საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, მოსკოვში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-2 ეტაპზე, ბოლოსწინა, მე-11 ადგილი დაიკავა. დასკვნით შეხვედრაში ქართველებმა ის ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 12:36 წააგეს.
სჯობდა, ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ასე გუშინ გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ახლა ძველ ნაცნობთან ურთიერთობის გარკვევა მე-11 ადგილისთვის მოგვიხდა.
თამაში ქართველი მორაგბეების აქტიურობით დაიწყო. 38-ე წუთზე, ალექსი ტუჩაშვილმა შერკინებიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, შალვა მახრაშვილმა გარდასახვა გამოიყენა. განახლდა თუ არა თამაში, მარჯვენა ფლანგზე ალექსანდრე ნიჟარაძე გაიქცა და ლელომდე 5 მეტრი რჩებოდა, როდესაც ჰოლანდიელმა ტრავმის ფასად აუტში გადაიყვანა.
ტუჩაშვილმა მეტოქეს საკუთარი 22-დან ბურთის გატანა არ დააცადა და ახლა ის გადაიყვანა აუტში. დერეფნის მოგების შემდეგ, ბურთი ჯერ მარცხნივ ჩათამაშდა, მერე მარჯვნივ დაბრუნდა, ტუჩაშვილმა მბოჭავი ჩამოიცილა და მე-2 ლელო მიითვალა, ხოლო მახარაშვილმა უფრი რთული მდგომარეობიდან, კვლავ ზუსტად გარდასახა.
ტაიმის დასკვნითმა ნაწილმა ჰოლანდიელთა აქტიურობით ჩაიარა და მათ ერთი საპასუხო ლელო გაიტანეს - 14:5.
დაიწყო მე-2 ტაიმი და ტუჩაშვილი ერთხელაც გაექცა მცველებს. მან მე-3 ლელო მიითვალა, მაგრამ ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.
საფინალო სასტვენამდე ორ წუთამდე რჩებოდა, როდესაც ჰოლანდიამ ჩამორჩენა შეამცირა და მათ ლელოს მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ამან მეტოქეს, რომელიც 9 ქულას აგებდა, შეტევაში წასვლა აიძულა. სისწრაფეში, მათ შეცდომა დაუშვეს, დავით მაკაროვმა გადაცემა ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში - 24:10 დააფიქსირა.
მე-11 ადგილის დაკავებით, საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში ორ ქულას მიიღებს და ჯამში 8 გაუხდება. ის მე-8 ადგილს შეინარჩუნებს და 7-8 ივლისს დანიაში, ოდენსეს ეტაპზე ითამაშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია