საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე, ოდენსეს ეტაპზე თავისი მეორე მატჩი გამართა - უკრაინა 5:0 დაამარცხა და თასის მეოთხედფინალში თამაშის შანსი შეინარჩუნა.
ქართველებს დაწინაურება პირველივე წუთზე შეეძლოთ, როდესაც დავით ჩიტიძემ ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მეტოქე გადააყირავა და მარჯვენა გვერდითი ხაზის სიახლოვეს ჩათვლის მოედნისკენ დაიძრე, მაგრამ ათიოდე მეტრი რომ რჩებოდა მზღვეველმა აუტზე გადაიყვანა. კახა ალანიას შეგირდებმა მე-6 წუთზე ლელო გაიტანეს, მაგრამ დამხმარე მსაჯმა, თედო ზიბზიბაძეს დამიწებამდე ბურთი წინ დაუვარდაო, და ტაიმი 0:0 დასრულდა.
საქმე იქით მიდიოდა, რომ თამაში 7-კაცასთვის ამ არადამახასიათებელი შედეგით დასრულდებოდა, მაგრამ მე-10 წუთზე ლაშა ხმალაძემ ითამაშა კარგად. მან ორჯერ, ჯერ საკუთარ ნახევარზე, მერე ცენტრის სიახლოვეს, ცრუმოძრაობებით უკრაინელებს თავგზა აუბნია და ხაზი გაჭრა. შედეგად, მარჯვენა ფლანგზე ზიბზიბაძე ბურთიანად ლელოსკენ დაიძრა, ჩათვლის მოედნამდე 5-მეტრში ის აუტში გადაიყვანეს, მაგრამ ბურთის თამაშში დატოვება მოასწრო. გიორგი კალმახელიძე ამას არ ელოდა და სანამ სიტუაციაში გაერკვეოდა, შებოჭეს, მაგრამ მოასწრო და ბექა ბიწაძეს პასი გაუკეთა, მან კი, ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:0. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი დრო გაიყვანა და როცა მატჩის დამთავრების მაუწყებელი სიგნალი გაისმა, ბურთი აუტში მოიგერია.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 19:34 საათზე ბელგიასთან დაიწყებს, რომელიც უკრაინასთან 0:5, ხოლო რუსეთთან 12:31 დამარცხდა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი რუსეთთან 0:12 დათმო.
საქართველოს ნაკრები ოდენსეს ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ივანე დავითაშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, გიორგი კაჭარავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია