როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ალაფაზე მესამე ადგილისთვის მატჩი ტონგელ თანატოლებთან დაძაბულ ბრძოლაში 29:31 დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგეზე უკეთ ითამაშეს და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სოლიდური სხვაობით იგებდნენ, მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს, რასაც მოედნიდან ჩვენი მორაგბის გაძევებაც დაემატა. შედეგად, კლასით უფრო მაღალ დონეზე მდგარმა ტონგელებმა ორქულიანი სხვაობით იმარჯვეს და მესამე ადგილი დაიკავეს.
ალაფა მასპინძელმა აშშ-მ მოიგო და მომავალ წელს 12-გუნდა მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნამატჩევს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ტონგელთა საკმაოდ ძლიერ გუნდზე უკეთ ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ასეთ მოწინააღმდეგესთან კაცნაკლულები დავრჩით, რასაც კლასში სხვაობა და დაღლილობაც დაემატა. შეცდომები დავუშვით, რაც მათჩის საბოლოო შედეგზე აისახა.
მარცხის მიუხედავად, ვთვლი რომ კარგი ნაკრები გვყავს. შარშანდელთან შედარებით, გუნდმა უკეთესი თამაში აჩვენა. სამწვრთნელო შტაბის – იან სმიტის, ლადო კილასონიას და ირაკლი ჭყონიას მუშაობით კმაყოფილი ვარ. სამუშაო ბევრი გვაქვს და შეცდომების გამოსწორება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ.
როგორც მესამე ადგილისთვის მატჩის, ისე ტურნირის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.
ყოველთვის ვცდილობ მსაჯობაზე კომენტარისაგან თავი შევიკავო, თუმცა, ამჯერად ვიტყვი, რომ მსაჯობა მთელ ტურნირზე იმდენად ცუდი იყო, რომ მატჩის შედეგზე დიდ გავლენას ახდენდა. ვთვლი, რომ ფინალში იაპონელები უფრო იმსახურებდნენ გამარჯვებას. ვფიქრობ, ირბ-ში მსაჯობასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა უნდა დაიწყოს. ასეთი მიდგომით რაგბი ვერ განვითარდება.
3 ივლისს გამთენიისას ნაკრები თბილისში ბრუნდება, მე კი 5 ივლისს დანიაში ფირას კონგრესზე მივდივარ, რის შემდეგაც პრეს-კონფერენციას ჩავატარებ და ეროვნული ნაკრების – ჩრდილოამერიკულ ტურნეზე და 20-წლამდელთა გუნდის მსოლფიო ალაფაზე გამოსვლაზე ვისაუბრებ. ასევე, შევხვდებით გულშემატკივრებს და მათთან ერთად, ამ თამაშების პერიპეტიებს განვიხილავთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია