ამბები

17:17 | 8.07.2012 | ნანახია 2157 - ჯერ

7-კაცამ შოტლანდია წააქცია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ოდენსეში მიმდინარე ევროპის გრან პრის მე-3 ეტაპზე, V-VIII ადგილებისათვის გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში, შოტლანდია 21:19 დაამარცხა და V ადგილისთვის ითამაშებს.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, თავისზე ძლიერ გუნდთან საქართველოს ნაკრებმა კარგი, თამამი რაგბი აჩვენა. კახა ალანიას შეგირდები კარგად იცავდნენ თავს, არც შეტევაში წასვლას უფრთხოდნენ და ამან შედეგიც მოიტანა. მართალია, პირველი ლელო შოტლანდიელებმა გაიტანეს, როდესაც მარცხენა ფლანგზე მეტოქე თედო ზიბზიბაძეს გაექცა და გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ ამის შემდეგ, მთელმა ორმა წუთმა ქართველთა შეტევებში ჩაიარა, ლაშა ხმალაძემ ცრუმოძრაობით, ვითომ პასს აკეთებდა, სქოთთა დაცვა დააბნია, დაცვის ხაზში არსებული ხვრელით ისარგებლა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, შალვა მახარაშვილმა კი, წონასწორობა აღადგინა.
განახლდა თამაში და ქართველებს კიდევ ერთხელ დაუსხლტათ შოტლანდიელი და მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა კვლავ ლელოთი დასრულდა, მაგრამ ამჯერად, გარდასახვა არაზუსტი იყო.
ამას, კვლავ საქართველოს ნაკრების გააქტიურება მოჰყვა და ტაიმის ბოლოს გიორგი კალმახელიძე გაიქცა ფლანგზე, მაგრამ ბურთზე კონტროლი დაჰკარგა და ის წინ დაუვარდა.
ტაიმი 7:12 დასრულდა, მაგრამ ქართველთა თამაში წარმატების იმედს იძლეოდა და მე-2 ტაიმი მათი შეტევებით დაიწყო.
თამაშის განახლებიდან 15 წამი იყო გასული, როცა აქტიური გიორგი ფრუიძე ორ მცველს შორის გაიჭრა, მაგრამ უკნიდან ბოჭვისას ბურთი დაუვარდა. მიუხედავად ამისა, ალანიას შეგირდებმა მჭიდრო დაცვით მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ასვლის საშუალება არ მისცეს, ბოლოს კი, ისინი დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრები სწრაფად ათამაშებდა ბურთს, მეტოქე რაქში ჯარიმდებოდა, ეს მსაჯს მობეზრდა და რადგან მცველები უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, მე-9 წუთზე შოტლანდიელი გაასინბინა.
5 მეტრიდან გათამაშებული ჯარიმისას ლელო უნდა გასულიყო, ზიბზიბაძის გარღვევის შემდეგ ხმალაძე ცარიელ კუთხეში გადიოდა, მაგრამ პასი ვერ დაიმორჩილა. სამაგიეროდ, სქოთებმა ბურთის ფეხით შორს გატანა ვერ მოახერხეს, მერაბ შარიქაძემ მარჯვენა ფლანგზე ითამაშა კარგად, მერე შეტევა მარცხნიდან გაგრძელდა, რიცხობრივმა მეტობამ სივრცეები გამოაჩინა და ზიბზიბაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო მახარაშვილმა გარდასახვა გამოიყენა - 14:12.
საქართველოს ნაკრები მცირედით დაწინაურდა და საჭირო იყო, სანამ მეტოქე კაცნაკლული გახლდათ, ეს უპირატესობა უფრო გაზრდილიყო.
საფინალო სასტვენამდე 2,5 წუთი რჩებოდა, როცა ფრუიძემ ითამაშა კარგად, მარჯვენა ფლანგზე თავის გარშემო 4 მორაგბე შემოიკრიბა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და ზიბზიბაძემ, მცველის მცდელობის მიუხედავად, ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო მახარაშვილმა უმნიშვნელოვანესი გარდასახვა რთული პოზიციიდან ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა.
შოტლანდიელებმა გააფთრებით შეუტიეს, თავიდან საქართველოს ნაკრები ცენტრალური ხაზის სიახლოვეს კარგად იცავდა თავს, მაგრამ მერე მეტოქე სამ ქართველს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა მიითვალა, ხუთიოდე წამში გარდასახვაც გავიდა და რადგან საფინალო სასტვენამდე წამები რჩებოდა, მატჩიც უცბადვე განახლდა. ქართველები ჯერ წესივრად დალაგებულიც არ იყვნენ და შოტლანდიამ 2-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად ბოლო შეტევის უფლება მიიღო. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც მსაჯმა ფრუიძე განზრახ დაჯარიმებისთვის გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულმა საქართველომ დიდი თავდადების ხარჯზე, ბოლო შეტევა, გაჭირვებით, მაგრამ წარმატებით მოიგერია და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმა.
ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაგროვილი ქულებით საქართველოს ნაკრები 12 მოწინავე გუნდს შორის ბოლო ორ ადგილზე არ აღმოჩნდება და მომავალ წელსაც ევროპის გრან პრიზე ითამაშებს. მანამდე, მას 20-21 ივლისს, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ელის ლისაბონში, სადაც წარმატების მისაღწევად ხუთეულში მოხვედრა იქნება საჭირო.
დღეს კი, თბილისის დროით, 20:00 საათზე, V ადგილისთვის ინგლისს ეთამაშება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში რუსეთი 28:21 დაამარცხა.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08477