პორტუგალიის ნაკრები 7-კაცა რაგბიში ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და მათთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მუდამ ცუდ დღეში ვარდება. მიუხედავად ამისა, ოდენსეში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-3 ეტაპის მეოთხედფინალის წინ იყო იმედი, რომ შედარებით ძლიერი შემადგენლობით მობურთალი “ბორჯღალოსნები” მას ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მაგრამ...
სათამაშო დროის უმეტესმა პერიოდმა საქართველოს ნაკრების ნახევარზე ჩაიარა. კახა ალანიას შეგირდები პორტუგალიის ჩათვლის მოედანს 40 მეტრზე მეტად პრაქტიკულად ვერც მიუახლოვდნენ. ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა და ქართველებს მხოლოდ დაცვაზე უწევდათ ზრუნვა, შედეგად, მეტოქემ პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანა და ტაიმი 19:0 მოიგო.
მე-2 ტაიმში ქართველთა დაცვა უკეთ გაისარჯა და ლელო მთელი 7 წუთის განმავლობაში არ გაუშვია. როცა დრო უკვე ამოწურული იყო, “ბორჯღალოსნებმა” საკუთარი 22-დან სცადეს ხელდახელ შეტევა, მაგრამ ბურთი დაკარგეს და მე-4 ლელო მიიღეს - 0:24.
V-VIII ადგილების ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე იქნება შოტლანდია (მატჩი, თბილისის დროით 16:14 საათზე დაიწყება), რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე გრან პრის ლიდერი ინგლისი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ მეოთხედფინალში უელსთან 14:31 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ოდენსეს ეტაპზე ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ბექა ბიწაძე, მერაბ შარიქაძე, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ივანე დავითაშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, თედო ზიბზიბაძე, შალვა მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, გიორგი კაჭარავა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია