საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით მატჩში, ტონგას ბოლო წუთებისთვის 12 ქულას უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 29:31 დამარცხდა.
თუ არ ჩავთვლით ამ ბოლო წუთებს, “ნორჩმა ბორჯღალოსნებმა” სოლტ ლეიკ სიტიში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, ნაკლებად უშვებდნენ შეცდომებს ხელით თამაშსა და დერეფანში, დროის უმეტესი ნაწილი ბურთს აკონტროლებდნენ და უმეტესად მეტოქის 22-ში თამაშობდნენ. 75 წუთში, ამ უპირატესობამ 12-ქულიანი უპირატესობა მოგვიტანა, მაგრამ მერე, როცა მოედანზე კაცნაკლულნი დავრჩით, მეტოქემ 2 საპასუხო ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და შედეგად, საქართველომ შარშან, თბილისში დაკავებულ მე-3 ადგილზე უარესი - მე-4 ადგილი დაიკავა.
ტონგელები ქართველთა წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებით ემზადებოდნენ და ამ ტურნირზე მხოლოდ მე-3 ადგილისთვის გასამართი მატჩის წინ შეასრულეს ტრადიციული საბრძოლო ცეკვა “სიპი ტაუ”, უკვე მე-5 წუთზე კი, კარის გასწვრივ დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმით ანგარიში გახსნეს.
ამის შემდეგ ინიციატივა საქართველოს ნაკრების ხელში გადავიდა. მეტოქის 22-ში, მოლით, რამდენიმე მეტრის მოგების შემდეგ, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა, გიგა გაგოშვილმა ლევან გოგოლაშვილს კიდევ უფრო მარცხნივ აღარ უპასა, ვერც თავად მოახერხა სივრცის გამოყენება, პირდაპირ წავიდა მცველზე და ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით ერთ მეტრში შებოჭეს. ამას რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა და ხაზიც დიდი მანძილით გადაიკვეთა, მაგრამ რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა.
შერკინების შემდეგ კუნძულელებმა სიტუაცია თითქო განმუხტეს, მაგრამ 22-ის ხაზთან მოგებულ დერეფანს ტონგას დაჯარიმება მოჰყვა, საბა ნიკოლავამ წონასწორობის აღდგენა სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
მე-20 წუთზე, მეტოქის 22-ში, როდესაც ჯარიმის უპირატესობა მივიღეთ, მერაბ შარიქაძემ ფეხით შეაცურა ბურთი, მაგრამ გოგოლაშვილს მცველმა დაასწრო. სამაგიეროდ, ნიკოლავას ამჯერად მიზანმა არ უმტყუნა და წონასწორობა აღადგინა.
30-ე წუთზე, გოგოლაშვილმა თავის ნახევარზე აიღო გადაკიდებული ბურთი, ჯერ გან-გან იარა, მერე ფეხით გადაჰკიდა და მეტოქე დაჯარიმება აიძულა. ამას დერეფანი, მოკლე დარტყმებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა მოყვა, ბოლოს რაქიდან ბურთი გიორგი თეთრაშვილმა აიტაცა და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა, ნიკოლავამ კი, გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
35-ე წუთზე, ტონგას ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ამით დამრტყმელმა ვერ ისარგებლა.
დარჩენილმა ხუთმა წუთმა კვლავ “ბორჯღალოსნების” იერიშებში ჩაიარა და ძალისმიერი შეტევების ხარჯზე, ორჯერ შეგვეძლო მეორე ლელოს გატანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ტაიმი 10:3 დასრულდა.
სცენარი ასეთი იყო, ტონგა ქართველთა 22-ში პრაქტიკულად ვერ შედიოდა, საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში გადაწყვეტილებების მიღებისას სცოდავდა, ან უბრალოდ, მეტოქე თავს წარმატებით იცავდა და ძალისმიერი საშუალებებით ლელოს არ გვადებინებდა.
მე-2 ტაიმი ტონგელთა იერიშებით დაიწყო. მათ ორჯერ დაჰკარგეს ბურთი, მაგრამ მისი შორს მოგერიება ვერ მოხერხდა. შედეგად, 44-ე წუთზე მეტოქემ ხაზი გაჭრა და ძელებსშუა ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვით ანგარიში გათანაბრდა.
განახლდა თუ არა თამაში, საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა, კარგად გაშალა შეტევა, მასში პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ბოლოსკენ ჯერ გიორგი ბასილაიამ გაჭრა ხაზი და ჩათვლის მოედანს 5-6 მეტრამდე მიუახლოვდა, მერე შარიქაძე ჩაერთო საქმეში და ტონგას სწრაფი ლელოთი უპასუხა, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვით 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.
50-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის 22-ის ხაზთან კარგი მოლი დააყენა და 10-12 მეტრით წინ წაიწია. როცა მეტოქე დაჯარიმდა, ბურთი აუტში გავიდა, ასე მოხდა მეორე ჯარიმის დროსაც, მერე კარგი მოლი დადგა და 54-ე წუთზე ლელო დავით ხიდეშელმა გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
12-ქულიანი უპირატესობა სამიოდე წუთში ხუთამდე დავიდა. ტონგამ ორჯერ სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოახერხა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 22:17.
შემდეგ ისევ ქართველებმა შეუტიეს და ზურაბ ძნელაძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, ხოლო გაგოშვილმა ჩათვლის მოედანში შეაღწია, მაგრამ რეფერიმ ლელო არ ჩათვალა. 5-მეტრა შერკინებიდან დაწყებულ იერიშს კვლავ ლელო მოჰყვა, მაგრამ ამჯერად, რეფერიმ ბლოკისთვის დაგვაჯარიმა.
საქართველოს ნაკრებმა მე-4 ლელო 62-ე წუთზე გაიტანა. ტონგამ საკუთარ 22-თან, დერეფანში დაჰკარგა ბურთი, ის ხიდეშელმა აიტაცა, ჩათვლის მოედანს ერთ მეტრამდე მიუახლოვდა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო თამაზ მჭედლიძემ დადო, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 29:17.
ახლა უკვე ტონგამ შეუტია და 72-ე წუთზე, ხშირი დაჯარიმებების შედეგად, რეფერიმ თეთრაშვილი გაასინბინა. კაცნაკლულმა ქართველებმა თავიდან კარგად დაიცვეს თავი, როდესაც ბურთი გაიშალა, მოიერიშე გვერდით ხაზს იქით გადადენეს, მაგრამ საკუთარ დერეფანში ბურთი დაჰკარგეს, რასაც ჯერ ლელო და შემდეგ გარდასახვა მოჰყვა. ორიოდ წუთში, ქართველთა 22-ის ხაზთან, მარჯვენა ფლანგზე გაიქცა მეტოქე და ლელო ძელებსშუა გაიტანა, გარდასახვაც უპრობლემოდ შესრულდა და ტონგამ პრაქტიკულად წაგებული თამაში შემოატრიალა.
ფინალში მასპინძელმა აშშ-მ იაპონიას 37:33 სძლია და გაისად უძლიერეს 12 გუნდს შორის ითამაშებს, ხოლო იაპონია ზედიზედ მესამედ დამარცხდა გადამწყვეტ მატჩში. V ადგილი ჩილეს დარჩა, რომელმაც კანადას 43:31 აჯობა, ხოლო ზიმბაბვემ რუსეთი 22:10 დაამარცხა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ამერიკელი მედისონ ჰუგესი გახდა, 72 ქულით, საბა ნიკოლავამ კი, 36 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
საუკეთესო მელელოვე ტონგელი ჰოსეა საუმაკია (7 ლელო), ქართველთაგან კი, 3-3 ლელო ზურაბ ძნელაძემ, ლევან გოგოლაშვილმა და და დავით ხიდეშელმა მიითვალეს.
2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფა” 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
III ადგილისთვის
საქართველო - ტონგა 29:31 (10:3)
საქართველო: 15. საბა ნიკოლავა, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გურამ შენგელია, 5. გიორგი მჭედლიძე, 6. ელგუჯა სურგულაძე, 7. საბა ბერაძე, 8. სანდრო ქოიავა.
სათადარიგოები: 16. ვაჟა თაგაური, 17. ზაზა ნავროზაშვილი, 18. მინდია ელგუჯაური, 19. ბექა მამრიკიშვილი; 20. გიორგი მისრიაშვილი, 21. გოდერძი ჭინჭარაული, 22. თამაზ მჭედლიძე.
4 ლელო: თეთრაშვილი, შარიქაძე, ხიდეშელი, მჭედლიძე
3 გარდასახვა: ნიკოლავა
1 ჯარიმა: ნიკოლავა
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
VII ადგილისთვის
ზიმბაბვე - რუსეთი 22:10
V ადგილისთვის
კანადა - ჩილე 31:43
ფინალი
იაპონია - აშშ 33:37
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია