდნენ. მთლიანად შეიცვალა შერკინების მეორე ხაზი, სადაც მინდია ელგუჯაურისა და სანდრო ქოიავას ნაცვლად, გურამ შენგელია და გიორგი მჭედლიძე ითამაშებენ. ქოიავამ ამჯერად მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა (სადაც წინა მატჩში ლაშა ლომიძემ ითამაშა), ხოლო ბექა მამრიკიშვილი საბა ბერაძემ ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” პირველ მატჩში კანადა 31:17 დაამარცხეს, მერე ზიმბაბვეს 43:7 სძლიეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი კი, იაპონიასთან 33:36 დათმეს და მესამე ადგილისთვის, მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ ტონგას ეთამაშებიან. ტონგელებმა სადებიუტო შეხვედრა მასპინძელ აშშ-თან 11:22 წააგეს, მერე რუსეთი 62:7 გაანადგურეს, ჩილეს 41:14 მოუგეს და ფინალს მიღმა დარჩნენ, რადგან აშშ-მ სამივე თამაში მოიგო. მიუხედავად ამისა, ტონგა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მატჩის წინ, ნაკრების ხელმძღვანელობამ გუნდში არსებული მდგომარეობაზე ისაუბრა და მომავალი მოწინააღმდეგე შეაფასა.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ტონგას ნაკრები, ჩვენი აზრით, ტურნირის ყველაზე ძლიერი გუნდია. მქონდა საშუალება დავსწრებოდი ტონგელთა თამაშს ამერიკასთან და მათი მარცხი, ნამდვილად განპირობებული იყო აკლიმატიზაციის რთული პერიოდით, რომლის გამოც, ტონგას მოთამაშეები არ იყვნენ სათანადო ფორმაში.
ჩვენს ნაკრებში მრავლად არიან ტრავმირებულები და ბოლო წუთამდე ნაკრების ხელმძღვანელობას უჭირდა შემადგენლობის დასახელება. ხვალ ძალიან ცუდ დროს - შუადღეზე გვაქვს თამაში; სავარაუდოდ, ამ დროს 37-40 გრადუსი სიცხე იქნება.
რაც შეეხება იაპონიასთან განცდილ მარცხს, ბიჭებმა მიცემული დავალების შესრულება ვერ მოახერხეს, ხოლო იაპონელებმა ითამაშეს ის თამაში, რომელიც ჩვენ უნდა შეგვეთავაზებინა მოწინააღმდეგისთვის. ვინც ნახა თამაში, შეამჩნევდა, რომ დერეფანში არანაირ პრობლემას არ ვუქმნიდით მოწინააღმდეგეს. მიცემული ტექნიკური დავალება არ შესრულდა, რაც სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ფიზიკურ მზადყოფნასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი მენტალური მზადყოფნა. ყველა პრობლემა დანახულია, უკვე დაწყებულია მათ გამოსწორებაზე მუშაობა; მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს - ბევრად ძლიერი, ვიდრე შარშან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემადგენლობიდან, რამდენიმე მორაგბე აუცილებლად მოირგებს დიდი ნაკრების მაისურს.
გუშინ გუნდს არ უვარჯიშია - საშუალება მივეცით დაესვენათ, განტვირთვისთვის წავიყვანეთ ლუნა-პარკში და აკვაპარკში, რათა ბიჭებს ყურადღება სხვა რამეზეც გადაეტანათ.
რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, ძალიან ბევრი ხარვეზებია და არ შეედრება საქართველოში შარშან ჩატარებულ “ალაფას”. ჩვენთვის ყველაზე გადამწყვეტი მატჩის წინ, გუნდმა ელემენტარულად კაპიტნის ვარჯიშის სრულფასოვნად ჩატარებაც ვერ მოახერხა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენი ავტობუსი შეცდომით გადაამისამართეს ამერიკის ნაკრებთან. ჩვენებს მოუწიათ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან არსებულ პატარა სპორტულ მოედანზე ვარჯიში. სხვა გუნდებსაც ხშირად ექმნებათ მსგავსი პრობლემები”.
ლადო კილასონია (საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “იაპონიასთან მარცხმა, მართალია, გული დაგვწყვიტა, მაგრამ ამასთანავე, კარგი გაკვეთილიც გამოდგა, გუნდმა და მწვერთნელებმა ხელახლა გადავხედეთ საკუთარ სათამაშო სქემას, გავაანალიზეთ რა იყო კარგი და რა არის გამოსასწორებელი. გუნდში ნორმალური, ანუ, როგორც ჩვენთან საქართველოში იტყვიან, “საბძოლო” განწყობაა. ბიჭები მოუთმენლად ელოდებიან თამაშს, რადგან ყველას გვინდა ტურნირი ისეთი თამაშით დავასრულოთ, როგორსაც ვთამაშობდით იაპონიამდე და ყველას, პირველ რიგში კი, საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია კარგი რაგბის თამაში - გამართულის, დაბალანსირებულის (შერკინებასა და ხაზს შორის), სანახაობრივს და შედეგიანის.
ტრავმები არის. აქედან გამომდინარე, გუნდში რამდენიმე ცვლილებაა, ვერ თამაშობს ჩვენი რვა ნომერი ლაშა ლომიძე, რომელსაც მუხლი აწუხებს, მის ადგილს სანდრო ქოიავა დაიკავებს, ქოიავას კი, მეორე ხაზში გიორგი მჭედლიშვილი შეცვლის. არ არის ძირითადში მინდია ელგუჯაური, მის ნაცვლად, მეორე ხაზში გურამ შენგელია იქნება, ასევე სათადარიგოთა სკამზეა ბექა მამრიკიშვილი, მის პოზიციაზე კი, თამაშს საბა ბერაძე იწყებს, ჭინჭარაულის ნაცვად, 10 ნომრად გიორგი ბასილაიაა. აი, მთელი გადანაცვლებები.
რაც შეეხება ტონგას, ძალიან კარგი გუნდია, მოძრავი, ლაღი, აგრესიული, სწრაფი. ინდივიდუალურად ძალიან მაგარი მოთამაშეები ჰყავთ, გავრისკავ და ვიტყვი, რომ საუკეთესო ამ ტურნირზე, მაგრამ როგორც ყველა ასეთ გუნდს, გუნდური თამაში ცოტა უჭირს (ეს ხომ ზღვისპირული სენია). ტონგლებს აქამდე არავისთან არ შეუსრულბიათ საკუთარი საბრძოლო ცეკვა “ჰაკა”, ტონგურად - “სიპიტაუ”. აი, ჩვენს წინააღმდეგ კი აპირებენ: “რადგან თქვენ ერთადერთი გუნდი ხართ, რომელიც სერიოზულ მეტოქედ მიგვაჩნია ამ ტურნირზე”, - გვითხრეს ტონგელებმა გუშინ.
შეიძლება ამ სიტყვებს ვიღაცები არ დაეთანხმონ, მაგრამ აშკარაა, რომ ტონგელები ჩვენთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადებიან. მზად ვართ ჩვენც, დანარჩენი კი ბურთის, მოედნის და ხვალინდელი დღის ამბავია”.
საქართველოს ნაკრები ტონგას წინააღმდეგ: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გურამ შენგელია, 5. გიორგი მჭედლიძე, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. საბა ბერაძე, 8. სანდრო ქოიავა.
სათადარიგოები: 16. ვაჟა თაგაური, 17. ზაზა ნავროზაშვილი, 18. მინდია ელგუჯაური, 19. ბექა მამრიკიშვილი; 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გოდერძი ჭინჭარაული, 22. თამაზ მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
VII ადგილისთვის
ზიმბაბვე - რუსეთი
V ადგილისთვის
კანადა - ჩილე
III ადგილისთვის
საქართველო - ტონგა
ფინალი
იაპონია - აშშ
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია