28 თებერვალს „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ ამერიკული ტურნეს მესამე მატჩი გამართეს. ჩვენი 20-წლამდელები მონტევიდეოში, მასპინძელ „ტერიტოსს“ (ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრები) შეხვდნენ და დასკვნით 20 წუთში ქულა-ქულაში მიმავალი მატჩში 19:21 დათმეს.
„საწყისი 15 წუთი ისე წავრმართეთ, რომ მეტოქეს შანსს არ ვუტოვებდით, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს მატჩი ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ. შეცდომები მომრავლდა დასკვნით ფაზაში, როდესაც თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. რა თქმა უნდა წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ტურნე მორაგბეების გამოცდას ემსახურება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, კიდევ ერთხელ ვნახოთ ისინი საქმეში და უკვე ტურნირის წინა შეკრებისთვის, გარკვეული დასკვნების გაკეთება შევძლოთ.
დასაწყისში სისტემამ იმუშავა, შემდეგ შეცდომებმა იჩინა თავი და რაღაც კომპონენტებში თამაში მოიშალა. იყო ინდივიდუალური შეცდომები გადაწყვეტილების მიღების მომენტებში. ბოლოსკენ მეტოქის ზეწოლაზე გამკლავება გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, თამაშში დაბრუნება შევძელით და როგორც ზემოთ ავღნიშნე, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და ამ დროს დაშვებულმა პატარ-პატარა შეცდომებმა საბოლოო შედეგი გამოიწვია.
ცალკეული კომპონენტები, რომ გამოვყოთ, შერკინებამ სტატიკაში ძალიან კარგად იმუშავა - მეტოქე ბევრჯერ დავაჯარიმეთ. ამ მხრივ არგენტინასთანაც ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დერეფნებში თავდაჯერებულნი არ ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ხაზმაც კარგად იმუშავა, მაგრამ აქაც გადაწყვეტილებების მიმღებმა მოთამაშეებმა საჭირო მომენტებში ვერ იყოჩაღეს. დაშვებული ტექნიკური და ტაქტიკური შეცდოემბის ხარჯზე, დღევადელი თამაში დავთმეთ“ - განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ილი მაისურაძემ.
მატჩი საუცხოოდ დავიწყეთ. დებიუტშივე ბურთს დავეუფლეთ და ხაზზე გავიტანეთ, ხელდახელ მეტოქის ნახევარზე გადავედით, სადაც სანდრო ილურიძემ იყოჩაღა და მატჩის პირველი ლელო დადო. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ ზუსტად შეასრულა -7:0. ქართველთა იერიშები გაგრძელდა, შერკინებამ კარგად იმუშავა, თავიდან დერეფანშიც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მერე დაცვაშიც დავჯარიმდით და მეტოქემაც პირველი ქულები მიითვალა - 7:3.
მე-20 წუთზე მეორე ლელო გავიტანეთ - მასპინძლებს აგრესიული დაცვით უკან დავახევინეთ, მეტოქეს ბურთი გავაგდებინეთ და ცენტრში შერკინება დაინიშნა. ურუგვაელები დაჯარიმდნენ და გოგოლაძემ ბურთი აუტში კარგად გადაიტანა. არასწორი აგდებისთვის დავჯარიმდით, ურუგვაელებმა შეკინება მოითხოვეს და ბურთი დიდი გაჭირვებით გაიტანეს, მაგრამ ის საკუთარ ლელოში დაუვარდათ და მას ლაშა საჯაია დაახტა. გოგოლაძე კვლავ ზუსტი იყო - 14:3. 8 წუთში მასპინძლებმა შეტევისას ბურთი ფეიხით შეიგორეს და დაეუფლნენ, გაათამაშეს და თავიანთი პირველი ლელო დადეს, რომელსაც გარდასახვაც მიაყოლეს - 14:10.
მასპინძლებმა იერიშები განაგრძეს და რაქში ჯარიმისთვის მსაჯმა სინ ბინში ჩვენი ფულბეკი - მირიან მოდებაძე გაუშვა. „ტერიტოსმა“ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. პირველი ნახევრის დასრულებამდე მსაჯმა ყვითელი ბარათი კიდევ ერთხელ ამოიღო, რომელიც თორნიკე მატარაძეს მხრით ბოჭვისთვის უჩვენა და გარკვეული დროით მოედანზე ცამეტნი დავრჩით.
მეორე ტაიმი „ტერიტოსის“ შეტევებით დაიწყო. ისარგებლეს რა ფულბეკის სინბინით, არც სიღრმეში ერიდებოდნენ დარტყმებს, თუმცა მათ იერიშებს კარგად ვიგერიებდით. საათის თავზე ურუგვაიმ ჯარიმა გაიტანა და ურუგვაი პირველად დაწინაურდა. 71-ე წუთზე გელა აფრასიძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში ჩაკიდა და ის დავით მესხმა დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ქართველები 19:16 დაწინაურდნენ, მაგრამ სიხარული მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდა. სამწუხაროდ, მასპინძელთა ფაზური შეტევა ლელოთი დასრულდა და მიუხედავად მცდელობებისა, მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა - 21:19 ურუგვაის სასარგებლოდ.
ამრიგად, ტურნეს სამი მატჩი მიილია. პირველ ორ შეხვედრაში არგენტინელმა 20-წლამდელებმა 36:17 და 49:11 იმარჯვეს, ხოლო მესამე ჯახი ურუგვაელმა ახალგაზრდება 2 ქულით მოიგეს. წინ სერიის მე-4 მატჩია, რომელშიც „უმცროსი ბორჯღალოსნები“ კვლავ „ტერიტოსს“, ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებს ერკინება. შეხვედრა 4 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია